საფრანგეთის ღია პირველობა: სერენას მხოლოდ ფინალები შერჩა

AutoSharing Option
ქალთა ტურნირის ფინალური წყვილი სავსებით კანონზომიერი იყო. ბადის ზედა მხარეს ყველა სერენა უილიამსის წარმატებას ელოდა და მის ფავორიტობას ეჭვქვეშ არავინ აყენებდა.

ბადის ქვედა მხარეს კი სხვადასხვა ვარიანტი იყო შესაძლებელი და საბოლოოდ, გარბინ მუგურუსა უფრო სტაბილური აღმოჩნდა, ვიდრე აგნიეშკა რადვანსკა, სიმონა ჰალეპი და სხვები. მან ექვს მატჩში მხოლოდ ერთი პარტია წააგო - პირველი წრის პირველი სეტი.

ესპანელმა გაცემული ავანსების გამართლება შარშან დაიწყო, როცა სენსაციურად გააღწია უიმბლდონის ფინალში და იქ სერენა უილიამსთან წააგო. საინტერესოა, რომ ამ ჩოგბურთელებმა ერთმანეთში წინა სამი შეხვედრა "დიდი
სლემის" ტურნირებზე ჩაატარეს. უკვე ნახსენები უიმბლდონის ფინალის გარდა, იყო ორი მატჩი ავსტრალიის ღიაზე და ერთიც როლან გაროსზე. ორი წლის წინ, მეორე წრის შეხვედრაში გარბინმა ძალიან დამაჯერებლად მოუგო სერენას - 6:2, 6:2.

ფინალის ერთ-ერთი მთავარი ინტრიგა შემდეგში მდგომარეობდა: მოიგებდა თუ არა "დიდი სლემის" 22-ე ტიტულს სერენა, რითაც გაიმეორებდა ლეგენდარული შტეფი გრაფის ისტორიულ მიღწევას? ამერიკელს ამის საშუალება იანვარში, ავსტრალიაში ჰქონდა, მაგრამ მოულოდნელად წააგო ფინალი ანჟელიკ კერბერთან.

* * *
ფინალურ შეხვედრაში მუგურუსას საერთოდ არ ეტყობოდა ნერვიულობა. ის კორტზე უფრო მსუბუქად, მშვიდად და დამაჯერებლად გამოიყურებოდა. თავის მხრივ, უილიამსმა, რომელიც მთელი ტურნირის განმავლობაში ვერ აჩვენებდა თავის საუკეთესო ჩოგბურთს, ვერც ფინალში იპოვნა საკუთარი თამაში. ესპანელი შესანიშნავად უმკლავდებოდა ამერიკელის ტემპს და ჯობდა მას დარტყმების ძალაში.

პირველი სეტი თითქმის ერთი საათი გაგრძელდა და ბრძოლა პრაქტიკულად ყველა გეიმში იყო. თუმცა არც ერთი ჩოგბურთელი არ წელავდა გათამაშებებს და ცდილობდა სწრაფად შეესრულებინა ბოლო დარტყმა.

მუგურუსამ პირველმა შეასრულა ბრეიკი და წინ გავიდა - 4:2. სერენამ შეძლო ანგარიშის გათანაბრება. 5:5-ზე გარბინმა საკუთარი აქტიური მოქმედებებით ისევ აიღო მეტოქის მოწოდება, რის შემდეგაც გაძლო თავის გეიმში და სეტი 7:5 მოიგო.

მეორე პარტია ზედიზედ სამი ბრეიკით დაიწყო. ესპანელი დაწინაურდა და ამის შემდეგ, მეტოქეები იოლად იღებდნენ საკუთარ გეიმებს - მუგურუსამ უპირატესობა 5:3-მდე აიყვანა. მეცხრე გეიმი 10 წუთი გაგრძელდა და კინაღამ ბოლო აღმოჩნდა მატჩში - გარბინს ოთხი მატჩბოლი ჰქონდა.

მაგრამ უილიამსი ასე იოლად არ დანებდა და მაინც მოიგო თავისი გეიმი. ოთხი მატჩბოლის განიავების მიუხედავად, მუგურუსა არ ანერვიულებულა და თავის მოწოდებაზე 40:0 დაწინაურდა, რის შემდეგაც მეხუთე ცდიდან მიაღწია კარიერაში ყველაზე დიდ გამარჯვებას.

ქალები
1/2 ფინალი
ს. უილიამსი (აშშ, 1)-ბერტენსი (ჰოლ) 7:6(7), 6:4
მუგურუსა (ესპ, 4)-სტოსური (ავსტრა, 21) 6:2, 6:4

ფინალი
მუგურუსა (ესპ, 4)-ს. უილიამსი (აშშ, 1) 7:5, 6:4

ფინალის ფაქტები
- სერენა უილიამსმა კარიერაში პირველად წააგო "დიდი სლემის" ზედიზედ ორი ფინალი. იანვარში, ამერიკელი ავსტრალიის ღიას გადამწყვეტ მატჩში დამარცხდა ანჟელიკ კერბერთან, რითაც შეწყდა ფინალებში მისი რვამატჩიანი მოგებათა სერია. სერენამ კარიერაში მეხუთე ფინალი წააგო.

აი, როგორ გამოიყურება "დიდი სლემის" ტურნირების ფინალებში უილიამსის მოგება-წაგების სტენოგრამა: მოგება-წაგება-5 მოგება-წაგება-2 მოგება-წაგება-5 მოგება-წაგება-8 მოგება-წაგება.

- მუგურუსა გახდა 1990 წლის შემდეგ დაბადებული მეორე ჩოგბურთელი, ვინც "დიდი სლემის" ტურნირზე გაიმარჯვა. ესპანელამდე ეს მხოლოდ პეტრა კვიტოვამ შეძლო, რომელმაც ორჯერ მოიგო უიმბლდონი (2011, 2014). 90-იანებში დაბადებული კიდევ სამი ჩოგბურთელი - კაროლინ ვოზნიაცკი (ორჯერ), სიმონა ჰალეპი და ეჟენი ბუშარი იყვნენ ფინალში, მაგრამ წააგეს გადამწყვეტი მატჩები.

- მუგურუსა ბოლო 18 წლის განმავლობაში პირველი ესპანელი ქალი გახდა, ვინც როლან გაროსზე გაიმარჯვა. ამ ტურნირის ბოლო ესპანელი ტრიუმფატორი იყო არანჩა სანჩეს ვიკარიო - მან 1998 წელს სამ სეტში მოუგო მონიკა სელეშს.

- მუგურუსა ბოლო ოთხი წლის განმავლობაში "დიდი სლემის" ტურნირის ყველაზე ახალგაზრდა გამარჯვებულია - 22 წლის და 7 თვით. უფრო ადრეულ ასაკში ბოლო ჩემპიონი იყო ვიქტორია აზარენკა - 2012 წელს ავსტრალიის ღია პირველობა 22 წლისა და 6 თვის ასაკში მოიგო.

- მუგურუსა გახდა მეხუთე ჩოგბურთელი, რომელმაც "დიდი სლემის" ტურნირებზე სერენა მინიმუმ ორჯერ დაამარცხა. მანამდე ეს შეძლეს: ვინუს უილიამსმა (5 მოგება და 9 წაგება), ჟუსტინ ანენმა (4-3), ჯენიფერ კაპრიატიმ (4-3) და სამანტა სტოსურმა (2-1).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული