საფრანგეთის ღია პირველობა. IV დღე: მარეის მეორე თრილერი

AutoSharing Option
როლან გაროსის მეოთხე დღემ მშვიდად ჩაიარა. დაიწყო მეორე წრე და პრაქტიკულად ყველა წყვილში ლოგიკური შედეგი დაფიქსირდა.

გამორჩეული მოვლენა კი ის იყო, რომ კვლავ ანერვიულა საკუთარი გულშემატკივარი ბრიტანელმა ენდი მარეიმ. როგორც იცით, მსოფლიოს მეორე ჩოგანმა ორდღიანი მარათონით დაიწყო საფრანგეთის ღიაზე გამოსვლა. მან პირველი ორი სეტი წააგო რადეკ შტეპანეკთან და მაინც შეძლო მეორე რაუნდში გასვლა. იქ ენდის ბევრისთვის უცნობი ფრანგი მატიას ბურგი ელოდა, რომელიც მსოფლიოს 164-ე ნომერია, ATP-ის დონეზე პირველ ტურნირს თამაშობდა და ძირითად ბადეში უაილდ-ქარდის მეშვეობით მოხვდა.

და ამ უცნობმა მასპინძელმა
კინაღამ სენსაცია მოახდინა. თითქოს მარეისთვის ყველაფერი კარგად მიდიოდა. დამაჯერებლად მოიგო პირველი სეტი და მეორეში 2:0 დაწინაურდა. მაგრამ შემდეგ ძალიან უცნაური რამ მოხდა - მარეიმ ზედიზედ რვა (!) გეიმი წააგო, აქედან ოთხი - საკუთარ მოწოდებაზე. ბურგმა მოიგო მეორე სეტი 6:2 და მესამეში 2:0 გავიდა წინ. მან ერთბრეიკიანი უპირატესობა ბოლომდე შეინარჩუნა, თანაც ისე, რომ ენდის ერთი ბრეიკ-პოინტის შანსიც არ მისცა და სეტებში ანგარიში წაიყვანა.

"დიდი სლემის" ტურნირებზე სამსეტიანი მატჩები რომ ტარდებოდეს, ბურგი უკვე მესამე წრეში იქნებოდა, ასე კი კარიერაში პირველად მოუწია მეოთხე სეტის თამაში და, შესაძლოა, გამოცდილების არქონამ ცუდი სამსახური გაუწია. მარეი კი ამგვარი საჩოგბურთო მარათონების დიდოსტატად ითვლება. ბრიტანელი მეოთხე სეტის პირველ გეიმში ახლოს იყო საკუთარი მოწოდების კიდევ ერთხელ წაგებასთან, მაგრამ მოიგერია სამი ბრეიკ-პოინტი და ამის შემდეგ, საბოლოოდ მოიპოვა ინიციატივა. მან მეოთხე და მერვე გეიმებში ორი ბრეიკი შეასრულა და სეტებში ანგარიში ისევ გათანაბრდა.

გადამწყვეტ პარტიაში ბრიტანელმა კიდევ ორი ბრეიკი აიღო და 5:1 დაწინაურდა. ბურგმა გაიბრძოლა და ერთი ბრეიკი დაიბრუნა, თუმცა 5:3-ზე ენდიმ მატჩზე ჩაწოდებისას პირველივე მატჩბოლი გამოიყენა და სამი საათი და 34 წუთი ბრძოლის შემდეგ გაიკვლია გზა 1/16 ფინალისკენ, სადაც ვეტერან ივო კარლოვიჩთან ელოდება შეხვედრა. ხორვატმა ოთხსაათნახევარი მოანდომა ავსტრალიელი ჯორდან ტომპსონის დამარცხებას (ბოლო სეტში 12:10).

37 წლის ივო ყველაზე ასაკოვანი ჩოგბურთელია "დიდი სლემის" მესამე წრეში ჯიმი კონორსის შემდეგ, რომელმაც 1991 წელს, 39 წლის ასაკში გაიარა პირველი ორი წრის ბარიერი.

მოქმედ ჩემპიონს სტენ ვავრინკას ბევრი ებრძოლა იაპონელი ტარო დანიელი, მაგრამ შვეიცარიელმა მაინც სამ სეტში მოიგო. მეორე იაპონელმა კეი ნიშიკორიმ კი საკუთარი მოწოდების წაგებით დაიწყო ანდრეი კუზნეცოვთან მატჩი, მაგრამ მაინც დამაჯერებლად მოიგო სამ პარტიაში.

* * *
გუშინ, ქალებს შორის ერთადერთი განთესილი გამოეთიშა ბრძოლას. რუსმა ეკატერინა მაკაროვამ სამ სეტში წააგო იანინა ვიკმაიერთან. დამაჯერებლად გაიარეს მეორე წრის ბარიერი ფავორიტებმა - პეტრა კვიტოვამ, გარბინ მუგურუსამ და სიმონა ჰალეპმა. თუმცა ამ უკანასკნელმა ცოტა იწვალა პირველ სეტში ზარინა დიასის წინააღმდეგ. ყაზახი საწყის პარტიაში 4:1-ს იგებდა, მაგრამ საქმე ბოლომდე ვერ მიიყვანა.

ასევე გავიდა 1/16 ფინალი შარშანდელი ფინალისტი ლუსი საფაროვა.

II წრე
კაცები
ზვერევი (გერ)-ერბერი (საფ) 5:7, 6:2, 7:6(6), 7:5
რაონიჩი (კან, 8)-მანარინო (საფ) 6:1, 7:6(0), 6:1
მარტინი (სლოვაკ)-პუიე (საფ, 29) 6:3, 7:5, 6:3
სოკი (აშშ, 23)-ბრაუნი (გერ) 6:3, 7:6(5), 6:2
რამოსი (ესპ)-ტრუნგილეტი (არგ) 6:3, 6:4, 7:5
სიმონი (საფ, 16)-პეია (არგ) 4:6, 1:6, 7:5, 7:6(4), 6:4
ტროიცკი (სერ, 22)-ლაიოვიჩი (სერ) 6:7(4), 6:3, 6:0 უარი
შარდი (რუს, 30)-პავლაშეკი (ჩეხ) 6:4, 6:2, 6:4
ვავრინკა (შვეიც, 3)-დანიელი (იაპ) 7:6(7), 6:3, 6:4
ნიშიკორი (იაპ, 5)-კუზნეცოვი (რუს) 6:3, 6:3, 6:3
ვერდასკო (ესპ)-დოდიგი (ხორ) 6:2, 6:1, 6:3
კირგიოსი (ავსტრა, 17)-სისლინგი (ჰოლ) 6:3, 6:2, 6:1
გასკე (საფ, 9)-ფრატანჯელო (აშშ) 6:1, 7:6(3), 6:3
ისნერი (აშშ, 15)-ედმუნდი (ბრიტ) 6:4, 6:4, 6:4
გაბაშვილი (რუს)-პერი (საფ, 19) 6:3, 6:2, 3:6, 6:2
კარლოვიჩი (ხორ, 27)-ტომპსონი (ავსტრა) 6:7(2), 6:3, 7:6(3), 6:7(4), 12:10
მარეი (ბრიტ, 2)-ბურგი (საფ) 6:2, 2:6, 4:6, 6:2, 6:3

ქალები
ბეკი (გერ)-ბონდარენკო (უკრ) 4:6, 6:3, 7:5
ბეგუ (რუმ, 25)-ვანდევეგე (აშშ) 6:7(4), 7:6(4), 10:8
როჯერსი (აშშ)-ვესნინა (რუს) 6:4, 6:2
კვიტოვა (ჩეხ, 10)-ჰსიე (ტაივ) 6:4, 6:1
კუზნეცოვა (რუს, 13)-უოტსონი (ბრიტ) 6:1, 6:3
პავლიუჩენკოვა (რუს, 24)-ბუიუქაქჩაი (თურ) 6:3, 4:6, 6:1
ვიკმაიერი (ბელ)-მაკაროვა (რუს, 27) 2:6, 6:2, 6:2
მუგურუსა (ესპ, 4)-ჟორჟი (საფ) 6:2, 6:0
ჰალეპი (რუმ, 6)-დიასი (ყაზ) 7:6(5), 6:2
ოსაკა (იაპ)-ლუჩიჩი (ხორ) 6:3, 6:3
სტოსური (ავსტრა, 21)-ს. ჟანგი (ჩინ) 6:3, 6:4
საფაროვა (ჩეხ, 11)-გოლუბიჩი (შვეიც) 6:2, 6:2
პირონკოვა (ბულ)-ლარსონი (შვედ) 7:5, 7:6(6)
სტივენსი (აშშ, 19)-სეპედე როიგი (პარ) 7:6(0), 6:1
სტრიკოვა (ჩეხ, 30)-ჰერცოგი (სლოვენ) 6:4, 6:4
ა. რადვანსკა (პოლ, 2)-გარსია (საფ) 6:2, 6:4

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ტეგები:
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული