კაროლინა პლიშკოვა, რომელიც აქამდე არასოდეს გასულა "დიდი სლემის" ტურნირებში მესამე წრეზე შორს, ერთბაშად ფინალში მოხვდა. 1300 ქულის წყალობით, ჩეხი მე-11 ადგილიდან მეექვსეზე გადავიდა. მანამდე მისი პირადი რეკორდი მეშვიდე პოზიცია იყო. სხვათა შორის, "ჩემპიონთა რბოლაში" პლიშკოვა მეოთხე ადგილზეა და თითქმის 100 პროცენტით ითამაშებს სინგაპურში წლის შემაჯამებელ ტურნირზე.
ასევე შევიდა პირველ ათეულში კარლა სუარეს ნავარო.
ტოპ-ათეული დატოვეს რობერტა ვინჩიმ და ვიქტორია აზარენკამ. იტალიელმა ვერ შეძლო შარშანდელი ფინალისთვის ქულების დაცვა. ბელარუსი კი ფეხმძიმობის გამო აღარ თამაშობს ტურში და ჩამოაკლდა ქულები შარშანდელი მეოთხედფინალისთვის.
აშშ-ის ღიას ნახევარფინალისტს კაროლინ ვოზნიაცკის მთელი სეზონის განმავლობაში 500-ზე ნაკლები ქულა ჰქონდა მოპოვებული, ახლა კი 780 ქულა მიიღო და 74-დან და 29-ე ადგილამდე ავიდა. ნიუ იორკის მოულოდნელი მეოთხედფინალისტი, ლატვიელი ანასტასია სევასტოვა 32-ე ჩოგანი გახდა.
ბალტიისპირელმა რამდენიმე წლის წინ დაასრულა კარიერა და პაუზამდე მისი რეკორდი 36-ე ადგილი იყო. ასევე მეოთხედფინალში იყო 18 წლის ანა კონიუჰი, რომელმაც 40 პოზიცია მოიგო და 52-ე ადგილზეა.
WTA. TOP10
1(2). ანჟელიკ კერბერი (გერ) 8 730
2(1). სერენა უილიამსი (აშშ) 7 050
3(3). გარბინ მუგურუსა (ესპ) 5 830
4(4). აგნიეშკა რადვანსკა (პოლ) 5 815
5(5). სიმონა ჰალეპი (რუმ) 4 801
6(11). კაროლინა პლიშკოვა (ჩეხ) 4 425
7(6). ვინუს უილიამსი (აშშ) 3 815
8(12). კ. სუარეს ნავარო (ესპ) 3 320
9(9). მედისონ კისი (აშშ) 3 286
10(10). სვეტლანა კუზნეცოვა (რუს) 3 250
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"