გუშინ, 19 ივლისს, ქართველმა პირველი წრის მატჩი ჩაატარა და ამ სეზონში ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს გამარჯვებას მიაღწია - 6:4, 7:6(4).
ბასილაშვილის მეტოქე მსოფლიოს 79-ე ნომერი, ჩეხი ლუკაშ როსოლი იყო. ქართველის მსგავსად, როსოლმაც ითამაშა დევისის თასზე - მსოფლიოს ჯგუფის მეოთხედფინალში საფრანგეთის წინააღმდეგ. და იმ მატჩში, ლუკაშმა თვით ჟო-ვილფრიდ ცონგას დამარცხება შეძლო. ასე რომ, ჩეხი უფორმობას ნამდვილად არ უჩიოდა.
გუშინდელი მატჩის პირველ სეტში
ბასილაშვილმა მნიშვნელოვან მომენტებში საიმედოდ ითამაშა და ბრეიკის გაკეთების საშუალება არ მისცა ჩეხს. საქმე ტაიბრეიკამდე მიდიოდა, როცა ბასილაშვილმა 5:4-ზე მაღალ დონეზე ითამაშა მიღებაზე და მეტოქის მოწოდება "მშრალი" ანგარიშით მოიგო - 6:4.
მეორე სეტი გაცილებით რთული აღმოჩნდა ქართველი ჩოგბურთელისთვის, რადგან თითქმის სულ მდევრის როლში იყო. როსოლი ორჯერ იგებდა ბრეიკით - 1:0 და 6:5, მაგრამ ნიკოლოზმა ორივეჯერ შეძლო უკუბრეიკის გაკეთება, თან ისე, რომ სეტბოლამდეც არ მიიყვანა როსოლი.
მეორე სეტის ტაი-ბრეიკიც ჩეხის უპირატესობით დაიწყო - 3:1 დაწინაურდა. ბასილაშვილმა მეექვსე გათამაშებაში შეასრულა მინი-ბრეიკი და გაათანაბრა ანგარიში, ხოლო 5:4-ზე ზედიზედ ორჯერ აიღო მეტოქის მოწოდებაზე ქულა და შემოკლებულ გეიმში 7:4 იმარჯვა.
ბასილაშვილს შვიდი ბრეიკ-პოინტი ჰქონდა და სამი გამოიყენა, როსოლს - ექვსი და ორი გამოყენებული შანსი. თამაში საათი და 34 წუთი გაგრძელდა.
მეორე წრეში ქართველის მეტოქე იქნება ჰოლანდიელი იგორ სისლინგი, რომელმაც ერთი დღით ადრე 2:0 დაამარცხა კენი დე სხეპერი.
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"