ინდიან უელსი: ასეთი რაფაელ ნადალი მოგვწონს

AutoSharing Option
ინდიან უელსის "მასტერსის" მთავარი მოულოდნელობა დავიდ გოფენი გახდა. ბელგიელს არასოდეს ჰქონია "დიდი სლემის" მეოთხედფინალი და ერთადერთხელ იყო ნამყოფი ამავე ეტაპზე "მასტერსის" სერიის ტურნირებზე. აქ კი ერთბაშად ნახევარფინალამდე მიაღია, სადაც მილოშ რაონიჩს ხვდებოდა.

გოფენს ერთხელ დამარცხებული ჰყავდა კანადელი, მაგრამ პირველ სეტში რაონიჩი ბრწყინვალედ აწვდიდა, ექვსი ეისი შეასრულა და მხოლოდ სამი ქულა დათმო პირველ მოწოდებაზე. ბელგიელს საპასუხო ბრეიკის მხოლოდ ერთი შანსი ჰქონდა, როცა 2:4-ზე ბრეიკ-პოინტი მოიპოვა, მაგრამ რაონიჩმა გადალახა ეს რთული მომენტი და სეტი 6:3 მოიგო.

მაგრამ, მეორე სეტში თამაში შეიცვალა. მილოშს
მოწოდება აღარ მისდიოდა, უკანა ხაზზე თამაშისას კი გოფენს უპირატესობა ჰქონდა. გარდა ამისა, ბელგიელმა გადამწყვეტ ბურთებზე შესაშური სტაბილურობა გამოიჩინა - ორი ბრეიკ-პოინტის შანსი ჰქონდა და ორივე გამოიყენა- 6:3.

მესამე სეტიც იგივე ანგარიშით დასრულდა, მაგრამ, ახლა უკვე კანადელმა მოიპოვა ინიციატივა და 3:0 წაიყვანა ანგარიში. გოფენს მეტოქის მოწოდებებზე შანსი აღარ ჰქონია - მთელი სეტის განმავლობაში, ბელგიელმა მიღებაზე მხოლოდ ექვსი ქულა აიღო.

* * *
რა თქმა უნდა, გაცილებით დიდ ინტერესს იწვევდა ნოვაკ ჯოკოვიჩისა და რაფაელ ნადალის ნახევარფინალი. სერბმა ბოლო 10 მატჩიდან ცხრა მოუგო ესპანელს და პირველად ამ დაპირისპირების ისტორიაში წინ გავიდა - 24:23. მათი ბოლო შეხვედრა სეზონის დასაწყისში, დოჰაში შედგა და ნოვაკმა 6:1, 6:2 გაანადგურა რაფაელი.

თუმცა, ამჯერად, სერბის ასეთ უპირატესობას აღარავინ ელოდა, რადგან მეოთხედფინალში ჯოკოვიჩმა ვერ გვანახა თავისი საუკეთესო თამაში და ორი ტაი-ბრეიკის მოგებით გაიარა ცონგას ბარიერი, ნადალმა კი საკმაოდ კარგი თამაში აჩვენა ნიშიკორის წინააღმდეგ. ამიტომაც, ჯოკოვიჩსა და ნადალს შორის რიგით 48-ე შეხვედრაში ყველა ბრძოლას ვარაუდობდა.

ეს ვარაუდი უკვე პირველივე გათამაშებამ დაადასტურა - ის 24 დარტყმისგან შედგებოდა. შეხვედრის სტარტზე ნადალმა დაანახა ყველას, რომ შეუძლია მსოფლიოს პირველ ჩოგანთან ბრძოლა. მან პირველმა გააკეთა ბრეიკი, როცა მეტოქისგან ძალიან კარგი საჩუქარი მიიღო ორი ორმაგი შეცდომის სახით. თუმცა სერბმა მომდევნო გეიმში აღადგინა თანაფარდობა, ხოლო 3:3-ზე წინ გასვლის ყველა შანსი ჰქონდა, მაგრამ ორმაგი ბრეიკ-პოინტი ვერ გამოიყენა.

უნდა აღინიშნოს, რომ პუბლიკა, ძირითადად, ესპანელის მხარეს იყო. სეტის შუაში ჯოკოვიჩს აშკარა უპირატესობა ჰქონდა, მაგრამ რაფა უძლებდა და თავის შანსს ელოდა, რომელიც 5:4-ზე გაჩნდა. ნადალმა კარგი შეტევა განახორციელა და სეტბოლი მიიღო. მაგრამ ჯოკოვიჩმა შემდეგ გათამაშებაში გამოასწორა სიტუაცია.

ტაი-ბრეიკი რაფასთვის ცუდად დაიწყო - 1:4 ჩამორჩა, მაგრამ ბრძოლა გააგრძელა და ზედიზედ სამი ქულა აიღო. 5:5-ზე ჯოვაკს კარგი მოწოდება გამოუვიდა, ხოლო სეტბოლზე ნადალი შეცდა ხანგრძლივი გათამაშების დროს.

საინტერესოა, რომ ესპანელი ყველა მაჩვენებლით უკეთესი იყო: მეტი ეისი, ნაკლები ორმაგი, პირველი მოწოდების უფრო მაღალი პროცენტი, ნაკლები შეცდომა, უფრო ზუსტი თამაში ბადესთან, ხოლო "ვინერსების" რაოდენობა თანაბარი იყო. ნოვაკმა წარმატებას უკანა ხაზზე უფრო სტაბილური თამაშით მიაღწია.

მეორე სეტიდან მოყოლებული, ნადალმა აშკარად მოუკლო თამაშს. 2:3-ზე რაფაელმა რამდენიმე არააუცილებელი შეცდომა დაუშვა და მოწოდება დათმო. მომენტალურად, ჯოკოვიჩმა ზედიზედ შვიდი ქულა მოიგო და სამმაგი მატჩბოლი მოიპოვა.

ნადალმა სამივეს მოგერიება მოახერხა, შემდეგ კიდევ ორჯერ გააკეთა ეს, მაგრამ მეექვსე მატჩბოლზე ჯოკოვიჩმა უკანა ხაზზე დასვა ბურთი და მეტოქეს შეცდომა დააშვებინა - 7:6(5), 6:2 მოქმედი ჩემპიონის სასარგებლოდ. ნებისმიერ შემთხვევაში, ნადალი ქებას იმსახურებს, რადგან პირველად დიდი ხნის განმავლობაში, ესპანელმა ბრძოლა მოახვია თავს სერბს.

ქალები
1/2 ფინალი
სერენა უილიამსი (აშშ, 1)-აგნიეშკა რადვანსკა (პოლ, 3) 6:4, 7:6(1); ვიქტორია აზარენკა (ბლრ, 13)-კაროლინა პლიშკოვა (ჩეხ, 18) 7:6(1), 1:6, 6:2.

კაცები
1/4 ფინალი
ნოვაკ ჯოკოვიჩი (სერ, 1)-ჟო-ვილფრიდ ცონგა (საფ, 7) 7:6(2), 7:6(2); რაფაელ ნადალი (ესპ, 4)-კეი ნიშიკორი (იაპ, 5) 6:4, 6:3; დავიდ გოფენი (ბელ, 15)-მარინ ჩილიჩი (ხორ, 10) 7:6(4), 6:2; მილოშ რაონიჩი (კან, 12)-გაელ მონფილსი (საფ, 13) 7:5, 6:3.

1/2 ფინალი
ნოვაკ ჯოკოვიჩი (სერ, 1)-რაფაელ ნადალი (ესპ, 4) 7:6(5), 6:2; მილოშ რაონიჩი (კან, 12)-დავიდ გოფენი (ბელ, 15) 6:3, 3:6, 6:3.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული