სოფიო შაფათავა სტამბოლში იგებს, ანა შანიძე - ანტალიაში

AutoSharing Option
12 აპრილს, თბილისელმა სოფიო შაფათავამ წარმატებით აიღო სტარტი სტამბოლის ჩოგბურთელ ქალთა საერთაშორისო ტურნირში (საპრიზო ფონდი 50.000 დოლარი).

ერთეულების პირველ წრეში ჩვენებური იოლად გაუსწორდა მასპინძელ სელინ ოვუნკის - 6:2, 6:1. მომდევნო შეხვედრას შაფათავა ბულგარელ იზაბელა შინიკოვასთან გამართავს. ამ უკანასკნელმა გუშინ ანპარეზობის რეიტინგფავორიტი სუ-ვეი ჰსიენი (ტაივანი) ჩამოიშორა გზიდან - 6:3, 6:3.

წყვილებში შაფათავა უკრაინელ ანასტასია ვასილიევასთან არის შეამხანაგებული და განთესვით მე-2 ნომერი აქვს. ქართულ-უკრაინულმა დუეტმა გუშინ კორნელია ლისტერი (შვედეთი) და ანკიტა რაინა (ინდოეთი) დაამარცხა - 6:2, 6:3.

მეოთხედფინალში ნიგინა აბდურაიმოვა (უზბეკეთი)-ბარბორა სტეფანოვას
(ჩეხეთი) და მარტინა კარეგარო (იტალია)-რეკა ლუკა იანის (უნგრეთი) ტანდემებს შორის უძლიერესთან გაარკვევს ურთიერთობას.

* * *
შესანიშნავად თამაშობს ახალგაზრდა ანა შანიძე თურქულ ანტალიაში. ქალთა 10.000-იანი ტურნირის საკვალიფიკაციო ეტაპზე მან ზედიზედ დაამარცხა ოდულ ოკური (თურქეთი, 6:1, 6:0), ელიზა ვანლანგენდონსკი (ბელგია, 5:7, 6:0, 7:6) და ძირითად ბადეში თამაშის უფლება მოიპოვა, სადაც პირველ წრეში ასევე კვალიფიკაციიდან აღზევებულ ლიზა-მარი მაეჩკეს (გერმანია) გაუწევს მეტოქეობას.

წარმატების შემთხვევაში დანიელა ვუკოვიჩს (შვეიცარი) დაუპირისპირდება. ამ უკანასკნელმა გუშინ მე-3 ნომრად განთესილი სილვია ჟირიჩი (ხორვატია) გაისტუმრა ტრიბუნებზე - 6:0, 6:3

ქართველმა ჩოგბურთელმა წყვილებში ნახევარფინალს უწია: რუს ანასტასია გასანოვასთან ერთად ანამ სტარტზე კორეელებს - იუ ინ ანსა და სოიეონ პარკს მოუგო - 6:0, 4:6, 10:3.

ქართულ-რუსული დუეტი მეოთხედფინალში სიმონა იონესკუს (რუმინეთი) და კერენ შლომის (ისრაელი) მძლეველთ (7:5, 6:0) - მესამე ნომრად განთესილ დიანა ნეგრეანუსა (რუმინეთი) და ანა სლოვაკოვას (ჩეხეთი) უნდა შეხვედროდა, მაგრამ ამ წყვილმა თამაშზე უარი თქვა, რამაც შანიძე და გასანოვა ნახევარფინალში გაიყვანა.

* * *
უზბეკურ ბუხარაში ვაჟთა 25.000-იან ტურნირში მონაწილეობს ალექსანდრე მეტრეველი. პირველ წრეში მან რუსი დენის მაცუკევიჩი დაჯაბნა - 6:0, 6:4.

მერვედფინალში მეორე ნომრად განთესილ თბილისელ ჩოგბურთელს მეტოქეობას მასპინძელი ხუმოვუნ სულტანოვი გაუწევს. უზბეკმა გუშინ დაძაბულ პაექრობაში ვასკო მლადენოვს (ბულგარეთი) დააყრევინა ფარ-ხმალი - 4:6, 6:1, 7:6.

* * *
ნიკოლოზ ბასილაშვილი ამჟამად ამერიკაში იმყოფება და სარასოტას ჩელენჯერტურნირში (საპრიზო ფონდი 100.000 დოლარი) ჩაება, მაგრამ გუშინ სტარტზე გუიდო ანდრეოცისთან შეხვედრისას პირველ სეტს 1:4-ს აგებდა, თამაშის გაგრძელება რომ ვერ შეძლო.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული