საფრანგეთის ღია პირველობა: კიკი და ტიმი - ნახევარფინალის დებიუტანტები

AutoSharing Option
ჯოკოვიჩის კლიენტ
ნოვაკ ჯოკოვიჩი და ტომაშ ბერდიხი პირველად ხვდებოდნენ ერთნანეთს როლან გაროსზე, თუმცა ისინი ძალიან კარგად იცნობენ ერთმანეთს. ბერდიხისთვის ეს ნაცნობობა არც ისე სასიამოვნოა - მათი 25 შეხვედრიდან 23 ჯოკოვიჩმა მოიგო, თან ბოლო ათი - ზედიზედ. ჩეხზე უფრო მოხერხებული მეტოქე ნოვაკს არ ჰყავს და ახლაც ბერდიხის მორიგი განადგურება ვიხილეთ.

პირველ სეტში პირველმა ექვსმა გეიმმა ბრეიკ-პოინტების გარეშე ჩაიარა, რის შემდეგაც, ჯოკოვიჩმა ზედიზედ სამი გეიმი აიღო (აქედან ორი ბრეიკი იყო). სეტებში დაწინაურების შემდეგ, სერბმა უპირატესობის გაზრდა დაიწყო და მეორე პარტიაში 4:1 გავიდა წინ.

ბერდიხის სასახელოდ უნდა ითქვას, რომ მან გაიბრძოლა და ანგარიში გაათანაბრა, მაგრამ ტაი-ბრეიკამდე მაინც ვერ მიაღწია - მე-12 გეიმში საკუთარი მოწოდება ისევ წააგო. მესამე სეტი ჩეხმა ბრეიკით დაიწყო, მაგრამ ნოვაკმა იქვე გაათანაბრა ანგარიში. შემდეგ, მან მეხუთე გეიმში კრიტიკული მომენტი გადალახა - ორი ბრეიკ-პოინტი მოიგერია და მატჩის ბედი მაშინ გადაწყვიტა, როცა მერვე გეიმში კიდევ ერთხელ აიღო მეტოქის მოწოდება. მეცხრე გეიმში ჯოკოვიჩმა მეორე ცდაზე გამოიყენა მატჩბოლი.

ორსაათიან მატჩში ბრეიკების შეფარდება იყო - რვა ექვსის წინააღმდეგ ჯოკოვიჩის სასარგებლოდ, თუმცა სერბმა ექვსი შანსი გამოიყენა, ჩეხმა - მხოლოდ ორი.

დებიუტანტი ნახევარფინალისტი
მამაკაცების მეორე მეოთხედფინალში დომინიკ ტიმი და დავიდ გოფენი იბრძოდნენ. ორივესთვის მოგების ფასი ძალიან მაღალი იყო: გამარჯვებული პირველად გადიოდა "დიდი სლემის" ტურნირის ნახევარფინალში, გარდა ამისა, ინაღდებდა ადგილს რეიტინგის TOP10-ში.

შეხვედრა თითქმის სამი საათი გაგრძელდა. ორივე ჩოგბურთელი კარგად თამაშობდა მიღებაზე - მათ ჯამში 14 ბრეიკ-პოინტი გამოიყენეს. პირველ სეტში თავიდან ინიციატივას ტიმი ფლობდა, მაგრამ 4:2-ზე ზედიზედ ოთხი გეიმი წააგო. წაგების პირას იყო ავსტრიელი მეორე სეტშიც, როცა ორჯერ ბრეიკით ჩამორჩა, მაგრამ ორივეჯერ გაათანაბრა ანგარიში, ტაი-ბრეიკზე კი სეტბოლი მოიგერია და შემოკლებული გეიმი 9:7 მოიგო. ამ დასანან წაგებას გოფენზე არ უმოქმედია და მესამე სეტი მან ბრეიკით დაიწყო. ამ პარტიაში პირველი სეტის სცენარი გათამაშდა, ოღონდ იმ განსხვავებით, რომ 2:4-დან სეტის მოგება ტიმმა მოახერხა. მეოთხე სეტში კი ბრძოლა აღარ ყოფილა და ავსტრიელმა ორმაგი ბრეიკით მოიგო.

სერენას პრობლემები
ისევე, როგორც ავსტრალიის ღია პირველობაზე, ყაზახმა იულია პუტინცევამ აქაც სერიოზული ბრძოლა გაუმართა სერენა უილიამსს და ამერიკელს კვლავ სამი სეტი დასჭირდა ახალგაზრდა მეტოქის დასამარცხებლად.

პირველ ორ სეტში სერენა უჩვეულოდ ბევრს ცდებოდა. პუტინცევა სისწრაფის ხარჯზე იღებდა ქულებს და ბევრს არბენინებდა კორტზე ლეგენდას. სასტარტო პარტიაში ამერიკელს ბრეიკის დაბრუნება მოუწია, მაგრამ მე-11 გეიმში ისევ წააგო საკუთარი მოწოდება და იულია სეტებში წინ გავიდა. მანვე მეორე სეტის პირველივე გეიმში შეასრულა ბრეიკი, მაგრამ უილიამსმა ზედიზედ ოთხი გეიმი მოიგო.

თითქოს ამერიკელმა საბოლოოდ დაალაგა თამაში, თუმცა პუტინცევამ ეს ჩამორჩენა გააბათილა და მეცხრე გეიმში ორი "დაფარული" მატჩბოლიც მიიღო, მაგრამ ბრეიკი მაინც ვერ შეასრულა. როგორც აღმოჩნდა, ეს იყო გარდამტეხი მომენტი მატჩში. მეათე გეიმში უილიამსმა მეტოქის მოწოდება აიღო და სეტებში ანგარიში გაათანაბრა. მესამე სეტისთვის პუტინცევას ძალა აღარ ეყო და მხოლოდ ერთი გეიმი აიღო. სერენამ მეოთხე მატჩბოლიდან მოიგო შეხვედრა.

უნიკალური ბერტენსი
თუ სერენა უილიამსის, გარბინ მუგურუსასა და სამანტა სტოსურის ხილვა ნახევარფინალში დიდად არ გვიკვირს, ამ ეტაპზე კიკი ბერტენსის მოხვედრა უნიკალურ შემთხვევას ჰგავს. თავად განსაჯეთ: არც ისე დიდი ხნის წინ, ჰოლანდიელი საერთოდ კარიერის დასრულებას აპირებდა, რადგან ექიმებმა მას სიმსივნე აღმოუჩინეს, ოღონდ ვერ გაარკვიეს - კეთილთვისებიანი იყო ის თუ არა.

თითქმის ერთი წელი ბერტენსს არა თუ არ უვარჯიშია, არამედ ნორმალურად ძილიც არ შეეძლო. როცა გაიგო, რომ მისი ჯანმრთელობა ნორმაშია, ბერტენსმა სწრაფ ტემპში დაიწყო სათამაშო ფორმის აღდგენა. შედეგიც სახეზეა. როლან გაროსამდე მან ნიურნბერგში ერთეულებშიც გაიმარჯვა და წყვილებში, ახლა კი ორი მატჩის მოგება აკლია საფრანგეთის ღიას დაპყრობამდე.

კიკი გუშინ შარშანდელი როლან გაროსის აღმოჩენას ტიმეა ბაშჩინსკის ხვდებოდა. ჰოლანდიელის მგავსად, შვეიცარიელმა შარშან ფურორი მოახდინა, როცა პარიზში ნახევარფინალამდე მიაღწია. წელს კი მან ამ შედეგის გამეორება ვერ შეძლო, არადა, მეოთხედფინალამდე ისე მივიდა, რომ სეტი არ წაუგია.

პირველ სეტში ბაშჩინსკის მოგების არა ერთი შანსი ჰქონდა - სამჯერ დაწინაურდა ბრეიკით, სეტზე ჩაწოდების უფლებაც ჰქონდა, 4:5-დან ზედიზედ სამი გეიმი დათმო. მეორე პარტიაში ბაშჩინსკის თითქმის არ ჰქონდა შანსი - მხოლოდ ორი გეიმი აიღო და ნახევარფინალში მსოფლიოს 58-ე ჩოგანმა შეაბიჯა.

დღის ციფრები
- ნოვაკ ჯოკოვიჩი კარიერაში 30-ედ ითამაშებს "დიდი სლემის" ტურნირების ნახევარფინალში. სერბი ზედიზედ მეექვსედ მოხვდა როლან გაროსის საუკეთესო ოთხეულში.

- დომინიკ ტიმი კარიერაში პირველად გავიდა "დიდი სლემის" ნახევარფინალში და შემდეგი კვირიდან დებიუტი ექნება რეიტინგის TOP10-ში.

- ტიმი მხოლოდ მესამე ავსტრიელია ტომას მუსტერისა და იურგენ მელცერს შემდეგ, ვინც როლან გაროსზე ასე შორს გააღწია.

- სერენა უილიამსმა ზედიზედ მე-10 მატჩი მოიგო.

- კიკი ბერტენსს დებიუტი ექნება "დიდი სლემის" ნახევარფინალში. ბოლოს ჰოლანდიელმა ჩოგბურთელმა როლან გაროსის ამ ეტაპზე 45 წლის წინ ითამაშა.

- "დიდი სლემის" ზედიზედ მე-12 ტურნირზე, ქალთა ნახევარფინალამდე დებიუტანტი გადის.

კაცები
1/4 ფინალი

ჯოკოვიჩი (სერ, 1)-ბერდიხი (ჩეხ, 7) 6:3, 7:5, 6:3
ტიმი (ავსტრია, 13)-გოფენი (ბელ, 12) 4:6, 7:6(7), 6:4, 6:1

1/2 ფინალი
ჯოკოვიჩი (სერ, 1)-ტიმი (ავსტრია, 13)
ვავრინკა (შვეიც, 3)-მარეი (ბრიტ, 2)

კაცები
1/4 ფინალი

ს. უილიამსი (აშშ, 1)-პუტინცევა (ყაზ) 5:7, 6:4, 6:1
ბერტენსი (ჰოლ)-ბაშჩინსკი (შვეიც, 8) 7:5, 6:2

1/2 ფინალი
ს. უილიამსი (აშშ, 1)-ბერტენსი (ჰოლ)
მუგურუსა (ესპ, 4)-სტოსური (ავსტრა, 21)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული