საბოლოოდ, ფინალამდე მეოთხედფინალში ერთადერთმა განთესილმა სიმონა ჰალეპმა და სლოვაკმა დომინიკა ციბულკოვამ გააღწიეს. ჰალეპს წლევანდელი სეზონი არ გამოსდის - მან ოთხ ტურნირზე პირველივე წრეში წააგო, მაგრამ მადრიდში ისარგებლა კარგი ბადით - მთელი ტურნირის განმავლობაში, ის არ შეხვედრია TOP15-ის არც ერთ წარმომადგენელს.
თან ისე ანადგურებდა
ასევე იოლი ბადე ჰქონდა დომინიკა ციბულკოვას, თუმცა მან ეს დაიმსახურა, რადგან პირველ წრეში პირველ ნომრად განთესილ აგნიეშკა რადვანსკას მოუგო. სლოვაკმა ზედიზედ ოთხი სამსეტიანი მატჩი მოიგო და მხოლოდ ნახევარფინალში გაისეირნა ლუიზა ჩირიკოსთან მატჩში.
მაგრამ ფინალში ციბულკოვას ძალიან გაუჭირდა. ის ძალიან ცუდად შევიდა თამაშში და ჰალეპს საშუალება მისცა დიდი უპირატესობა მიეღო. სიმონა თითქმის არ ცდებოდა, კარგად გადაადგილდებოდა და აქტიურად თამაშობდა.
დომინიკამ მხოლოლ მეორე სეტში დაიწყო იმ თამაშის ჩვენება, რომლითაც წინა ოთხი შეხვედრიდან სამში მოუგო ჰალეპს. სლოვაკმა აქტიურობას უმატა, ბევრ მოკლე დარტყმას ასრულებდა, მაგრამ იმ დღეს, რუმინელს არაფერი უქმნიდა პრობლემას - ის ყველა ბურთს ასწრებდა.
მეორე სეტში ჰალეპს 11 "ვინერსი" და მხოლოდ ორი უნებლიე შეცდომა ჰქონდა. ციბულკოვა კვალში ედგა მეტოქეს, მაგრამ ვერც ერთხელ მისი დაწევა ვერ შეძლო. ბოლო გეიმი ჰალეპმა ბრწყინვალედ წარმართა და მატჩი ორი ეისით დაასრულა - 6:2, 6:4.
1/2 ფინალი
დომინიკა ციბულკოვა (სლოვაკ)-ლუიზა ჩირიკო (აშშ) 6:1, 6:1; სიმონა ჰალეპი (რუმ, 6)-სამანტა სტოსური (ავსტრა) 6:2, 6:0.
ფინალი
სიმონა ჰალეპი (რუმ, 6)-დომინიკა ციბულკოვა (სლოვაკ) 6:2, 6:4.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"