ქალების ერთეულთა ტურნირში წარმატებული სტარტის შემდეგ, 6 აპრილს, შაფათავა რებეკა სრამკოვასთან (სლოვაკეთი) ორ სეტში დამარცხდა - 3:6, 0:6.
წყვილებში რუს ოლგა დოროშინასთან შეამხანაგებულმა ქართველმა ჩოგბურთელმა მეოთხედფინალში მასპინძლებს - სახონოზა ხატამოვას და გიუსელ იუსუპოვას აჯობა - 6:1, 6:0. ნახევარფინალში ქართულ-რუსული დუეტი ჩრდილოელ მეზობლებს, ასპარეზობის რეიტინგფავორიტებს - ქსენია ლუკინასა და პოლინა მონოვას შეუტევს. რუსებმა გუშინ თანამემამულეები - ანასტასია კომაროვა და იანა სიზიკოვა ჩამოიშორეს გზიდან -
მეორე ნახევარფინალში ითამაშებენ: მიხაელა ჰონკოვა (სლოვაკეთი), ვერონიკა კაპშაი (უკრაინა)-ნათელა ძალამიძე, ვერონიკა კუდერმეტიევა (ორივე - რუსეთი).
ვაჟთა ტურნირში ზედიზედ ორი გამარჯვება იზეიმა ალექსანდრე მეტრეველმა: სტარტზე მასპინძელი შონიქმატჯონ შოფაიზიევი დაჯაბნა - 7:6, 6:3, მეორე წრეში კი ვიტალი კოზიუკოვს (რუსეთი) მოუგო - 6:3, 6:4.
ქართველი ჩოგბურთელი მეოთხედფინალში ბელორუს ილია ივაშკასთან გაარკვევს ურთიერთობას. ამ უკანასკნელმა მიხაილ ლედოვსკიხი გაისტუმრა მაყურებლებში - 3:6, 6:0, 6:4.
საგულისხმოა, რომ ივაშკა და მეტრეველი წყვილებში ერთად ასპარეზობდნენ. სტარტზე მათ ფიოდორ ჩერვიაკოვსა (რუსეთი) და დენის ევსეევს (ყაზახეთი) მოუგეს - 4:6, 6:1, 10:5, მაგრამ გუშინ ბელგიური ბარიერი ვერ გადალახეს - მეორე ნომრად განთესილ სანდერ ჟილესა და იორან ვლიეგენთან დათმეს პაექრობა - 2:6, 1:6.
* * *
ეგვიპტური შარმ ალ შეიხის ქალთა ტურნირში (საპრიზო ფონდი 10.000 დოლარი) თამაშობს მე-4 ნომრად განთესილი მარიამ ბოლქვაძე. გუშინ მან იტალიელ კლაუდია ფრანცეს აჯობა - 6:2, 6:4. მერვედფინალშიც მეტოქედ იტალიელი ეყოლება, ისიც კლაუდია, ოღონდ გვარად კრეშენცი, რომელმაც რუს სოფია გოლუბოვსკაიას გადაუღობა გზა 3:6, 6:0, 6:4.
მარიამს გუშინ წყვილებში არ უთამაშია. პირველ წრეში ვიქტორია მუნტეანთან (საფრანგეთი) მიღწეული წარმატების შემდეგ იგი მეოთხედფინალში მეორე ნომრად განთესილ ნასტია კოლარისა (სლოვენია) და კრისტინა შაკოვეცის (გერმანია) ტანდემს გაუწევს მეტოქეობას.
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"