საფრანგეთის ღია პირველობა: წვიმა და სენსაციები

AutoSharing Option
ჭირვეულმა პარიზულმა ამინდმა ძალიან არია როლან გაროსის განრიგი. დღეს ოთხშაბათია, მაგრამ მეოთხედფინალური ეტაპი არც დაწყებულა. ამას ვინ ჩივის, მერვედფინალური მატჩების დიდი ნაწილია დასამთავრებელი.

გუშინ, მამაკაცებს შორის ვერც ერთი მერვედფინალის დასრულება ვერ მოხერხდა, ასევე გადაიდო ორი მეოთხედფინალი: ენდი მარეი-რიშარ გასკე და სტენ ვავრინკა-ალბერტ რამოსი. ქალებში ორი მერვედფინალი დასრულდა, ოთხი კი საერთოდ არ დაწყებულა.

* * *
ქალების ორივე დამთავრებულ შეხვედრაში სენსაცია მოხდა. განსაკუთრებით აღსანიშნავია ბულგარელი ცვეტანა პირონკოვას მოგება აგნიეშკა რადვანსკასთან მატჩში. ეს შეხვედრა კვირას მაშინ შეწყდა, როცა პოლონელი 6:2, 3:0 იყო
დაწინაურებული. პირონკოვამ ფანტასტიკური "ქამბექი" შეასრულა - მან ზედიზედ 10 (!) გეიმი მოიგო და თავად გავიდა წინ - 2:6, 6:3, 4:0.

რადვანსკამ გაიბრძოლა და ზედიზედ ორი გეიმის აღებით, თითქოს ინტრიგა დაუბრუნა შეხვედრას, მაგრამ 5:3-ზე პირონკოვამ მატჩზე დამაჯერებლად ჩააწოდა და ბოლო ათ წელიწადში პირველი ბულგარელი გახდა, ვინც როლან გაროსის მეოთედფინალში გავიდა. აღსანიშნავია, რომ საფრანგეთის ღია პირველობამდე, პირონკოვას წელს მხოლოდ სამი მატჩი ჰქონდა მოგებული WTA-ის ტურნირებზე.

ბულგარელის მეტოქე მეოთხედფინალში სამანტა სტოსური იქნება, რომელმაც ორ სეტში მოუგო მადრიდის უმაღლესი კატეგორიის ტურნირის გამარჯვებულს სიმონა ჰალეპს. ესეც კვირიდან გადმოტანილი შეხვედრა იყო. თამაში იმ მომენტში განახლდა, როცა რუმინელი 5:3-ს იგებდა. მაგრამ ჰალეპმა 5:4-ზე სეტზე ვერ ჩააწოდა, მე-11 გეიმში ბრეიკ-პოინტი ვერ გამოიყენა და საბოლოოდ, პარტიის ბედი ტაი-ბრეიკმა გადაწყვიტა, რომელშიც სიმონამ ქულაც ვერ აიღო.

მეორე სეტში სტოსური სრულ უპირატესობას ფლობდა. ჰალეპს მხოლოდ მეორე გეიმში ჰქონდა ორი ბრეიკ-პოინტის შანსი, მაგრამ ვერ აიღო მეტოქის მოწოდება. სტოსურმა კი ეს ორჯერ გააკეთა და 7:6(0), 6:3 მოიგო. ავსტრალიელმა შვიდიდან ექვსი ბრეიკ-პოინტი მოიგერია, მეტოქეზე 14-ით მეტი "ვინერსი" (29 15-ისწინააღმდეგ) შეასრულა, უფრო ნაკლები უნებლიე შეცდომა დაუშვა და სრულიად დამსახურებულად მოიპოვა მეოთხედფინალში თამაშის უფლება.

რადვანსკაც და ჰალეპიც ძალიან უკმაყოფილონი იყვნენ იმის გამო, რომ ორგანიზატორებმა წვიმაში ათამაშეს ჩოგბურთელები და შეხვედრები კიდევ ერთხელ არ შეწყვიტეს. "არავინ არ ფიქრობს მოთამაშეებზე. საქმე იმაში არ არის, რომ მე დღეს წავაგე. უბრალოდ, შეიძლებოდა ზურგის ტრავმა მიმეღო. მაგრამ ეს არავის აწუხებს", - განაცხადა ჰალეპმა. რადვანსკამ კი დაიწუწუნა იმის გამო, რომ არასაკმარისად კარგად გრძნობს თავს და წვიმაში თამაში არ შეუძლია.

ასე რომ, ქალთა ტურნირზე ჯერჯერობით ორი მეოთხედფინალური წყვილია ცნობილი: შელბი როჯერსი-გარბინ მუგურუსა და სამანტა სტოსური-ცვეტანა პირონკოვა.

* * *
რაც შეეხება მატჩებს მამაკაცთა ბადეში, აუცილებლად უნდა ვახსენოთ ნოვაკ ჯოკოვიჩის გასაჭირი რობერტო ბაუტისტა-აგუტთან მატჩში. ეს შეხვედრა ქალთა თამაშს ჰგავდა - პირველ ორ სეტში 10 (!) ბრეიკი დაფიქსირდა. ჩოგბურთელებმა პირველი ორი სეტი გაცვალეს, მესამეში კი სერბი ბრეიკით დაწინაურდა და... მატჩი წვიმის გამო შეწყდა.

1/8 ფინალი
კაცები
ჯოკოვიჩი (სერ, 1)-ბაუტისტა აგუტი (ესპ, 14) 3:6, 6:4, 4:1 შეწყდა
ფერერი (ესპ, 11)-ბერდიხი (ჩეხ, 7) 2:1 შეწყდა
გრანოლერსი (ესპ)-ტიმი (ავსტრია, 13) 2:6, 7:6(2) შეწყდა
გოფენი (ბელ, 12)-გულბისი (ლატ) 0:3 შეწყდა

ქალები
სტოსური (ავსტრა, 21)-ჰალეპი (რუმ, 6) 7:6(0), 6:3
პირონკოვა (ბულ)-ა. რადვანსკა (პოლ, 2) 2:6, 6:3, 6:3

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული