ალექსანდრე მეტრეველი ჩიმკენტის ტურნირში წინ მიიწევს

AutoSharing Option
თბილისელი ალექსანდრე მეტრეველი წარმატებით განაგრძობს ასპარეზობას ჩიმკენტის ჩოგბურთელ ვაჟთა საერთაშორისო ტურნირში (საპრიზო ფონდი 25.000 დოლარი).

28 აპრილს, ერთეულების მეოთხედფინალში მესამე ნომრად განთესილმა ჩვენებურმა დაძაბულ პაექრობაში ბელორუსი ანდრეი ვასილევსკი დაამარცხა - 7:5, 6:4 და ნახევარფინალში გავიდა, სადაც განთესვით მეორე ნომერ არტიომ სმირნოვს (უკრაინა) დაუპირისპირდება. ამ უკანასკნელმა მარკოს კალოველონისი (რუსეთი) ჩამოიშორა გზიდან.

მეორე ნახევარფინალში ასპარეზობის რეიტინგფავორიტი დმიტრი პოპკო (ყაზახეთი) და მიკი იანკოვიჩი (სერბეთი) გაარკვევენ ერთმანეთთან ურთიერთობას.

წყვილებში მეტრეველი კალოველონისთან ერთად პირველ ნომრად არის განთესილი. გუშინ ქართულ-რუსულმა დუეტმა ტიმურ ხაბიბულინი და დმიტრი პოპკო
(ორივე - ყაზახეთი) დაამარცხა - 7:5, 7:6.

ფინალში მათ მიკი იანკოვიჩი (სერბეთი) და ანდრე ვასილევსკი (ბელორუსი) ეყოლებათ მეტოქედ, რომლებმაც ნახევარფინალში ალექს მოლჩანი (სლოვაკეთი) და ნინო სერდარუსიჩი (ხორვატია) დაჯაბნეს - 4:6, 6:3, 14:12.

* * *
ჩიმკენტშივე, ქალთა 10.000-იან ტურნირში ასპარეზობდა სოფიო ქვაცაბაია, რომელმაც პირველი ბარიერი წარმატებით გადალახა. მერვედფინალში კომოლა შარიპოვასთან (უზბეკეთი) პაექრობისას პირველი სეტი 4:6 დათმო, მეორე ხელს 1:2-ს რომ აგებდა, ორთაბრძოლის გაგრძელება ვერ შეძლო.

ეტყობა, ტრავმა მნიშვნელოვანია, რადგან წყვილთა ნახევარფინალში საბინა შარიპოვასთან (უზბეკეთი) ერთად ანასტასია ფროლოვასა (რუსეთი) და კამილა კერიმბაიევასთან (ყაზახეთი) სათამაშოდ კორტზე ვერ გავიდა.

* * *
საქართველოს ჩოგბურთელ ვაჟთა ლიდერი ნიკოლოზ ბასილაშვილი ამერიკული ტალაჰასის ჩელენჯერში (საპრიზო ფონდი 50.000 დოლარი) ჩაება.

ერთეულებში სტარტზე მოპოვებული გამარჯვების შემდეგ მეორე წრეში ჯეიმს მაკგისთან (ირლანდია) დამარცხდა - 3:6, 0:6 და შეჯიბრებას გამოეთიშა.

წყვილებში ბასილაშვილი და დომინიკელი ხოსე ერნანდეს-ფერნანდესი ჩილელი ნიკოლას ხარისა და ეკვადორელი ჯოვანი ლაპენტის დუეტთან სათამაშოდ არ გამოცხადდნენ.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული