მარეიმ ბოლომდე ვერ გაძლო

AutoSharing Option
ცინცინატიში მამაკაცთა ტურნირი უფრო წარმომადგენლობითი იყო. მართალია, ნოვაკ ჯოკოვიჩი არ თამაშობდა, სამაგიეროდ, ოლიმპიადის ოთხი მეოთხედფინალისტიდან სამი ვიხილეთ საქმეში - ენდი მარეი, რაფაელ ნადალი და კეი ნიშიკორი.

ნადალმა რიოში ორ თანრიგში ითამაშა და ორივეში მატჩების მაქსიმალური რაოდენობა ჩაატარა. ამან ესპანელის ფიზიკურ ფორმას სერიოზული კვალი დაატყო და რაფა მეორე წრეში გამოეთიშა ბრძოლას. პაბლო კუევასის დამარცხების შემდეგ, ესპანელმა თითქმის ვერ გაუწია წინააღმდეგობა ხორვატ ბორნა ჩორიჩს, რომელიც კარიერაში პირველად გავიდა "მასტერსის" მეოთხედფინალში.

ასევე ეტყობოდა დაღლა ნიშიკორის. მანაც შეძლო პირველი მატჩის მოგება მიხაილ იუჟნის წინააღმდეგ,
მაგრამ მერვედფინალში ორი სეტი ებრძოლა ბერნარდ ტომიჩს, მაგრამ მაინც დამარცხდა.

დაღლილი იყო ენდი მარეიც, მაგრამ რიოს ჩემპიონი ისეთ ფორმაში იმყოფება, რომ ცუდ ფიზიკურ მდგომარეობაშიც შეუძლია წინსვლა. ბრიტანელმა ორ სეტში მოიგო ზედიზედ ოთხი მატჩი - ერთნაირი ანგარიშით (6:3, 6:2) დაამარცხა ხუან მონაკო და კევინ ანდერსონი, მეოთხედფინალში მოუგო ბერნარდ ტომიჩს - 6:4, 6:4, ნახევარფინალში კი კიდევ უფრო იოლად სძლია მილოშ რაონიჩს - 6:3, 6:3. ენდიმ 22 მატჩამდე აიყვანა მოგებათა სერია და ფინალში გავიდა.

გადამწყვეტ მატჩში მას ელოდა ხორვატი მარინ ჩილიჩი, რომელიც მანამდე არასოდეს ყოფილა "მასტერსის" სერიის ტურნირებში მეოთხედფინალზე შორს. ჩილიჩს ურთულესი ბრძოლის გადატანა მოუწია ნახევარფინალში გრიგორ დიმიტროვის წინააღმდეგ - წააგო პირველი სეტი, მეორეში კი ბრეიკით აგებდა, მაგრამ მაინც შეძლო მოგება - 4:6, 6:3, 7:5. ეს მატჩი ადგილობრივი დროით ღამის 1:35-ზე დასრულდა და ჩილიჩს თითქმის არ ჰქონდა ფინალისთვის დასვენების საშუალება.

მიუხედავად ამისა, ფინალში უფრო მხნედ სწორედ ხორვატი გამოიყურებოდა. მან პირველ სეტში ორმაგი ბრეიკით დაწინაურება შეძლო და მართალია, ერთი საკუთარი გეიმი წააგო, მაინც მოახერხა სეტებში წინ გასვლა. მეორე პარტიაში კი მარეის საერთოდ არ წაუვიდა თამაში მიღებაზე - მეტოქის გეიმებზე მხოლოდ სამი ქულა აიღო. ბოლოსკენ ენდიმ საკუთარი გეიმი დათმო და ბრეიკის დაბრუნების ძალა აღარ აღმოაჩნდა.

ცინცინატიში ტრიუმფი დაეხმარება ჩილიჩს დაბრუნდეს ტოპ-ათეულში და აშშ-ის ღია პირველობაზე პირველ რვა განთესილს შორის მოხვდეს. რაც შეეხება მარეის, მან ბოლო ოთხი წლის განმავლობაში პირველად წააგო გადამწყვეტი მატჩი არა ნოვაკ ჯოკოვიჩთან. ბრიტანელს ზედიზედ 13 ფინალი ჰქონდა მოგებული, როცა მეტოქედ სერბი არ ჰყავდა.

1/4 ფინალი
გრიგორ დიმიტროვი (ბულ)-სტივ ჯონსონი (აშშ) 7:6(10:8), 6:2; მილოშ რაონიჩი (კან, 4)-დომინიკ ტიმი (ავსტრია, 8) 6:3, 6:4; მარინ ჩილიჩი (ხორ, 12)-ბორნა ჩორიჩი (ხორ) 6:2, უარი; ენდი მარეი (ბრიტ, 1)-ბერნარდ ტომიჩი (ავსტრა) 6:4, 6:4.

1/2 ფინალი
ენდი მარეი (ბრიტ, 1)-მილოშ რაონიჩი (კან, 4) 6:3, 6:3; მარინ ჩილიჩი (ხორ, 12)-გრიგორ დიმიტროვი (ბულ) 4:6, 6:3, 7:5.

ფინალი
მარინ ჩილიჩი (ხორ, 12)-ენდი მარეი (ბრიტ, 1) 6:4, 7:5.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული