ოქსანა კალაშნიკოვამ რომის ტურნირის წყვილთა შეჯიბრებაში პირველი ბრძოლა მოიგო

AutoSharing Option
იტალიის დედაქალაქ რომში დაიწყო პრესტიჟული საერთაშორისო ტურნირი Internazionali BNL d'Italia BNL, რომლის საპრიზო ფონდია 2 399 000 ევრო. შეჯიბრებაში თბილისელი ოქსანა კალაშნიკოვაც მონაწილეობს. იგი, ტრადიციულად, წყვილებში ცდის ძალებს.

ტაივანელ სუ-ვეი ჰსიესთან (წყვილებში რეიტინგით მე-40) შეამხანაგებული ჩვენებური (48-ე) 9 მაისს სტარტზე არგენტინელ მარია ირიგოიენსა (50-ე) და პოლონელ ალისია როსოლსკას (63-ე) შეხვდა. პირველი ხელი ქართულ-ტაივანურმა დუეტმა 28 წუთში მოიგო - 6:2. ეტყობა, ამ იოლი წარმატებით კალაშნიკოვამ და ჰსიემ ნაადრევად ირწმუნეს გამარჯვება, მოდუნდნენ და დაისაჯნენ კიდეც (არადა, მე-2 ხელს 4:2-ს იგებდნენ) - სეტი
6:7 (5:7) დათმეს. სამაგიეროდ, ტაი ბრეიკებში შეძლეს მობილიზება და 10:6 დაამარცხეს მეტოქე, რისთვისაც 105-105 სარეიტინგო ქულა დაიმსახურეს.

კალაშნიკოვა და ჰსიე მერვედფინალში შვეიცარიელ მარტინა ჰინგისს და ინდოელ სანია მირზას დაუპირისპირდებიან. საგულისხმოა, რომ მსოფლიო კლასიფიკაციაში 12045-12045 ქულით მარტინა და სანია პირველ ადგილზე არიან და რომშიც, ცხადია, პირველ ნომრად განთესეს. გუშინ ისინი ისვენებდნენ.

* * *
უნგრული დიორდის ქალთა საერთაშორისო ტურნირში (საპრიზო ფონდი 25.000 დოლარი) ჩაება სოფიო შაფათავა, მაგრამ განთესვით მესამე ნომერი ქართველი ჩოგბურთელი 9 მაისს ხორვატ ტენა ლუკაშთან დამარცხდა - 6:3, 2:6, 2:6.

წყვილებში შაფათავა რუს ვალენტინა ივახნენკოსთან ერთად აპარეზობის რეიტინგფავორიტია. პირველ წრეში ისინი თავისუფალნი არიან, მეოთხედფინალში ჟაკლინ კაბაი ავადი (შვედეთი), მილანა სპრემოს (სერბეთი) და კლაუდია საბო, დომინიკა ტორინის (ორივე - უნგრეთი) დუეტებს შორის უძლიერესთან გაარკვევენ ურთიერთობას.

* * *
აქვე წინა კვირის შედეგების გათვალისწინებით განახლებულ ქალთა რეიტინგში ქართველთა მაჩვენებლებს გაუწყებთ:

ერთეულები. 226 (228). სოფიო შაფათავა (220), 295 (326). ეკატერინე გორგოძე (138), 432 (433). სოფიო ქვაცაბაია (77), 476 (475). მარიამ ბოლქვაძე (61), 683 (673). ოქსანა კალაშნიკოვა (27), 777 (777). თინათინ ყავლაშვილი (20), 994 (990). ანა შანიძე (9), 1110 (1079). თამარ ჭალაგანიძე (6).

წყვილები. 48 (48). კალაშნიკოვა (1590), 133 (132). შაფათავა (527), 211 (213). გორგოძე (314), 393 (394). ქვაცაბაია (123), 600 (603). ბოლქვაძე (55), 764 (772). ყავლაშვილი (30), 911 (914). შანიძე (19), 1052 (1055). ახალკაცი (12), 1158 (1157). ჭალაგანიძე (9).

* * *
გერმანიაში იმყოფება ქართველ ჩოგბურთელ ვაჟთა ლიდერი ნიკოლოზ ბასილაშვილი. დღეიდან იგი ვაჟთა საერთაშორისო ტურნირში (საპრიზო ფონდი 64.000 ევრო) იასპარეზებს. პირველ წრეში დანიელ მუნოს დე ლა ნავას (ესპანეთი) შეხვდება.

* * *
უზბეკეთის ქალაქ სამარყანდის 50.000-იან ჩელენჯერში მოსინჯავს ძალებს ალექსანდრე მეტრეველი. ძირითადი ბადის პირველ წრეში ჩვენებური მე-6 ნომრად განთესილ ყაზახ დმიტრი პოპკოსთან გაარკვევს ურთიერთობას.

სტარტზე პოპკოს იგი მეორედაც დაუპირისპირდება, კერძოდ, წყვილებში: "უაილდ ქარდის" მქონე მეტრეველი და უზბეკი ტემურ ისმაილოვი გზიდან რუსი ასლან კარაცევისა და პოპკოს ჩამოშორებას შეეცდებიან.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული