ქართველი ჩოგბურთელები: სოფიო შაფათავა ფინალშია

AutoSharing Option
იტალიის ქალაქ ტურინის ქალთა 25.000-იან ტურნირში სოფიო შაფათავა ერთეულთა შორის მესამე ნომრად იყო განთესილი. მეოთხედფინალში ჩვენებურმა მაკედონიელ ლინა ჯორჩესკასთან წააგო - 4:6, 5:7.

სოფიოს ამ მარცხისთვის რევანშის შანსი წყვილებში ეძლევა. შაფათავა მასპინძელ ალის მატეუჩისთან ერთად ასპარეზობის რეიტინგფავორიტია.

გუშინ ნახევარფინალში მათ არგენტინელებს - ხულიეტა ლარა ესტაბლესა და დანიელა ფარფანს სამ სეტში აჯობეს - 2:6, 6:4, 10:5 და ფინალში გავიდნენ, სადაც მეტოქედ ლინა ჯორჩესკა (მაკედონია) და დალილა იაკუპოვიჩი (სლოვენია) ეყოლებათ, რომლებმაც მეორე ნახევარფინალში ოლგა პარესი (ესპანეთი) და კამილა როსატელო (იტალია) დაჯაბნეს -
2:6, 6:3, 10:7.

* * *
უიმბლდონის გოგონათა ტურნირის ძირითად ბადეში 18 წლის თბილისელმა მარიამ ბოლქვაძემ (რეიტინგით 486-ე), როგორც ვწერდით, მესამე შეხვედრა 17 წლის ამერიკელ სოფია კენინთან (328-ე) წააგო. სამაგიეროდ, 14 წლის კეტი მაკნეილთან (აშშ) ერთად წარმატებით გამოდის წყვილებში.

მარიამმა და კეტიმ სტარტზე ჩინელ სიქი ჩაოს და ამერიკელ ჩიარა ლომერს აჯობეს - 4:6, 6:3, 6:2, მეორე წრეში მე-8 ნომრად განთესილ ჯოდი ენ ბარეჯისა (დიდი ბრიტანეთი) და პანა ედვარდს (უნგრეთი) სძლიეს - 6:4, 6:1.

ქართულ-ამერიკულ დუეტს მეოთხედფინალში მეტოქეობას გაუწევენ ამერიკელები - 14 წლის ამანდა ანისიმოვა და 17 წლის ალექსანდრა სანფორდი, რომლებმაც გუშინ ბრიტანელები - ალი კოლინსი და ფრანჩესკა იონესი ჩამოიშორეს გზიდან - 6:4, 3:6, 7:5.

* * *
უნგრეთის დედაქალაქში ჩოგბურთელ ქალთა 100.000-იან ტურნირს გამოეთიშნენ ეკატერინე გორგოძე და სოფიო ქვაცაბაია.

ერთეულებში ზედიზედ ორი გამარჯვების შემდეგ მეოთხედფინალში გორგოძე ბულგარელ ელიცა კოსტოვასთან ვერაფერს გახდა - 1:6, 1:6.

წყვილებში გორგოძემ და ქვაცაბაიამ ნახევარფინალური პაექრობა მე-2 ნომრად განთესილი ჩეხების - ლენა კუნჩიკოვას და კაროლინა სტუჩლას დუეტთან დათმეს - 3:6, 1:6.

* * *
რიოს ლიცენზიანტი ნიკოლოზ ბასილაშვილი გუშინ გერმანული ბრაუშვეიგის ვაჟთა საერთაშორისო ტურნირის (საპრიზო ფონდი 106.500 ევრო) მეოთხედფინალში ასპარეზობის ბრაზილიელ რეიტინგფავორიტთან, 28 წლის ტომას ბელუჩისთან (კლასიფიკაციით 62-ე) დამარცხდა - 0:6, 4:6.

15-17 ივლისს ბასილაშვილი თბილისში საქართველოს ნაკრების შემადგენლობაში დევისის თასზე ზიმბაბვეს წინააღმდეგ ითამაშებს.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული