ქართველი ჩოგბურთელები: ნიკოლოზ ბასილაშვილი პირველ ასეულს დაუბრუნდა

AutoSharing Option
ბოლო დროს საქართველოს ჩოგბურთელ ვაჟთა ლიდერმა ნიკოლოზ ბასილაშვილმა რამდენიმე ტურნირში კარგად ითამაშა, რამაც მის რეიტინგზე დადებითად იმოქმედა - ჩოგბურთელ ვაჟთა საერთაშორისო ასოციაციის განახლებულ კლასიფიკაციაში ბასილაშვილმა ხუთი საფეხურით წინ წაიწია და ახლა 626 ქულით 96-ეა.

შეგახსენებთ, რომ ბასილაშვილს საუკეთესო შედეგი - 86-ე ადგილი შარშან, 19 ოქტომბერს ჰქონდა. აქვე დანარჩენ ქართველ ჩოგბურთელთა მაჩვენებლებსაც გაგაცნობთ:

ვაჟები
422 (420). ალექსანდრე მეტრეველი (97), 807 (807). გიორგი ცივაძე (22), 1764 (1754). ალექსანდრე ბაკში (1), 1764 (1754). შოთა მეფარიძე (1), 2070 (2067). გიორგი ჯავახიშვილი (1).

ქალები

ერთეულები.
201 (197). სოფიო შაფათავა (272), 273 (274). ეკატერინე გორგოძე (171), 449 (449). მარიამ ბოლქვაძე (74), 522 (529). სოფიო ქვაცაბაია (54), 846 (789). ოქსანა კალაშნიკოვა (15), 1085 (1084). ანა შანიძე (7).
წყვილები. 43 (43). კალაშნიკოვა (1755), 193 (197). შაფათავა (342), 272 (273). გორგოძე (221), 410 (409). ქვაცაბაია (122), 546 (548). ბოლქვაძე (73), 734 (725). თათია მიქაძე (37), 1143 (1143). შანიძე (10), 1278 (1279). ლანა კენჭიაშვილი (3).

* * *
წინა კვირას ოქსანა კალაშნიკოვამ ჩინეთის პრესტიჟულ ტურნირში - ჟუჰაის ელიტტროფში (საპრიზო ფონდი 2.214.500 დოლარი) იასპარეზა. გერმანელ ტატიანა მარიასთან ერთად იგი "ლოტოსის" გუნდში იყო, სადაც კიდევ ორი დუეტი გამოდიოდა: ანდრეა კლეპაჩი (სლოვენია)-არანტხა პარა-სანტონია (ესპანეთი) და ჟაოქსუან იანი-ქსიაოდი იოუ (ორივე-ჩინეთი). უკვე გაუწყეთ, რომ ოქსანა და ტატიანა პირველ ტურში კლეპაჩსა და პარა სანტონიასთან დამარცხდნენ - 1:6, 6:7, სლოვენიურ-ესპანურმა ტანდემმა მასპინძლებთან - იანსა და იოუსთან დათმო შეხვედრა - 3:6, 3:6. კალაშნიკოვამ და მარიამ ჯგუფის ბოლო მატჩში ჩინელებს სძლიეს - 1:6, 7:6, 10:7.

ამდენად, სამივე დუეტმა თითო ორთაბრძოლა მოიგო და თითოც წააგო. გამარჯვებული სეტების უკეთესმა ბალანსმა გამოავლინა - პირველი ადგილი ჟაოქსუან იანმა და ქსიაოდი იოუმ დაიკავეს, რომლებიც ფინალში მეორე ჯგუფ "ორქიდეას" გამარჯვებულ იპეკ სოილუსა (თურქეთი)-იიფან ქსუს (ჩინეთი) შეხვდნენ. თურქულ-ჩინურმა ტანდემმა მანამდე ჯერ ანასტასია როდიონოვასა (ავსტრალია) და ოლგა სავჩუკს (უკრაინა), შემდეგ კი ჩენ ლიანსა და იიფან ვანს (ორივე-ჩინეთი) აჯობა. სოილუმ და ქსუმ გადამწყვეტ პაექრობაშიც იყოჩაღეს - იანი და იოუ სამ სეტში დაჯაბნეს - 6:4, 3:6, 10:7 და მთავარი პრიზი მოიპოვეს.

* * *
მიმდინარე კვირას ქართველ ჩოგბურთელთაგან ეკატერინე გორგოძე მინსკის 25.000-იან ტურნირში მოსინჯავს ძალებს: ერთეულთა სტარტზე მასპინძელ კატიარინა პაულენკასთან გაარკვევს ურთიერთობას, წყვილებში ბელორუს სვიატლანა პირაჟენკასთან ერთად ქსენია ბეკერსა (რუსეთი) და კარინ კენელს (შვეიცარია) შეხვდება.

* * *
ინგლისურ 10.000-იან ტურნირში ითამაშებს მარიამ ბოლქვაძე. სავარაუდოდ, იგი მეორე ნომრად იქნება განთესილი. შარმ ელ შეიხის (ეგვიპტე) ვაჟთა საერთაშორისო ტურნირში (საპრიზო ფონდი 10.000 დოლარი) ჩაებმება გიორგი ცივაძე.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული