ნოვაკ ჯოკოვიჩმა საიუბილეოს დაუმიზნა

AutoSharing Option
ოპტიმალური ფორმისგან ჯერაც შორს მყოფმა ნოვაკ ჯოკოვიჩმა შეძლო ტორონტოს "მასტერსის" ფინალში გასვლა. სერბმა ჩოგბურთელმა ნახევარფინალში 73 წუთში მოუგო ფრანგ გაელ მონფილსს - 6:3, 6:2 და მასთან ურთიერთშეხვედრათა ანგარიში გაზარდა - 12:0. თუმცა მსოფლიოს პირველი ჩოგანის თამაში იდეალური არ ყოფილა - მან ერთი ეისი ჩააწოდა და ექვსი ორმაგი შეცდომა დაუშვა.

წინა დღეს, მეოთხედფინალში ორივე ჩოგბურთელს რთული ბრძოლა ჰქონდა. ჯოკოვიჩმა ტომაშ ბერდიხის წინააღმდეგ სამი სეტბოლი მოიგერია პირველ სეტში, მონფილსს კი მილოშ რაონიჩისგან შეხვდა დიდი წინააღმდეგობა, მაგრამ მანაც ორ სეტში გაიმარჯვა.

საერთოდ, ფრანგი
კარგ ფორმაში შეხვდა ტორონტოს "მასტერსს". ერთი კვირით ადრე, მან ვაშინგტონის ტურნირის მოგება შეძლო, თუმცა ფინალში ისევ დარია ხელი "ჯოკოვიჩის კომპლექსმა". მონფილსმა მეორე მოწოდებაზე ქულების მხოლოდ 28 პროცენტი აიღო და ეს იყო მარცხის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი. ჯოკოვიჩმა თითო სეტში ორ-ორი ბრეიკის შესრულება მოახერხა, თავად კი ერთხელ დათმო საკუთარი მოწოდება. საინტერესოა, რომ მონფილსს უფრო მეტი ბრეიკ-პოინტი ჰქონდა (შვიდი ხუთის წინააღმდეგ), მაგრამ მხოლოდ ერთი შანსი გამოიყენა.

ასე თუ ისე, ჯოკოვიჩმა სერიოზულად დაუმიზნა კარიერაში რიგით 30-ე "მასტერსს". ამ სერიის ტურნირებში ის აშკარად დომინირებს - ბოლო 15 ტურნირიდან მეთოთხმეტედ გავიდა ფინალში და ამ შთამბეჭდავი სერიისას 11 გამარჯვება ჰქონდა.

* * *
ჯოკოვიჩისგან განსხვავებით, მხოლოდ მესამედ ითამაშებს "მასტერსის" ფინალში კეი ნიშიკორი. იაპონელს მძიმე ბრძოლა გადახდა თავს სტენ ვავრინკას წინააღმდეგ. აზიელი განწირული ჩანდა პირველ პარტიაში, როცა 2:5 ჩამორჩა, მაგრამ შთამბეჭდავი ქამბექი შეასრულა. კეიმ შეძლო ანგარიშის გათანაბრება, მე-11 გეიმში კი ორი დაფარული სეტბოლი ვერ გამოიყენა. მე-12 გეიმში საკუთარ მოწოდებაზე ორი სეტბოლის მოგერიება მოუწია, კიდევ ორჯერ ეს დრამატულ ტაი-ბრეიკზე გააკეთა, რის შემდეგაც, პირველივე სეტბოლით მოიგო პარტია (4:6-დან ზედიზედ ოთხი ქულა აიღო).

მეორე პარტიაში კი ვავრინკამ თითქმის შეწყვიტა წინაღმდეგობა - ორჯერ დათმო საკუთარი მოწოდება, თავად კი ერთი ბრეიკ-პოინტიც არ ჰქონია. ისე გამოვიდა, რომ პირველი სეტის კრიტიკული მომენტიდან მოყოლებული, ნიშიკორიმ მომდევნო 13 გეიმიდან 11 თავის სასარგებლოდ დაასრულა.

ამ მოგებით, იაპონელმა შეწყვიტა რეიტინგის TOP5-ის ჩოგბურთელებთან 16-მატჩიანი (!) წაგებათა სერია. ვავრინკას კი მეხუთედ შეხვდა პროფესიულ ტურში და მეორედ მოუგო.

როგორც გითხარით, ნიშიკორი კარიერაში მესამედ გავიდა "მასტერსის" ტურნირების ფინალში. ერთხელ ეს წელს მოხდა - მაიამიში და მაშინ აზიელმა სწორედ ჯოკოვიჩთან წააგო. სულ ამ სეზონში, ნოვაკი და კეი სამჯერ შეხვდნენ ერთმანეთს "მასტერსებზე" და სამივეჯერ სერბმა მოიგო - მაიამის გარდა, მადრიდისა და რომის ნახევარფინალებში. ჯამში მათი ურთიერთშეხვედრათა ანგარიშია - 9:2 ჯოკოვიჩის სასარგებლოდ.

1/8 ფინალი
ჯოკოვიჩი (სერ, 1)-შტეპანეკი (ჩეხ) 6:2, 6:4
ვავრინკა (შვეიც, 2)-სოკი (აშშ, 16) 7:6(3), 6:2
ნიშიკორი (იაპ, 3)-რამი (აშშ) 6:3, 6:4
რაონიჩი (კან, 4)-დონალდსონი (აშშ) 6:2, 6:3
ბერდიხი (ჩეხ, 5)-ჰარისონი (აშშ) 6:4, 6:7(2), 6:4
მონფილსი (საფ, 10)-გოფენი (ბელ, 7) 7:6(5), 2:6, 6:4
ანდერსონი (ს. აფრ)-ტომიჩი (ავსტრა, 12) 4:6, 6:3, 6:4
დიმიტროვი (ბულ)-კარლოვიჩი (ხორ) 6:3, 7:5

1/4 ფინალი
ჯოკოვიჩი (სერ, 1)-ბერდიხი (ჩეხ, 5) 7:6(6), 6:4
ვავრინკა (შვეიც, 2)-ანდერსონი (ს. აფრ) 6:1, 6:3
ნიშიკორი (იაპ, 3)-დიმიტროვი (ბულ) 6:3, 3:6, 6:2
მონფილსი (საფ, 10)-რაონიჩი (კან, 4) 6:4, 6:4

1/2 ფინალი
ჯოკოვიჩი (სერ, 1)-მონფილსი (საფ, 10) 6:3, 6:2
ნიშიკორი (იაპ, 3)-ვავრინკა (შვეიც, 2) 7:6(6), 6:1

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული