US OPEN 2016: ჯოკოვიჩი და ვავრინკა გადაიკვეთნენ

AutoSharing Option
ლეგენდარულმა ამერიკელმა ჯონ მაკინროიმ, რომელიც დღეს კომენტატორად და სატელევიზიო ანალიტიკოსად მუშაობს, ნოვაკ ჯოკოვიჩისა და გაელ მონფილსის შეხვედრას "ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე გიჟური მატჩი" უწოდა.

ამ შეხვედრის რამდენიმე ნაწილად დაყოფა შეიძლება და თითოეული ეპიზოდი მონფილსის ხასიათზე იყო დამოკიდებული: ფრანგი ხან მოდუნებული იყო და ბევრს ცდებოდა, შემდეგ უცებ აფეთქდებოდა, აქტიურად მოქმედებდა და კორტზე ყველაფერი გამოსდიოდა.

პირველ სეტში ჯოკოვიჩმა 16 წუთში 5:0 წაიყვანა ანგარიში და მხოლოდ ამის შემდეგ, მონფილსი პირველად ჩაერთო თამაშში. მან კინაღამ მინიმუმამდე შეამცირა სხვაობა, მაგრამ სერბმა მაინც შეძლო პირველი სეტის მოგება,
შემდეგ მეორეც თავის სასარგებლოდ დაასრულა - 6:3, 6:2. მესამეში ფრანგი ნამდვილად მოწოდების სიმაღლეზე იყო: 0:2-დან ზედიზედ ხუთი გეიმი აიღო, შემდეგ სამმაგი ბრეიკ-პოინტი მოიგერია და სეტებში ანგარიში შეამცირა - 6:3.

მეოთხე პარტიის დასაწყისში ჩოგბურთელებმა ბრეიკები გაცვალეს, რის შემდეგაც ჯოკოვიჩი 5:2 დაწინაურდა. მერვე გეიმში ფრანგის შეცდომებმა ნოვაკი სამმაგ მატჩბოლამდე მიიყვანა და მსოფლიოს პირველმა ჩოგანმა წერტილი დაუსვა შეხვედრას - 6:3, 6:2, 3:6, 6:2. ჯოკოვიჩი მეშვიდედ გავიდა აშშ-ის ღიას ფინალში და ეცდება მესამედ მოიგოს მთავარი პრიზი.

* * *
მეორე ნახევარფინალში ორივე ჩოგბურთელი ბრწყინვალე თამაშს აჩვენებდა. შეხვედრის დასაწყისში კეი ნიშიკორის მოწოდება იდეალური იყო: პირველ პარტიაში მან საკუთარ გეიმებში მხოლოდ ერთი ქულა დათმო და სეტი 6:4 მოიგო.

სტენ ვავრინკამ თავიდან არჩეულ გეგმას არ გადაუხვია და აგრესიულ თამაშს აგრძელებდა, რამაც მეორე სეტიდან გამოიღო შედეგი: სტარტზე ვავრინკამ თავისი პირველივე ბრეიკ-პოინტი გამოიყენა, შემდეგ თავად მოიგერია ოთხი ასეთი საფრთხე 3:3-ზე და კიდევ ორი - 4:4-ზე. და საბოლოოდ, სეტი მას დარჩა. თითქოს ეს გარდამტეხი მომენტი იყო. მესამე სეტში ვავრინკა ბრეიკით დაწინაურდა.

იაპონელმა გაათანაბრა ანგარიში, მაგრამ მცირე შესვენების შემდეგ, რომელიც კორტის გადახურვისთვის იყო საჭირო, ნიშიკორის თამაშის დონე დაეცა და შეცდომების რაოდენობამ იმატა. ვავრინკამ მოიგო მე-10 გეიმი მეტოქის მოწოდებაზე და მასთან ერთად სეტი - 6:4. მეოთხე პარტიაც მესამე ნომრის უპირატესობით მიმდინარეობდა და სამი საათი და შვიდი წუთი ბრძოლის შემდეგ, სტენმა ფინალში გასვლა იზეიმა - 4:6, 7:5, 6:4, 6:2.

სტენ ვავრინკა ზედიზედ მესამე სეზონია "დიდი სლემის" ტურნირების ფინალში გადის. პირველად იყო გადამწყვეტი მატჩი 2014 წელს, ავსტრალიის ღიაზე, 2015 წელს - როლან გაროსზე. შვეიცარიელმა ორივე ფინალი მოიგო. საერთოდაც, ვავრინკა 2013 წლიდან არ აგებს ფინალებს პროფესიულ ტურში.

კაცები
1/2 ფინალი
ჯოკოვიჩი (სერ, 1)-მონფილსი (საფ, 10) 6:3, 6:2, 3:6, 6:2
ვავრინკა (შვეიც, 3)-ნიშიკორი (იაპ, 6) 4:6, 7:5, 6:4, 6:2

ფინალი
ჯოკოვიჩი (სერ, 1)-ვავრინკა (შვეიც, 3)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული