რეიტინგები: დიდი ოთხეული აღდგენილია

AutoSharing Option
ნოვაკ ჯოკოვიჩმა ისევ გაზარდა უპირატესობა კონკურენტებზე მას შემდეგ, რაც პირველად მოიპოვა როლან გაროსზე გამარჯვება. ნოვაკი უწყვეტად ლიდერობს რეიტინგს 101 კვირის განმავლობაში.

ორი კვირის შემდეგ, ის ამ მაჩვენებლით გაუსწრებს პიტ სამპარსს და ისტორიაში მეოთხე ადგილზე გადავა. ჯამში ლიდერობის მხრივ კი სერბს 202 კვირა დაუგროვდა და როჯერ ფედერერის რეკორდამდე ზუსტად 100 კვირა დარჩა. ნოვაკის ამჟამინდელი დომინირების გათვალისწინებით, იოლი წარმოსადგენია, რომ ის დარჩება ლიდერად 2018 წლის როლან გაროსის შემდეგ. გარდა ამისა, ჯოკოვიჩმა უკვე გაინაღდა წლის შემაჯამებელ ტურნირზე თამაში.

სტენ ვავრინკამ ვერ შეძლო პარიზში
ტიტულის დაცვა, ამიტომაც მეოთხე ადგილზე რაფაელ ნადალი გაუშვა. არადა, თავად ესპანელს წარუმატებელი როლან გაროსი ჰქონდა, რადგან მეორე წრის შემდეგ მოიხსნა ტრავმის გამო. ასე რომ, ATP-ის კლასიფიკაციის პირველ ოთხ ადგილს ცნობილი "დიდი ოთხეულის" წევრები (ჯოკოვიჩი, მარეი, ფედერერი, ნადალი) იკავებენ, რომელიც ჯერ კიდევ რვა წლის წინ ჩამოყალიბდა.

რა თქმა უნდა, საფრანგეთის ღიაზე მთავარი გარღვევა გახდა ნახევარფინალში 22 წლის ავსტრიელის დომინიკ ტიმის გასვლა. მან ამ ეტაპზე პირველად გააღწია. ავსტრიელი შესანიშნავ სეზონს ატარებს და დამსახურებულად მოიპოვა ადგილი პირველ ათეულში. თანაც, ტიმი ერთბაშად მეშვიდე ადგილზე აღმოჩნდა. დომინიკმა წართვა მილოშ რაონიჩს TOP10-ის ყველაზე ახალგაზრდა წევრის სტატუსი.

ასევე დაბრუნდა ტოპ-ათეულში რიშარ გასკე, რომელიც პირველად გავიდა საშინაო "დიდი სლემის" მეოთხედფინალში. ხოლო პირველი ათეული დატოვეს ჟო-ვილფრიდ ცონგამ და მარინ ჩილიჩმა. ცონგამ ერთბაშად ხუთი პოზიცია დაკარგა და მე-12 ჩოგანია, ხოლო ჩილიჩი მე-13 ადგილამდე ჩამოქვეითდა. ორივეს გაუსწრო დავიდ გოფენმა, რომელმაც მეოთხედფინალში ითამაშა და ძალიან მიუახლოვდა სანუკვარ TOP10-ს, სადაც არასოდეს ყოფილა. მისი სეხნია დავიდ ფერერი მე-14 ადგილამდე ჩავიდა, რაც ყველაზე ცუდი შედეგია მისთვის ბოლო ექვსი წლის განმავლობაში.

გრძელდება არეულობა მამაკაცთა წყვილების თანრიგში. მარსელო მელომ ვერ დაიცვა როლან გაროსზე ტიტული და პირველიდან ერთბაშად მერვე ადგილამდე დაეცა. ლიდერი კი გახდა ფრანგი ნიკოლა მაუ - ის 34 წლის ასაკში პირველად ჩაუდგა სათავეში წყვილების კლასიფიკაციას.

ATP. TOP10
1(1). ნოვაკ ჯოკოვიჩი (სერ) 16 950
2(2). ენდი მარეი (ბრიტ) 8 915
3(3). როჯერ ფედერერი (შვეიც) 6 655
4(5). რაფაელ ნადალი (ესპ) 5 405
5(4). სტენ ვავრინკა (შვეიც) 5 035
6(6). კეი ნიშიკორი (იაპ) 4 290
7(15). დომინიკ ტიმი (ავსტრი) 3 105
8(8). ტომაშ ბერდიხი (ჩეხ) 3 030
9(9). მილოშ რაონიჩი (კან) 2 965
10(10). რიშარ გასკე (საფ) 2 905

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული