ოქსანა კალაშნიკოვამ ჰოლანდიური ტურნირის წყვილთა პაექრობა მოიგო და 280 ქულა მოიპოვა

AutoSharing Option
თბილისელმა ოქსანა კალაშნიკოვამ (რეიტინგით წყვილებში 51-ე) წარმატებით იასპარეზა ჰოლანდიურ ჰერტოგენბოშში ჩოგბურთელ ქალთა საერთაშორისო ტურნირის (საპრიზო ფონდი 250.000 დოლარი) წყვილთა პაექრობაში. იაროსლავა შვედოვასთან (ყაზახეთი, მე-8) ერთად იგი ასპარეზობის რეიტინგფავორიტი იყო.

ოქსანამ და იაროსლავამ სტარტზე ვერა დუშევინასა (რუსეთი, 93-ე) და ელენა ოსტაპენკოს (ლატვია, 191-ე) სძლიეს - 7:5, 6:3, შემდეგ ჩეხები - ლენკა კუნჩიკოვა (131-ე) და კაროლინა სტუხლა (131-ე) დაამარცხეს - 7:6, 2:6, 10:7, ნახევარფინალში მათ ალექსანდრა პანოვას (რუსეთი, 62-ე) და ამრა სადიკოვიჩს
(შვეიცარია, 185-ე) აჯობეს - 6:1, 6:3. მეორე ნახევარფინალში ქსენია კნოლმა (შვეიცარია, 66-ე) და ალექსანდრა კრუნიჩმა (სერბეთი, 61-ე) ელენა იანკოვიჩი (სერბეთი, 88-ე) და ალისონ ვან უიტვანკი (ბელგია, 197-ე) ჩამოიშორეს გზიდან - 4:6, 6:1, 10:6.

გადამწყვეტ პაექრობაში კალაშნიკოვამ და შვედოვამ კნოლი და კრუნიჩი იოლად დაჯაბნეს - 6:1, 6:1 და მთავარ პრიზთან ერთად 280-280 სარეიტინგო ქულა დაიმსახურეს.

* * *
ალექსანდრე მეტრეველმა მოსკოვის ტურნირის (საპრიზო ფონდი 75.000 დოლარი) წყვილთა შეჯიბრებაში დმიტრი პოპკოსთან (ყაზახეთი) ერთად იასპარეზა.

ქართულ-ყაზახურმა დუეტმა სტარტზე დენის მაცუკევიჩსა (რუსეთი) და ანდრეი ვასილევსკის (ბელორუსი) მოუგო - 6:4, 7:6. მეორე ორთაბრძოლაში ალექსანდრ იგოშინსა (რუსეთი) და ტომას ლიპოვსეკს (არგენტინა) აჯობა - 7:5, 6:4, ნახევარფინალში დავიდ პერეს სანსი (ესპანეთი) და რამკუმარ რამანატხანი (ინდოეთი) დაამარცხა - 3:6, 6:3, 10:7 და ფინალში გავიდა.

მეტრეველმა და პოპკომ გადამწყვეტ პაექრობაში სათანადო მეტოქეობა ვერ გაუწიეს ფაკუნდო არგუელოსა (არგენტინა) და რობერტო მაიტინის (ვენესუელა) - 2:6, 5:7 დათმეს შეხვედრა და მეორე ადგილს დასჯერდნენ.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული