ნიკოლოზ ბასილაშვილის წარმატებული სტარტი უიმბლდონზე

AutoSharing Option
შარშან უიმბლდონის ტურნირზე თბილისელმა ნიკოლოზ ბასილაშვილმა ხუთი შეხვედრა მოიგო: საკვალიფიკაციო ეტაპზე სამ მეტოქეს სძლია, ძირითად ბადეში არგენტინელ ფაკუნდო ბანისსა და ესპანელ ფელისიანო ლოპესს აჯობა, მესამე წრეში კი ჩვენებური ესპანელმა რობერტო ბაუტისტა აგუტმა დაამარცხა.

ასე რომ, ბასილაშვილს წლევანდელ ტურნირზე სოლიდური ქულები აქვს დასაცავი. 21 ივნისს იგი წარმატებით ჩაება საკვალიფიკაციო ტურნირში - რეიტინგში 105-ე ადგილზე მყოფმა ქართველმა ჩოგბურთელმა 51 წუთში დაამარცხა უკრაინელი დენის მოლჩანოვი, რომელიც მსოფლიოს კლასიფიკაციაში 287-ე საფეხურზეა.

მე-2 წრეში ბასილაშვილი ეგვიპტელ მოჰამედ საფვატს გაუწევს მეტოქეობას. ამ უკანასკნელმა სტარტზე ტომას ლიპოვსეკი
(არგენტინა) ჩამოიშორა გზიდან.

იმედია, თბილისელი სპორტსმენი მეორე რაუნდსაც წარმატებით დაძლევს და ძირითად ბადეში გასასვლელად, ალბათ, ვერც მომდევნო მოწინააღმდეგე შეუშლის ხელს.

* * *
თბილისელი ოქსანა კალაშნიკოვა უიმბლდონზე წყვილების ძირითად ბადეში მოსინჯავს ძალებს. ამჟამად იგი სარა ერანისთან (იტალია) ერთად ბრიტანულ ისტბორშია (საპრიზო ფონდი 776.878 დოლარი). ოქსანა რეიტინგით 44-ეა, ერანი - 26-ე.

წლეულს მარტში მათ ერთად იასპარეზეს ინდიან უელსის ტურნირზე და ნახევარფინალსაც უწიეს.

ოქსანა და სარა დღეს ტაივანელებს - ჰაო-ჩინ ჩანისა და იუნ-იან ჩანის დაუპირისპირდებიან. წარმატების შემთხვევაში 100-100 ქულას დაიმსახურებენ.

* * *
21 ივნისს სოფიო შაფათავამ რომში იოლად გაისეირნა: იქაური ტურნირის (საპრიზო ფონდი 25.000 დოლარი) ერთეულთა თანრიგში ალისონ ბაის (ავსტრალია) აჯობა - 6:4, 6:0 და მე-2 წრეში იულია სტამატოვას (ბულგარეთი) მძლეველ (6:3, 7:5) დებორა ჩიეზას (იტალია) შეხვდება.

ამ ჩოგბურთელების შარშანდელი დუელი ბრეშას 50.000-იან შეჯიბრებაში ქართველის გამარჯვებით (6:3, 6:1) დასრულდა.

წყვილებში შაფათავამ და რებეკა სრამკოვამ (სლოვაკეთი) მშრალი ანგარიშით დაამარცხეს მასპინძლები - სუსანა და ვირჯინია ჩიკონები - 6:0, 6:0. ქართულ-სლოვაკური დუეტი მეოთხედფინალში ასპარეზობის რეიტინგფავორიტებთან - კლაუდია ჯოვანისა (იტალია) და კატარჟინა პიტერთან (პოლონეთი) გაარკვევენ ურთიერთობას.

* * *
ეკატერინე გორგოძე შვედეთის ქალთა ტურნირში (საპრიზო ფონდი 25.000 დოლარი) განთესვით მეშვიდეა. სტარტზე მან ავსტრიელი პია კონიკი ჩამოიშორა გზიდან - 7:6, 3:6, 6:2.

გორგოძე მერვედფინალში ლაურა შაედერს (გერმანია) შეხვდება, რომელმაც ემა ეკი (შვედეთი) დაჯაბნა - 6:2, 6:2.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული