წარმატებული დღე - ბასილაშვილის პირველი ნაბიჯი ძირითადი ბადისკენ

AutoSharing Option
პარიზში დაიწყო ჩოგბურთელ ქალ-ვაჟთა საფრანგეთის ღია პირველობის საკვალიფიკაციო შეხვედრები, რომლებშიც თბილისელი ნიკოლოზ ბასილაშვილიც მონაწილეობს.

წინა კვირას ჩვენებურმა ჰაილბრონის (გერმანია) ტურნირზე (საპრიზო ფონდი 64.000 ევრო) გაიმარჯვა, 100 სარეიტინგო ქულა დაიმსახურა და მსოფლიო კლასიფიკაციაში 105-ე ადგილამდე აღზევდა. საგულისხმოა, რომ 24 წლის ქართველმა ჩოგბურთელმა კარიერაში მე-6 ჩელენჯერი მოიგო: 2014 წელს უზბეკეთსა და იტალიაში, შარშან ისრაელსა და ჰოლანდიაში, წლეულს - ჩინეთსა და გერმანიაში მიაღწია წარმატებას.

საფრანგეთის ღია პირველობის საკვალიფიკაციო ეტაპზე 24 წლის ბასილაშვილი მე-14 ნომრადაა განთესილი. 17 მაისს იგი 23 წლის ფრანგ ტრისტან ლამასინეს
(198-ე) დაუპირისპირდა. ქართველმა ჩოგბურთელმა სასტარტო ორთაბრძოლის პირველი სეტი დაძაბულ პაექრობაში 6:3 მოიგო, მეორე 4:6 დათმო. გადამწყვეტ მესამე ხელში ნიკამ შედარებით იოლად აჯობა მეტოქეს - 6:1.

ბასილაშვილმა 2 ეისი მოაწოდა და 4 ორმაგი შეცდომა დაუშვა, 13-დან 6 ბრეიკ-პოინტი გამოიყენა.

მე-2 რაუნდში იგი ესპანელ დანიელ ხიმენო ტრავერს შეხვდება. ამ უკანასკნელმა იტალიელი ლუკა ვანი დაჯაბნა - 6:3, 3:6, 6:4.

ძირითად ბადეში გასასვლელად სამი მატჩის მოგებაა საჭირო. "როლან გაროსზე" წარმატებული გამოსვლა ბასილაშვილს კლასიფიკაციაში წინ წასწევს. ამჟამად 563 ქულით 105-ე საფეხურზეა.

* * *
საქართველოს ჩოგბურთელი ქალები ამჟამად გერმანიასა და იტალიაში იმყოფებიან.

ოქსანა კალაშნიკოვა ნიურნბერგში (საპრიზო ფონდი 250.000 დოლარი) წყვილთა შორის ასპარეზობს გერმანელ ტატიანა მარიასთან (წყვილებში 57-ე) ერთად.

მეორე ნომრად განთესილმა ქართულ-გერმანულმა დუეტმა რუსებს - ვალენტინა ივახნენკოს (117-ე) და მარია მელნიკოვას პირველი ხელი დაძაბულ ორთაბრძოლაში მოუგო - 7:6. მეორე სეტში მსგავსი ანგარიშით ივახნენკო-მელნიკოვას ტანდემმა იმარჯვა. ოქსანამ და ტატიანამ ტაი ბრეიკში მეტოქეს 10:8 აჯობეს და მეოთხედფინალში გავიდნენ, სადაც ისევ რუსებთან - ნათელა ძალამიძესა (135-ე) და ვერონიკა კუდერმეტოვასთან (165-ე) გაარკვევენ ურთიერთობას. ჩვენმა ჩრდილოელმა მეზობლებმა ნაო ჰიბინო (იაპონია, 121-ე) და ლაურა პოგოსი (ბრაზილია, 192-ე) ჩამოიშორეს გზიდან - 6:2, 6:3.

* * *
იტალიაში (საპრიზო ფონდი 25.000 დოლარი) საკვალიფიკაციო ეტაპზე სოფიო ქვაცაბაიამ ანა მარია ბატისტას (იტალია) კი სძლია - 6:1, 6:0, მაგრამ მეორე წრეში ნიკოლეტა დასკალუსთან (რუმინეთი) ვერაფერს გახდა - 6:7, 4:6.

ძირითადი ბადის სტარტზე სოფიო შაფათავამ, რომელიც მე-5 ნომრადაა განთესილი, პირველი ხელი მარტინა კარაგეროსთან 4:6 დათმო, მეორეში წარმატებას მიაღწია - 6:3, მესამეში მასპინძელი 3:2-ს რომ იგებდა, უამინდობის გამო ორთაბრძოლა კარგა ხნით შეწყდა. პაექრობის განახლების შემდეგ შაფათავამ მეტოქეს 6:4 აჯობა და მერვედფინალში ეკატერინე გორგოძისა და სოფია კოვალეცის (უკრაინა) დუეტში გამარჯვებულს შეხვდება.

წყვილებში შაფათავა არგენტინელ ფლორენსია მოლინეროსთან ერთად ასპარეზობის რეიტინგფავორიტია და შეჯიბრებაში მეოთხედფინალიდან ჩაებმება, სადაც ჩინელებს - ია ძი რენსა და ვუშუან ჟენს გამოცდის.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 4 /
პარადოქსი კი არა ვინც საქართველოს ასახელებს კალაშნიკოვა იქნება მსტოიანი თუ მამედოვი ყველას გაუმარჯოს
muro
23:55 18-05-2016
0
მართალი ხარ
goreli
23:36 18-05-2016
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული