იმისთვის, რომ მარეი კლასიფიკაციის პირველი ნომერი გახდეს, ჯოკოვიჩი ფინალში არ უნდა გავიდეს. სერბმა პარიზში გამოსვლა ლუქსემბურგელი ჟილ მიულერის წინააღმდეგ მატჩით დაიწყო. ნოვაკმა საათსა და 21 წუთში ორ სეტში მოიგო - 6:3, 6:4. მან ოთხი ბრეიკ-პოინტიდან ორი გამოიყენა და თავად არ დათმო საკუთარი გეიმი. მერვედფინალში
მარეის პირველი მეტოქე იყო ესპანელი ფერნანდო ვერდასკო. ბოლო პერიოდში, ბრიტანელი ძალიან ბევრს თამაშობს, ოქტომბერში მან სამი ტიტული მოიპოვა და, როგორც ჩანს, დაღლილობამ იჩინა თავი. ენდიმ ორი საათი და 29 წუთი მოანდომა ვერდასკოს დამარცხებას - 6:3, 6:7(5), 7:5. ბრიტანელმა 14 ბრეიკ-პოინტიდან ხუთი გამოიყენა და სამჯერ წააგო საკუთარი მოწოდება. მეოთხედფინალში გასასვლელად მარეი ფრანგ ლუკა პუიეს შეხვდება.
აღსანიშნავია, რომ ჯოკოვიჩმა მიმდინარე სეზონში მე-60 მატჩი მოიგო, მარეიმ - 70-ე.
კიდევ ერთმა ფავორიტმა კეი ნიშიკორიმ კარიერაში მე-300 გამარჯვება მოიპოვა. მან ორ სეტში დაამარცხა სერბი ვიქტორ ტროიცკი - 6:2, 7:5 და მერვედფინალში ფრანგ ჟო-ვილფრიდ ცონგას შეხვდება.
სენსაცია მოხდა შვეიცარიელი სტენ ვავრინკასა და გერმანელი იან-ლენარდ შტრუფის მატჩში. შეხვედრა ორი საათი და 18 წუთი გაგრძელდა. შტრუფმა 15 ბრეიკ-პოინტიდან მხოლოდ ერთი გამოიყენა და ეს საკმარისი აღმოჩნდა მოგებისთვის - 3:6, 7:6(6), 7:6(1).
ასევე აღვნიშნავთ, რომ პარიზში ორი მატჩის მოგებით, წლის შემაჯამებელ ტურნირზე გამოსვლის უფლება მოიპოვა ხორვატმა მარინ ჩილიჩმა. ის ლონდონის ტურნირის მეშვიდე მონაწილე გახდა ნოვაკ ჯოკოვიჩის, ენდი მარეის, სტენ ვავრინკას, კეი ნიშიკორის, მილოშ რაონიჩისა და გაელ მონფილსის შემდეგ.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"