ბარსელონა: ცხრაგზის ნადალი

AutoSharing Option
რაფაელ ნადალი ბარსელონას ტურნირზე ყოველთვის დომინირებდა. 2005-2013 წლებში, ესპანელმა რვაჯერ მოიგო ტიტული, გამონაკლისი აღმოჩნდა მხოლოდ 2010 წელი, როცა ნადალმა მონაწილეობა ვერ მიიღო დაღლილობის გამო.

რაფას შთამბეჭდავი 42-მატჩიანი მოგებათა სერია 2014 წელს შეწყდა, როცა ის თანამემამულე ნიკოლას ალმაგრომ დაამარცხა მეოთხედფინალში. ერთი წლის შემდეგ, რაფას მორიგი იმედგაცრუება ელოდა, როცა მესამე წრეში დამარცხდა ფაბიო ფონინისთან.

წელს, ნადალის მეცხრე ტრიუმფისთვის ყველა წინაპირობა არსებობდა - ესპანელი ბარსელონაში მონტე კარლოს "მასტერსის" გამარჯვებულის რანგში ჩავიდა, საკუთარი ძალები ირწმუნა, რაც ასე არ ჰყოფნიდა ბოლო ორი სეზონი.

მართლაც, რაფამ
ფინალამდე ისე მიაღწია, რომ ერთი სეტიც არ წააგო. ერთადერთი რთული მომენტი ფონინისთან მატჩში ჰქონდა, როცა იტალიელს ორი ქულა აკლდა მეორე სეტის მოგებამდე, მაგრამ საჭირო მომენტში რაფაელმა მოუმატა და ზედმეტი გართულება აირიდა თავიდან.

ბოლო ორ წელიწადში ბარსელონაში ტიტულს კეი ნიშიკორი იგებდა და იაპონელმა ამჯერgდაც გააღწია ფინალამდე. გადამწყვეტმა მატჩმა გაამართლა მაყურებელთა მოლოდინი. იაპონელი ფავორიტი არ იყო, მაგრამ ბევრი პრობლემა შეუქმნა მასპინძელს.

მაგალითად, მას უფრო მეტი ბრეიკ-პოინტი ჰქონდა (13 12-ის წინააღმდეგ), მაგრამ რეალიზაციაში მოიკოჭლებდა. სწორედ ეს გახდა პირველი სეტის წაგების მიზეზი. იაპონელმა რვიდან შვიდი ასეთი შანსი ვერ გამოიყენა, ნადალმა კი - ორიდან ორი.

მეორე სეტში რაფამ თავიდანვე წააგო საკუთარი მოწოდება, მაგრამ გააძლიერა თამაში და ზედიზედ ოთხი გეიმი აიღო - 4:1. ამას მოყვა ნიშიკორის პასუხი და ანგარიშის გათანაბრება, თუმცა წინ გასვლის რეალური შანსები აღარ მიუღია, პირიქით, 4:5-ზე ორი სეტბოლის მოგერიება მოუწია. თუმცა ეს ვერ მოახერხა მე-12 გეიმში და ორსაათიანი ბრძოლის შემდეგ დამარცხდა - 4:6, 5:7.

რაფაელმა მეცხრედ მოიგო ბარსელონას ტურნირი. უფრო მნიშვნელოვანია 49-ე ტიტული გრუნტზე, რითაც ის აბსოლუტურ რეკორდსმენს გილერმო ვილასს გაუთანაბრდა. შემდეგ ტურნირს ნადალი მადრიდში ითამაშებს - ეს იქნება "მასტერსი", რომელიც ერთი კვირის შემდეგ დაიწყება.

ფინალი
რაფაელ ნადალი (ესპ, 1)-კეი ნიშიკორი (იაპ, 2) 6:4, 7:5.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული