ქართველი ჩოგბურთელები: ნიკოლოზ ბასილაშვილს რიოს საგზური

AutoSharing Option
ქართველ ჩოგბურთელ ვაჟთა ლიდერი, 24 წლის ნიკოლოზ ბასილაშვილი ამჟამად მსოფლიო კლასიფიკაციაში 104-ე ადგილზეა, მაგრამ ამას ხელი არ შეუშლია მისთვის, რიოს ოლიმპიური თამაშების ლიცენზია მოეპოვებინა.

ბასილაშვილი 2016 წლის ოლიმპიადაზე გამორიცხვის მეთოდით მოხვდა, ანუ ზოგიერთი ქვეყნის ჩოგბურთელმა რიოში გამგზავრებაზე უარი თქვა, რამაც ჩვენებურს ბრაზილიაში გამოსვლის შესაძლებლობა მისცა. თუმცა ისიც უნდა აღინიშნოს, რომ ბასილაშვილი კარგა ხანია, სალიცენზიო ზონასთან ახლოს იმყოფება, შარშან საუკეთესო ასეულში შევიდა და 19 ოქტომბერს რეიტინგით 86-ე იყო.

გამუდმებულმა ტრავმებმა მას წინსვლის საშუალება არ მისცა. ყოველივეს მიუხედავად, ნიკოლოზმა მიზანს მიაღწია და
ახლა ოლიმპიადაზე ეცდება წარმატების მიღწევას.

იგი პროფესიონალებში 2009 წლიდან გამოდის, მრავალი საერთაშორისო ტურნირის გამარჯვებული და პრიზიორია. თითოჯერ ავსტრალიისა და ამერიკის ღია პირველობებში იასპარეზა, ორ-ორჯერ როლან გაროსსა და უიმბლდონზე მოსინჯა ძალები. ყველაზე წარმატებით შარშან უიმბლდონზე ითამაშა - ჯერ საკვალიფიკაციო ეტაპზე სძლია სამ მეტოქეს, შემდეგ ძირითად ბადეში ჩამოიშორა ორი მოწინააღმდეგე.

ამჟამად ბასილაშვილი გერმანიაში იმყოფება და დღეს, 5 ივლისს, ბრაუშვაიგის ვაჟთა საერთაშორისო ტურნირში (საპრიზო ფონდი 106.500 ევრო) ჩაებმება. სტარტზე იგი ჰოლანდიელ იგორ რაისლინგს გაუწევს მეტოქეობას.

რიოში გამგზავრებამდე ქართველი ჩოგბურთელი თბილისში გამოვა. 15-17 ივლისს დევისის თასზე საქართველოს ნაკრები ზიმბაბვეს უმასპინძლებს. ჩვენები ევროაფრიკული ზონის მე-2 ჯგუფში დასარჩენად იბრძოლებენ.

ბოლქვაძის პირველი
უიმბლდონის გოგონათა ტურნირში ჩაება 18 წლის ქართველი ჩოგბურთელი მარიამ ბოლქვაძე. სტარტი მან საკვალიფიკაციო ეტაპზე აიღო. მსოფლიო რეიტინგში 486-ე ადგილზე მყოფმა ჩვენებურმა ჯერ ჩინელი მა შუიუე ჩამოიშორა გზიდან - 6:3, 6:3, შემდეგ მის გზას გაუყენა ავსტრალიელი დესტანე აიავა - 6:3, 3:6, 6:4.

ძირითადი ბადის პირველ წრეში ბოლქვაძე მასპინძელთა იმედს - 17 წლის კეტი სვონს (იგი ქალთა ტურნირში "ველური ბარათით" იყო მიწვეული, მაგრამ პირველსავე წრეში უნგრელ ტიმეა ბაბოშთან წააგო - 2:6, 3:6) შეხვდა. პირველ სეტში, როცა ქართველი ჩოგბურთელი 6:5 დაწინაურდა, ბრიტანელმა ტრავმის გამო ასპარეზობის გაგრძელება ვერ შეძლო.

მეთექვსმეტედფინალში ბოლქვაძე ინდოელ კარმან ტანდის გაუწევს მეტოქეობას. ამ უკანასკნელმა სტარტზე პარაგვაელ ლარა ესკაურიზას დაძაბულ პაექრობაში სძლია - 7:6, 7:5.

უიმბლდონს დაემშვიდობა
თბილისელი ოქსანა კალაშნიკოვა იტალიელ სარა ერანისთან ერთად უიმბლდონის წყვილთა გათამაშებაში მე-15 ნომრად იყო განთესილი, მაგრამ სტარტზევე წააგო ჰოლანდიელ მიკაელა კრაიჩეკისა და ჩეხ ბარბორა სტრიჩოვას დუეტთან - 6:4, 5:7, 2:6.

ჩვენებურმა შემდეგ შერეულ წყვილებში იასპარეზა: ოქსანამ და ჰოლანდიელმა მატვე მიდელკოპმა ესპანელებს - დავიდ მარეროს და მარია ხოსე მარტინეს სანჩესს აჯობეს - 7:5, 5:7, 6:3 და გუშინ მე-2 წრეში მე-5 განთესვის მქონე სერბ ნენად ზიმონიჩსა და ტაივანელ იუნ-იან ჩანთან არკვევდნენ ურთიერთობას. კალაშნიკოვა და მისი მეწყვილე ორ სეტში დამარცხდნენ - 5:7, 1:6.

ორი ქართველი უნგრეთში
ბუდაპეშტში ჩოგბურთელ ქალთა 100.000-იან ტურნირში ორი ქართველი მონაწილეობს. საკვალიფიკაციო ეტაპის პირველ წრეში სოფიო ქვაცაბაიამ მასპინძელი ადრიენ ნადი დაამარცხა - 6:3, 6:2, მაგრამ მეორე წრეში იტალიელ მარტინა დი ჯუზეპეს ვერ გასცდა - 4:6, 1:6.

ძირითად ბადეში ითამაშებს ეკატერინე გორგოძე, რომელიც დღეს აგნეს ბუკტას (უნგრეთი) შეხვდება.

გუშინ წყვილებში გორგოძემ და ქვაცაბაიამ უნგრელები - ადრიენ ნადი და ვიშონტაი ჩამოიშორეს გზიდან - 6:4, 6:0. მეოთხედფინალში ქართველები აგნეს ბუკტა (უნგრეთი)-ვივიენ იუაშზოვას (სლოვაკეთი) და ელენა ბოგდანი (რუმინეთი)-ვარაჩავა კონგთეანჩაის (ტაილანდი) დუეტებს შორის უძლიერესს დაელოდებიან.

დღეიდან ტურინში
იტალიურ ტურინში (საპრიზო ფონდი 25.000 დოლარი) ითამაშებს სოფიო შაფათავა.

გასულ უქმეებზე იგი უნგრელ რეკა-ლუკა იანისთან ერთად იტალიის დედაქალაქ რომში 50.000-იანი ტურნირის წყვილთა ფინალში გავიდა, სადაც ასპარეზობის რეიტინგფავორიტ იპეკ სოილუსა (თურქეთი) და შილინ ქსუსთან (ჩინეთი) დამარცხდა - 5:7, 1:6 და მეორე ადგილს დასჯერდა.

ამჯერად ერთეულებში სოფიო მე-3 ნომრადაა განთესილი და სტარტზე მასპინძელ მარტინა ტრევისანს გამოცდის. წყვილებში შაფათავა და ალისე მატეუჩი (იტალია) ასპარეზობის რეიტინგფავორიტები არიან და პირველ წრეში ისვენებენ.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
ტრავმა? თავის მოწოდებაზე ძალიან სუსტია...ფიზიკა არ აქვს ამ ბიჭს ეტყობა ვარჯიში ეზარება
musenbazi
11:44 05-07-2016
0

სიახლეები პოპულარული