გვესაუბრება საქართველოს ჩოგბურთის ფედერაციის პრეზიდენტი ალექსანდრე მეტრეველი:
- არასდროს მითქვამს, რომ დევისის თასის ევრო-აფრიკული პირველი ზონიდან დაქვეითებული დანიის ნაკრები სუსტი გუნდია. პირიქით, მის შემადგენლობაში გამოდის წყვილებში
ჩვენთვის მოულოდნელი იყო ქართველ ჩოგბურთელ ვაჟთა ლიდერ ნიკოლოზ ბასილაშვილის მარცხი ურეიტინგო კრისტიან სისგაარდთან. მართალია, ნიკას კარგა ხანია, ფეხის ტრავმა აწუხებს, თუმცა წაგების მიზეზად მას ეს ერთხელაც არ უხსენებია. რაც შეეძლო გააკეთა, მაგრამ იმ დღეს ფორტუნა დანიელის მხარეს იყო. ბასილაშვილის მარცხით ჩვენთვის დანიასთან მატჩი, ფაქტობრივად, დამთავრდა.
- კი მაგრამ, 0:5 წაგება?
- მესმის, რომ გულშემატკივრები ამგვარი შედეგით უკმაყოფილონი არიან, მაგრამ მას შემდეგ, რაც ანგარიში გახდა 3:0 სტუმრების სასარგებლოდ, ვფიქრობ, გუნდის კაპიტანმა სწორი გადაწყვეტილება მიიღო - უკვე უმოტივაციო ორ პაექრობაში ახალბედებს მისცა მნიშვნელოვან საერთაშორისო ტურნირში მონაწილეობის შანსი.
- ზაფხულში ზიმბაბვეს ვუმასპინძლებთ...
- დიახ, 15-17 ივლისს. ჩვენ შვიდი წელიწადი მე-3 ზონაში ვიყავით და შარშან ავინაცვლეთ ერთი საფეხურით. როგორც გითხარით, წლეულს პირველ ზონაში გადასვლის პრეტენზიაც გვქონდა, მაგრამ, სამწუხაროდ, სურვილი და შესაძლებლობები ყოველთვის არ ემთხვევა ერთმანეთს; გამართლებაც არის.
ახლა, მთავარია, ზიმბაბვეს ვაჯობოთ და ზონაში ადგილი შევინარჩუნოთ, შემდეგ კი უფრო დიდ მიზნებზე ვიფიქრებთ. მით უმეტეს, ახალგაზრდული გუნდი გვყავს. გაუთვალისწინებელი თუ არაფერი მოხდა, ზიმბაბველებსაც იმავე შემადგენლობით დავხვდებით.
- ამბობენ, ნაკრების წევრები ქომაგებით უკმაყოფილონი არიანო...
- მსგავსი არაფერი ყოფილა. სამი დღის განმავლობაში ბიჭებს გვერდიდან არ მოვშორებივარ. მათ საყვედური არც დასცდენიათ. პირიქით, პირველ დღეს საკმაოდ ბევრი გულშემატკივარი მოვიდა საქომაგოდ.
მესამე დღეს გადამწყვეტი ორთაბრძოლები რომ ყოფილიყო, დარწმუნებული ვარ, ახალი სპორტის სასახლე პირთამდე აივსებოდა. ზიმბაბვესთან პაექრობისას ისევ ჩვენი გულშემატკივრების იმედი გვაქვს.
- თბილისური მარცხი ბასილაშვილის საოლიმპიადე სამზადისზე ხომ არ იმოქმედებს?
- დევისის თასის მატჩების შედეგები რეიტინგზე ზეგავლენას ვერ მოახდენს. ამდენად, ნიკას საოლიმპიადე მზადების გეგმებიც არ შეიცვლება. მთავარია, მან ტრავმა დროულად მოიშუშოს. მართალია, მოულოდნელობებისგან დაზღვეულები არ ვართ, მაგრამ მჯერა, რომ ბასილაშვილი მიზანს მიაღწევს.
* * *
ნიკოლოზ ბასილაშვილი გუშინ ჩინურ ჟუნაიში, ჩოგბურთელ ვაჟთა ჩელენჯერტურნირში (საპრიზო ფონდი 50.000 დოლარი) ჩაება, მაგრამ პირველსავე წრეში მასპინძელ იან ბაისთან დამარცხდა - 4:6, 6:7.ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"