აშშ-ის ღია პირველობა: ნოვაკმაც კი იცის, რომ მარეი ფავორიტია

AutoSharing Option
შვედმა ექსპერტმა, მსოფლიოს ყოფილმა პირველმა ჩოგანმა მატს ვილადერმა "დიდი სლემის" რიგით მეოთხე ტურნირის - აშშ-ის ღია პირველობის წინ საკუთარი მოლოდინი გაუზიარა ჟურნალისტებს...

- მატს, პირველ რიგში, ვის დაასახელებდით აშშ-ის ღიას მთავარ ფავორიტად?
- პირველად ხდება, როცა ტურნირის დაწყებამდე ენდი მარეია აშკარა ფავორიტი "დიდი სლემის" ჩემპიონატში გამარჯვებაზე, მაგრამ არ ვიცი, თავად როგორი რეაგირება ექნება ამაზე. ცხადია, რომ ჯოკოვიჩს რევანში უნდა, თუმცა არც ის ვიცით, რა მდგომარეობაშია სერბი. რაონიჩი და ნიშიკორი ასევე შედიან მთავარ ფავორიტთა შორის. საერთოდ, მგონია, რომ მამაკაცთა ტურნირში შეიძლება
მოულოდნელი გამარჯვებული მივიღოთ.

- ქალებში?
- იქაც არის ვარიანტები, მაგრამ მგონია, რომ სერენა უილიამსი მოიგებს "დიდი სლემის" 23-ე ტიტულს. მიზეზი კი სწორედ სარეკორდო 23-ე გამარჯვებაა. ის ზეწოლის ქვეშ იქნება, მაგრამ სერენა ამას მიჩვეულია. ის კარგად ითამაშებს, რადგან გამარჯვების შემთხვევაში, ეს იქნება ყველაზე დიდი მიღწევა მის კარიერაში.

- ნადალს შეუძლია "დიდი სლემის" კიდევ ერთი ტურნირის მოგება?
- დიახ. ის უკვე აშშ-ის ღიაზე იქნება სახიფათო. ოლიმპიადაზე გამოსვლამ მას საკუთარ ძალებში თავდაჯერებულობა მოუტანა. მასზე არანაირი ზეწოლა არ იქნება. თუმცა, წელს ტრიუმფი გაჭირდება, აი, მომდევნო სეზონში კი სავსებით შესაძლებელია. დარწმუნებული ვარ, რომ ადრე თუ გვიან, ის მოიგებს კიდევ ერთ "სლემს".

- გახდება გარბინ მუგურუსა მომავალში მსოფლიოს პირველი ჩოგანი?
- სავსებით შესაძლებელია, მაგრამ, სხვა შემტევი მოთამაშეების მსგავსად, მასაც აქვს დაცვაში თამაშის პრობლემები. როცა მას შეტევაში თამაში არ გამოსდის, მზად არ არის, დაცვაში იმუშაოს. სწორედ ეს დაემართა ბოლო დროს ეჟენი ბუშარს. იმისთვის, რომ მსოფლიოში საუკეთესო გახდე, აუცილებელია ამ კომპონენტის გაუმჯობესება. ნებისმიერ შემთხვევაში, მუგურუსას შეუძლია პირველი ჩოგანი გახდეს, რადგან სერენა უკვე ვეტერანია და მალე დაასრულებს კარიერას.

- ცინცინატის "მასტერსის" ჩემპიონმა მარინ ჩილიჩმა თქვენს თანამემამულესთან, იონას ბიორკმანთან დაიწყო მუშაობა. როგორ შეუძლია მას ხორვატის თამაშის გაუმჯობესება?
- იონასი - ერთ-ერთი უჭკვიანესი მოთამაშეა ისტორიაში. რა თქმა უნდა, ის არ დაიწყებს მარინისთვის იმის სწავლას, რასაც თავად აკეთებდა კორტზე. გორან ივანიშევიჩის ხელმძღვანელობით, ჩილიჩი ცდილობდა ძალიან აქტიურად ეთამაშა. ბოლო დროს, მან ამ მხრივ ოდნავ მოუკლო, მაგრამ ცინცინატიში ძალიან წარმატებულად ითამაშა. დარწმუნებული ვარ, რომ ბიორკმანი კიდევ უფრო გააუმჯობესებს მის თამაშს.

- რატომ ვერ ახერხებს აგნიეშკა რადვანსკა ამერიკის ღია პირველობაზე მეოთხე წრეზე შორს გასვლას?
- რთული სათქმელია, თუმცა ასეთ ფაქტორს გამოვყოფდი: ნიუ-იორკში პუბლიკა ძალიან ხმაურიანია, აგნიეშკას ჩოგბურთი კი განსაკუთრებულ კონცენტრაციას ითხოვს. გულშემატკივართა მუდმივი მოძრაობა ყურადღებას უფანტავს. მეც მქონდა მსგავსი პრობლემა მრავალი წლის განმავლობაში.

- როგორ გამოვლენ ნიუ-იორკში ოლიმპიადის მთავარი გმირები?
- რთულია იმის პროგნოზირება - როგორ ითამაშებს მონიკა პუიგი. ახლა მისი მშობლიური ქვეყანა პუერტო რიკო მონიკას ყველა მატჩს უყურებს უახლოესი ხუთი წლის განმავლობაში. ამიერიდან, მისგან მაღალი შედეგების მოლოდინი იქნება. ჩემთვის საინტერესოა, როგორ გაუმკლავდება ის ამ ზეწოლას.

ხუან მარტინ დელ პოტრო დარწმუნებული იქნება საკუთარ ძალებში. სხვა მოთამაშეებს მისი ეშინიათ. მას ამ ტურნირზე ადრე მოგებული აქვს. ასე რომ, ძალიან სახიფათო მეტოქეა.

ანჟელიკ კერბერთან დაკავშირებით, ყველაფერი მის მდგომარეობაზეა დამოკიდებული. ის შესანიშნავად თამაშობდა და კინაღამ პირველი ჩოგანი გახდა - მხოლოდ ცინცინატის ფინალის მოგება დააკლდა. მაგრამ მეორე ჩოგანის რანგშიც თავის თავში დარწმუნებულია. ახლა მას ისეთი სტატუსი აქვს, რომ ყოველ ტურნირზე გამარჯვების პრეტენდენტია.

- ვინ იქნება დომინანტი ჩოგბურთში მარეისა და ჯოკოვიჩის წასვლის შემდეგ?
- ვფიქრობ, ასეთი ჩოგბურთელი არ ჩანს. დღეს ვერ ვხედავთ ერთ ცალკე აღებულ მოთამაშეს, რომელიც ერთპიროვნული ლიდერი გახდება. მგონია, რომ კირგიოსს, რაონიჩს ან ალექსანდრ ზვერევს შეუძლიათ "დიდი სლემის" ტურნირის მოგება, მაგრამ მათ ძალიან გაუჭირდებათ მწვერვალზე ყოფნა ორი ან მეტი წლის განმავლობაში, როგორც ეს ფედერერის ან ჯოკოვიჩის შემთხვევაში მოხდა. და ვფიქრობ, რომ ასეთი კონკურენცია - ძალიან კარგია ჩოგბურთისთვის.

- შეიძლება ჯოკოვიჩს ვუწოდოთ საუკეთესო ჩოგბურთელი იმათგან, ვისაც რეიტინგის უმაღლესი საფეხურისთვის არ მიუღწევია?
- რთული შეკითხვაა. ვფიქრობ, მაინც გილერმო ვილასი იმსახურებდა ამ ტიტულს. იყო მომენტები, როცა ის საუკეთესო იყო მსოფლიოში. უბრალოდ, კომპიუტერი, რომელიც ქულებს ითვლის, ამას არ ეთანხმებოდა. ბოლო ორ თვეში ენდი მარეი საუკეთესო ჩოგბურთელია მსოფლიოში. უბრალოდ, რეიტინგი ამას სხვანაირად უყურებს, რადგან ქულებს ბოლო ერთი წლის შედეგების მიხედვით ითვლის. რა თქმა უნდა, ენდი - ერთ-ერთი საუკეთესოა იმათგან, ვინც ოფიციალურად პირველი არასოდეს ყოფილა, მაგრამ, ამ მომენტისთვის, ის საუკეთესო მოთამაშეა პირადად ჩემთვის. ვფიქრობ, ჯოკოვიჩიც თვლის, რომ მარეია აშშ-ის ღიას მთავარი ფავორიტი.

- ჯოკოვიჩს ზედიზედ ორი წარუმატებელი ტურნირი ჰქონდა. რა დაემართა მას უიმბლდონის წინ?
- მე არ გამოვყოფდი ცალკე უიმბლდონს. ეს ტურნირი მისთვის არ იყო მნიშვნელოვანი. შესაძლოა, ნოვაკისთვის ეს იყო "დიდი სლემის" ყველაზე უმნიშვნელო ტურნირი ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში. მანამდე ჯოკოვიჩმა პარიზში კარიერული "დიდი სლემი" გაიფორმა, ხოლო უიმბლდონის მსვლელობისას გამოჩნდა, რომ არ იყო შესაბამისად განწყობილი საბრძოლველად.

ოლიმპიადაზე კი სურდა მოგება, მაგრამ არ ჰქონდა საკმარისი დამაჯერებლობა. თან ყველაზე რთული ბადე შეხვდა - პირველივე წრეში დელ პოტროს გადაეყარა. და ხუან მარტინს არ ჰქონდა პრობლემები იმისთვის, რომ ჯოკოვიჩი დაემარცხებინა, რადგან მის წინააღმდეგ ბოლო ხუთი წელი არ ეთამაშა. მისთვის ნოვაკი - ჩვეულებრივი მოთამაშეა, რომლის დამარცხება შეუძლია. დარწმუნებული ვარ, რომ სერბი დაბრუნდება ძველ დონეზე, მაგრამ არ არის აუცილებელი, ეს უახლოეს ტურნირზე მოხდეს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული