US OPEN 2016: უთამაშებელი და დასვენებული ჯოკოვიჩი

AutoSharing Option
სანამ მამაკაცთა ტურნირის ფავორიტები - მარეი, ნადალი, ვავრინკა და დელ პოტრო ბრძოლით მიიკვლევენ გზას ფინალისკენ, მსოფლიოს პირველ ნომერს ნოვაკ ჯოკოვიჩს თითქმის არ უწევს თამაში და ნიუ იორკში სეირნობით არის დაკავებული.

პირველ წრეში პოლონელი იეჟი იანოვიჩის ოთხ სეტში დამარცხების შემდეგ, სერბმა მომდევნო ორ შეხვედრაში მხოლოდ 35 წუთი დაჰყო კორტზე: მისი მეორე მეტოქე ირჟი ვესელი საერთოდ არ გავიდა სათამაშოდ, მესამე წრეში კი მიხაილ იუჟნიმ პირველი სეტის ექვსი გეიმის შემდეგ შეწყვიტა ბრძოლა მუხლის ტრავმის გამო.

რა თქმა უნდა, ზედმეტი დასვენება და ძალების დაზოგვა
კარგია, მაგრამ ჯოკოვიჩს სათამაშო პრაქტიკაც არ აწყენდა, რაც ნამდვილად აკლია ამ ტურნირზე. რამდენად სასარგებლო იყო ნოვაკისთვის ამგვარი პაუზა, ამას მერვედფინალში 21 წლის ბრიტანელი კაილ ედმუნდი შეამოწმებს, რომელიც ბრწყინვალე ფორმაში იმყოფება. შეგახსენებთ, რომ პირველ წრეში მან ფრანგი რიშარ გასკე დაამარცხა, მესამე რაუნდში კი ამერიკელი ჯონ ისნერი დატოვა უშანსოდ. მერვედფინალში ჯოკოვიჩისა და ედმუნდის დაპირისპირება ერთ-ერთ ცენტრალურ მატჩად უნდა მივიჩნიოთ.

ენდის რთული მატჩები
ორი რთული მატჩის ჩატარება მოუწია ტურნირის ერთ-ერთ მთავარ ფავორიტს ენდი მარეის. მეორე წრეში ბრიტანელი მარსელ გრანოლერს ეთამაშებოდა. ენდის ყველაზე მეტად პირველ სეტში გაუჭირდა, რომელიც საათზე დიდხანს გაგრძელდა. მარეი 3:0-ს და 5:2-ს იგებდა, მაგრამ მეტოქეს ანგარიშის გათანაბრების საშუალება მისცა და მხოლოდ მეშვიდე სეტბოლზე მიაღწია მიზანს.

მომდევნო ორ პარტიაში კი მსოფლიოს მეორე ჩოგანს არ გასჭირვებია და ესპანელმა ერთი ბრეიკის შესრულებაც ვერ შეძლო - 6:4, 6:1, 6:4. სხვათა შორის, ამ მატჩის შემდეგ, მარეის მიერ კორტზე გამომუშავებული ჰონორარის საერთო ოდენობამ 50 მილიონ დოლარს გადააჭარბა.

მესამე რაუნდში ბრიტანელის მეტოქე 34 წლის იტალიელი პაოლო ლორენცი იყო, რომელიც კარიერაში საუკეთესო სეზონს ატარებს. წელს, მისთვის ყველაფერი პირველად ხდება - დაახლოებით ორი თვის წინ, აპენინელმა კიტცბუელის ფინალში ქართველი ნიკოლოზ ბასილაშვილი დაამარცხა და კარიერაში ATP-ის პირველი ტურნირი მოიგო. აშშ-ის ღიაზე კი პირველად (!) გავიდა "დიდი სლემის" ტურნირის მესამე წრეში. ეს მოხდა ფრანგ ჟილ სიმონთან მარათონული მატჩის მოგების შემდეგ - 3:6, 6:2, 6:2, 6:7(1), 7:6(3). მატჩი 4 საათი და 54 წუთი გაგრძელდა და ეს, ჯერჯერობით, მიმდინარე ტურნირის რეკორდია. საინტერესოა, რომ მეხუთე სეტის მსვლელობისას 10 ბრეიკი დაფიქსირდა!

ხუთსაათიანი მარათონის შემდეგ, რთული წარმოსადგენი იყო, რომ ლორენცი მარეის ბრძოლას მოახვევდა თავს. მაგრამ პირველ ორ სეტში იტალიელი ძალიან კარგი იყო. ორივე პარტიაში ის სეტზე აწვდიდა: პირველში (ამ სეტში მარეიმ 28 უნებლიე შეცდომა დაუშვა - იმაზე მეტი, ვიდრე წინა ორ მატჩში ერთად აღებული) ტაი-ბრეიკზე წააგო, სამაგიეროდ, მეორე მოიგო - 7:5 (აქ ენდის მოწოდება საერთოდ არ მუშაობდა - პირველ ჩაწოდებაზე ქულების მხოლოდ 20 პროცენტი მოიგო). თუმცა, მომდევნო ორ სეტში ენდიმ მოუმატა და ლორენცის დაღლა დაეტყო - 7:6(4), 5:7, 6:2, 6:3. მარეის ამ მატჩში 60 "ვინერსი" და ძალიან ბევრი - 63 უნებლიე შეცდომა ჰქონდა, რითაც ბრიტანელი ძალიან უკმაყოფილო იყო.

მარეის შემდეგი მეტოქე გრიგორ დიმიტროვი იქნება. სხვათა შორის, ენდი ზედიზედ 23-ედ გავიდა "დიდი სლემის" ტურნირების მერვედფინალში.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული