მოსალოდნელი იყო, რომ კერბერს პრობლემები ექნებოდა კიკი ბერტენსთან მატჩში. ამ თვეში გერმანელი ადრეული ეტაპიდან გამოეთიშა მადრიდისა და რომის ტურნირებს, გასულ კვირას კი ნიურნბერგში ვერ ითამაშა. კერბერის პრობლემები პირველივე სეტში გამოჩნდა. 28 წუთში ბერტენსმა ორი ბრეიკი შეასრულა და ერთი ბრეიკ-პოინტიც არ მისცა ფავორიტს.
მეორე სეტში კერბერმა ძალიან ყურადღებით ითამაშა. მან ორად ორი ბრეიკ-პოინტი გამოიმუშავა და ორივე გამოიყენა - მეექვსე და მერვე გეიმებში,
როგორც აღმოჩნდა, გერმანელის პრობლემები არსად გამქრალა. მან კიდევ ერთი საკუთარი მოწოდება დაუთმო მეტოქეს და ბერტენსს 3:0 დაწინაურების საშუალება მისცა. კერბერს მეხუთე გეიმში ჰქონდა გათანაბრების შანსი, მაგრამ ორი ბრეიკ-პოინტი ვერ გამოიყენა. ამასობაში, ბერტენსმა მოახლოებული ტრიუმფი იგრძნო და მატჩზე ჩაწოდებისას ანერვიულდა. ჯერ ორი მატჩბოლი ვერ გამოიყენა, შემდეგ ბრეიკ-პოინტი მისცა მეტოქეს, მაგრამ დროულად აიყვანა თავი ხელში და მესამე ცდაზე მოიპოვა მეორე წრის საგზური. ჰოლანდიელმა გასულ კვირას ნიურნბერგში ტიტული აიღო და სწორედ იქ დაამარცხა კარიერაში პირველად TOP10-ის წევრი (რობერტა ვინჩი), ახლა კი კერბერზე ძლიერი აღმოჩნდა.
კერბერი გახდა ავსტრალიის ღიას მეორე გამარჯვებული ბოლო სამ წელიწადში, ვინც როლან გაროსის პირველ წრეში წააგო. მანამდე ასეთი გაუგებრობა ჩინელ ნა ლის დაემართა.
* * *
რაც შეეხება ვიქტორია აზარენკას, ბოლო პერიოდში ის ბევრს ტრავმიანობდა და ამან აშკარად შეუშალა ხელი კარინ კნაპთან მატჩში. ბელარუსს ცუდად არ დაუწყია და 3:1 დაწინაურდა, თუმცა ამას ზედიზედ ხუთი გეიმის წაგება მოჰყვა. კნაპს შეეძლო მეორე სეტში მოემთავრებინა საქმე. მან ისევ გააბათილა ორგეიმიანი ჩამორჩენა და 5:4-ზე მატჩზე ჩაწოდების შესაძლებლობა მიიღო. აზარენკამ საფრთხე მოიგერია და ტაი-ბრეიკამდე მივიდა, სადაც მეტოქის ერთი მატჩბოლისგან დაიძვრინა თავი და შემოკლებული გეიმი 8:6 მოიგო.მესამე სეტში ბრძოლა აღარ ყოფილა. კნაპმა ზედიზედ ოთხი გეიმი მოიგო და აზარენკამ ბრძოლის გაგრძელებაზე უარი განაცხადა.
გუშინ, პირველი მატჩი ჩაატარა მოქმედმა ჩემპიონმა სერენა უილიამსმა, რომელმაც მხოლოდ 44 წუთი მოანდომა მაგდალენა რიბარიკოვას დამარცხებას - 6:2, 6:0. ამერიკელს 25 "ვინერსი" და მხოლოდ ხუთი უნებლიე შეცდომა ჰქონდა.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"