რაფაელ ნადალი: კატალონია და ესპანეთი ერთი მთლიანი უნდა იყოს

AutoSharing Option
მართალია, ესპანელმა რაფაელ ნადალმა გასულ კვირას წააგო მადრიდის "მასტერსი", მაგრამ მაინც იმედიანად არის განწყობილი მოახლოებული როლან გაროსის წინ.

ოპტიმიზმის საფუძველს იძლევა მონტე კარლოს "მასტერსზე" გამარჯვება. გამოცემა "მარკასთვის" მიცემული ინტერვიუ სწორედ ამ ტრიუმფზე საუბრით იწყება...

- რაფაელ, როგორ გრძნობთ თავს მონტე კარლოში გამარჯვების შემდეგ და საერთოდ, როგორია თქვენი მოლოდინი?
- თავს კარგად ვგრძნობ. იმაზე გაცილებით უკეთ, ვიდრე შარშან, მაგრამ თუ ეს შეგრძნება გამყარებული არ არის ღირსეული შედეგებით - ოდნავ მოწყენილი ხარ, უარესად გრძნობ თავს... ამიტომაც გასული სამი კვირა ძალიან მნიშვნელოვანი და
საჩვენებელი იყო ჩემთვის.

რაც შეეხება მოლოდინს, ვცდილობ, პირველ რიგში, ვიფიქრო ყოველ მომდევნო მატჩზე და არა ფინალებზე, რადგან ნებისმიერი ტურნირის ყოველი რაუნდი რთულია და სწორედ ის არის შენი უახლოესი მიზანი. დაუმარცხებელი ნოვაკ ჯოკოვიჩიც გამოდიოდა მონტე კარლოში და პირველ წრეში წააგო. ახლა, მე დიდი მოლოდინი მაქვს და უდიდესი მოტივაცია გამაჩნია.

- გაქვთ გეგმაში როლან გაროსის კიდევ ერთხელ მოგება?
- ჯერ არ მინდა საფრანგეთის ღია პირველობაზე ფიქრი. წინ არის რომის "მასტერსი", თუმცა, რა თქმა უნდა, უდიდესი სურვილი მაქვს ისევ ავიღო "დიდი სლემის" ტიტული. დღეს ჩემი ამოცანაა - გავაუმჯობესო თამაში მატჩიდან მატჩამდე.

- რა შეიცვალა წელს, შარშანდელთან შედარებით?
- გასულ წელს, ვერ ვაკონტროლებდი საკუთარ სუნთქვასა და ნერვებს, ხოლო საგანგაშო და ხანდახან დამთრგუნველი მდგომარეობა არ მაძლევდა საშუალებას თანაბარი და ხარისხიანი თამაში მეჩვენებინა. მომიხდა ამის გადალახვა, საკუთარ თავს ვეუბნებოდი: "ეს მხოლოდ საჩოგბურთო მატჩია", ეს ის სამუშაოა, რომელიც გაიძულებს დაიხვეწო დღიდან დღემდე. მე იმ ადამიანების რიცხვს ვეკუთვნი, რომლებიც შორეულ პერსპექტივაზე მუშაობენ.

- და აგრძელებთ ამაზე მუშაობას?
- დიახ, რადგან ჩემი სამუშაო მიმართული იყო იმაზე, რომ ისევ გავსულიყავი კორტზე და თავი კარგად მეგრძნო. და როცა აცნობიერებ, რომ ჩანაფიქრი გამოგდის - მაშინვე მიიღწევა საშუალოზე მაღალი შედეგი. ამის მიღწევა შევძელი შარშან, ამერიკის ღია პირველობის შემდეგ, წელს კი ინდიან უელსისა და მონტე კარლოს ტურნირებზე, სადაც ფსიქოლოგიურად ძალიან კარგად ვიყავი მზად.

- წარუმატებლობის პერიოდში ფიქრობდით იმაზე, რომ ყველაფერი მიგეტოვებინათ?
- ჩოგბურთიდან წასვლაზე არასოდეს მიფიქრია. ყოველთვის ვცდილობ პოზიტიურად ვიფიქრო, ცხოვრების რთულ მომენტებში, უბრალოდ წარმოვიდგენ იმ დროს, როცა ყველაფერი ისევ დალაგდება და ყველაფერი კარგად იქნება. მინდა ვიწვალო და ვიბრძოლო, მაგრამ თუ არაფერი იცვლება, უნდა მოიცადო და გამოტოვო ერთი ან ორი თვე, თან ვარჯიში გააგრძელო, სანამ ყველაფერი თავის ადგილას არ დადგება. წლის განმავლობაში, საქმეები ნელნელა უკეთ წავიდა.

- მარჯვნიდან დარტყმა - თქვენი ერთ-ერთი ძლიერი მხარეა თამაშში. ამ მხრივ, დაიბრუნეთ ძველი უპირატესობა. თქვენთვის ეს საქმეების გამოსწორების ნიშანია?
- აგრესიული თამაში, სატურნირო ბადეში შორს გასვლა - ეს არის ძირითადი მაჩვენებლები იმისა, რომ საქმეები კარგად მიდის. ეს შემთხვევითობა არ არის. რაც შეეხება მარჯვნიდან დარტყმას, აქ მომატება კიდევ შეიძლება.

- ახალი თაობის ტენდენცია - ძლიერი დარტყმებია?
- გრუნტზე ეს არ იგრძნობა, მაგრამ სწრაფ საფარზე ახალი თაობა აგრესიულ სტილს ანიჭებს უპირატესობას, საკუთარ თამაშს მოწოდებებზე და მძლავრ დარტყმებზე აგებს. ნაკლები ყურადღება ეთმობა სტრატეგიას - ისინი ურტყამენ ბურთს ძლიერად, რამდენადაც შეუძლიათ.

- იქნებ, წესების ცვლილებაა საჭირო, რომ უფრო სანახაობრივი თამაში დაბრუნდეს?
- ჩოგბურთში უკვე მოხდა წესებში ცვლილებები. ვფიქრობ, უნდა მივიდეთ იქამდე, რომ სპორტის ჩვენი სახეობა უფრო სანახაობრივი გახდეს. თუმცა ეს ჩემზე მაინც არ იმოქმედებს, რადგან წლები უნდა გავიდეს, რომ რაღაც შეიცვალოს და დამკვიდრდეს.

- ამასთან დაკავშირებით რაიმე წინადადებები გაქვთ?
- სანამ თავად ვთამაშობ ტურში, არ გამოვიტან კონკრეტულ იდეებს, რადგან აუცილებლად იფიქრებენ, რომ ამას საკუთარი კომფორტისთვის ვაკეთებ. ამიტომაც, მივყვები იმას, რაც არის, მაგრამ, შესაძლოა, მომავალში საკუთარი წვლილი შევიტანო.

- კალენდრის შეცვლაც საჭიროა?
- პრობლემა იმაში არ არის, რომ საშეჯიბრო სეზონი გრძელია. მატჩები რაც მეტია, მით უკეთესი, რადგან ეს იმას ნიშნავს, რომ უფრო ბევრი მოთამაშე შეძლებს ამ სპორტით ცხოვრებას. ღმერთმა ქნას, ყოველ კვირას იყოს ტურნირები. საქმე რეიტინგშია: იმისთვის, რომ უმაღლეს დონეზე შეინარჩუნო პოზიციები, უნდა ითამაშო საკმაოდ ბევრი და აჩვენო ერთდროულად მაღალი შედეგები.

დღეს ხშირად საუბრობენ იმაზე, რომ ორწლიანი რეიტინგი უფრო მეტად სამართლიანი და ობიექტური იქნება, ამ პერიოდის განმავლობაში, შეიძლება პაუზების მონახვა დასვენებისთვის, ყველაფრის მშვიდად დაგეგმისთვის და იმ მოთამაშეების დახმარებისთვის, რომლებიც უფრო მაღალ ადგილებს იმსახურებენ. ორი წლით რანჟირება ყველას გაცილებით ნაკლებ სტრესს მიანიჭებს.

- თქვენ იქნებით ესპანეთის ოლიმპიური ნაკრების მედროშე რიო-დე-ჟანეიროს ოლიმპიადაზე...
- 2012 წელს ეს ოცნება ვერ ავისრულე, რადგან ფეხის ტრავმა მქონდა, მაგრამ მაშინ მედროშე იყო ჩემი კარგი მეგობარი პაუ გასოლი. მე დროშა 2008 წელს ჩამაბარეს და ძალიან ბედნიერი ვიქნები. ბევრი დიდი ტურნირი გამომიტოვებია კარიერაში, მაგრამ ყველაზე ცუდია ოლიმპიური თამაშების გამოტოვება.

- არსებობს ოლიმპიადაზე სხვაობა მოყვარულებსა და პროფესიონალებს შორის?
- ჩოგბურთელებს, ფეხბურთელებს, კალათბურთელებსა და ბევრ სხვას გააჩნია საკუთარი პროფესიული დაჯგუფება, რომელიც ასევე საჭიროებს სრულყოფას. ჩვენ გაგვაჩნია გარკვეული პრივილეგიები, იმ დროს, როცა სხვა სპორტსმენებს მხოლოდ უმნიშვნელო აღიარება აქვთ. თუმცა მიმაჩნია, რომ სპორტსმენებს ნაკლებად პოპულარული სახეობებიდან არანაკლები დამსახურება ეკუთვნით, რადგან ისინი თავს არ ზოგავენ და ცდილობენ განავითარონ საკუთარი დისციპლინები.

- კიდევ რამდენი ხანი აპირებთ თამაშს?
- მალე 30 წლის გავხდები, მაგრამ თამასას დაწევას არ ვაპირებ. მორალურად მზად ვარ გაგრძელებისთვის, ტურნირებზე გამოსვლისთვის. და დიდი სამუშაოს ჩატარება მომიწია ამისთვის რომ მიმეღწია. რა თქმა უნდა, მესმის, რომ ოდესღაც ეს დრო დადგება და იმ მომენტში ბედნიერი ვერ ვიქნები. ეს მოხდება მაშინ, როცა ჩემი ფიზიკური ფორმა არ მომცემს თამაშის გაგრძელების საშუალებას. მაგრამ ახლა, ვტკბები ვარჯიშებით და სრულ საბრძოლო მზადყოფნაში ვიმყოფები. სხვა ამბებისთვის კი მთელი ცხოვრება წინ მაქვს.

- ოდესმე გიფიქრიათ ესპანეთიდან გამგზავრებაზე იმისთვის, რომ ნაკლები გადასახადი გადაიხადოთ?
- ამაზე რომ მეფიქრა, მაშინ უფრო ადრე გავაკეთებდი ამას. ფული ცხოვრებაში - ყველაფერი არ არის. თან ძალიან გამიმართლა: მაღალ ჰონორარებს ვიღებ, ვაკეთებ იმას, რაც მომწონს. ბედნიერი ვარ ესპანეთში. ვაგრძელებ გადასახადების გადახდას, როგორც ამ ქვეყნის ნებისმიერი რიგითი მოქალაქე. მალიორკაში დავიბადე და მომწონს იქ ყოფნა. ვერაფერი ვერ შეცვლის სამშობლოში ოჯახთან ყოფნის ბედნიერებას.

- რას ფიქრობთ ესპანეთში არსებულ კორუპციაზე?
- ეს საზიზღრობა საბოლოოდ უნდა აღმოიფხვრას და დამნაშავეები დაისაჯონ. ყველაფერი პოლიტიკური პარტიებიდან უნდა დაიწყოს, რადგან დღეს კეთდება ყველაფერი ხელისუფლების შესანარჩუნებლად და ქვეყანა არავის ანაღვლებს. ბოლო უნდა მოეღოს ასეთ მიდგომას, რადგან ესპანეთი დიადი ქვეყანაა. თუ კორუპციას დავამარცხებთ, ეს მხოლოდ სარგებლობას მოგვიტანს.

- როგორია თქვენი აზრი იმაზე, რომ კატალონიას დამოუკიდებლობა სურს?
- ამ საკითხთან დაკავშირებით არანაირი კითხვის ნიშანი არ მაქვს. მალიორკადან ვარ, რომელიც კატალონიის გვერდითაა - ენა და ბევრი რამ საერთო გვაქვს. არ მესმის ეს კონფრონტაცია და ზიზღი თავისებურებებისადმი და განსხვავებული აზრისადმი. ერთმანეთს პატივი უნდა ვცეთ. მე, როგორც ესპანელსა და ბალეარელს, მინდა კატალონია დარჩეს ესპანეთის ნაწილად. მშვიდობა იყოს და არ განმეორდეს შარშანდელი დაძაბული სიტუაცია.

მიყვარს კატალონია, ესპანეთი და ბალეარის კუნძულები და მინდა, ეს ყველაფერი ერთი მთლიანი იყოს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 2 /
მაგარი კაცი, მაგარი ესპანელი; მიუხედავად იმისა რომ ბიძა ბარსას კაპიტანი იყო, სწორედ რეალს გულშემატკივრობს იმიტომ რომ ნაღდი ესპანელია; როგორც სოხუმში აფხაზებს ეზიზღებოდათ ყოველივე ქართული ( ასე იყო იმ საამო სსრკ-ში), ასე არიან ეს კატალონიელებიც; სხვათაშორის კატალონიელი გასოლიც ადექვატურია განსხვავებით პუიოლისა, რომლის ბაბუა მაგათი არძინბა, მამა კიდევ ხაჯიმბა იყო
nadals
10:30 15-05-2016
0
მაგარი "პოლიტიკურად განათლებულები" ხართ! :))))))))
ესპანეთის ერთიანობის სურვილში რაიმე უზენზურო "აღმოაჩინეთ"?!
15:58 14-05-2016
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული