რუსული ტურნირი უფრო წარმომადგენლობითი იყო. ძირითად ბადეში ვიხილეთ TOP10-ის სამი წევრი - სტენ ვავრინკა, მილოშ რაონიჩი და ტომაშ ბერდიხი. მეცში კი TOP15-ის მხოლოდ ორი ჩოგბურთელი თამაშობდა - დომინიკ ტიმი და დავიდ გოფენი. ტიმმა რამდენიმე ურთულესი მატჩი ჩაატარა და ფინალში გავიდა. განსაკუთრებით ნახევარფინალში გაუჭირდა, როცა მისი მეტოქე ჟილ სიმონი მატჩზე აწვდიდა. ავსტრიელმა შეძლო ზედიზედ სამი გეიმის მოგება და შემდეგ, გადამწყვეტი სეტი აიღო.
ფინალის პირველმა პარტიამ ბრძოლაში ჩაიარა. თავდაპირველად, სამი სეტბოლი პუიემ მიიღო, შემდეგ დაფარული სეტბოლი ჰქონდა ტიმს. ავსტრიელი დაწინაურდა ტაი-ბრეიკზე - 4:0, მაგრამ, ძირითადად, საკუთარი შეცდომების შემდეგ დაუთმო პარტია ფრანგს. მეორე სეტში ლუკამ თავიდანვე შეასრულა ბრეიკი და დამაჯერებლად მივიდა გამარჯვებამდე - 7:6(5), 6:2. პუიემ კარიერაში პირველი ტიტული მოიპოვა.
* * *
სანკტ-პეტერბურგში ტოპ-ათეულის სამი წევრიდან მხოლოდ სტენ ვავრინკამ მიაღწია ფინალამდე. მილოშ რაონიჩმა მეორე წრეში წააგო მიხაილ იუჟნისთან, არადა, მოიგო პირველი სეტი, მეორეში ორჯერ აწვდიდა მატჩზე, ხოლო ტაი-ბრეიკზე 5:1 იყო დაწინაურებული. კანადელმა მაინც მოახერხა ამ მატჩის წაგება. იუჟნი ამ თამაშმა ძალიან დაღალა და მომდევნო დღეს, მხოლოდ ოთხი გეიმი აიღო გერმანელ ალექსანდრ ზვერევთან მატჩში.
ნახევარფინალში ზვერევი ტომაშ ბერდიხს ხვდებოდა. მათ შორის ურთიერთშეხვედრათა ანგარიში იყო - 4:0 ჩეხის სასარგებლოდ. მაგრამ გერმანელმა მეხუთე ცდიდან შეძლო სახელოვანი მეტოქის დამარცხება - 6:4, 6:4. ზვერევმა კარგად ითამაშა გადამწყვეტ ბურთებზე და ოთხი ბრეიკ-პოინტი მოიგერია. ეს იყო გერმანელის პირველი მოგება TOP10-ის ჩოგბურთელის წინააღმდეგ.
აშშ-ის ღია პირველობის ახალი ჩემპიონი სტენ ვავრინკა ფინალამდე ისე მივიდა, რომ სეტი არ წაუგია, მაგრამ ფინალში პირველად მოუწია მდევრის როლში ყოფნა. არადა, შვეიცარიელი მატჩის სტარტზე უკეთ გამოიყურებოდა და მუდმივად ბრეიკ-პოინტებამდე მიდიოდა, თუმცა მისი უპირატესობა ტაბლოზე არ აისახა. ზვერევმა ყველა საფრთხე მოიგერია და შემდეგ, მოახერხა ბრეკის შესრულება. ეს საკმარისი აღმოჩნდა პირველი სეტის მოსაგებად.
პირველი და მეორე პარტიების მიჯნაზე ზვერევმა ზედიზედ 13 ქულა აიღო, მაგრამ ვავრინკა არ აპირებდა ტიტულის ასე იოლად დათმობას, მით უმეტეს, რომ ფინალებში შთამბეჭდავი სტატისტიკა ჰქონდა - ზედიზედ 11 მოგებული გადამწყვეტი მატჩი. მერვე ბრეიკ-პოინტიდან მან შეძლო პირველად მეტოქის მოწოდების აღება და სეტებს შორის ანგარიში გაათანაბრა.
ინიციატივა მთლიანად სტენის მხარეს გადავიდა. ზვერევი ანერვიულდა, ჩოგანს კორტზე ახეთქებდა და ბურთებს ტრიბუნებზე უშვებდა. ვავრინკა 3:0 დაწინაურდა გადამწყვეტ სეტში და მიუახლოვდა მორიგ ტიტულს. და სწორედ აქ, შვეიცარიელი რატომაღაც მოეშვა და ამით ზვერევმა კარგად ისარგებლა.
გერმანელი ყოველი ბურთისთვის იბრძოდა და მოთმინებას იჩენდა - არ რისკავდა და მეტოქის შეცდომებს ელოდებოდა. ეს ტაქტიკა ამართლებდა, თუმცა იყო მომენტი, როცა ვავრინკას მხოლოდ ორი ბურთი აკლდა ტიტულამდე, მაგრამ ზვერევს მოწოდება დაეხმარა. შემდეგ მან 15:40-დან მოიგო გეიმი მიღებაზე. სამმა კარგმა მოწოდებამ გერმანელს სამმაგი მატჩბოლი მოუტანა და მეორე ცდიდან მოიპოვა პირველი ტიტული ATP-ის ტურში - 6:2, 3:6, 7:5. ზვერევი პირველი თინეიჯერია ბოლო რვა წლის განმავლობაში, ვინც პროფესიულ ტურში გამარჯვება შეძლო.
ATP-250. მეცი
ლუკა პუიე (საფ, 3)-დომინიკ ტიმი (ავსტრია, 1) 7:6(5), 6:2
ATP-250. სანკტ-პეტერბურგი
ალექსანდრ ზვერევი (გერ, 5)-სტენ ვავრინკა (შვეიც, 1) 6:2, 3:6, 7:5
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"