ბრიტანელმა და კანადელმა ამ სეზონის ერთ-ერთი საუკეთესო მატჩი ჩაატარეს. პირველ სეტში რაონიჩი უკეთ აწვდიდა და მხოლოდ ორ საკუთარ გეიმში წააგო ორი ქულა.
ბრიტანელმა სცადა აქტიურად დაეწყო მეორე სეტი და მატჩში პირველად გამოიმუშავა ბრეიკ-პოინტები. რაონიჩმა საფრთხე მოიგერია და მალე თავად აიღო მეტოქის მოწოდება. კანადელი გამარჯვებას მიუახლოვდა, მაგრამ ჩავარდნა თავიდან ვერ აიცილა. ბრეიკის შესრულების შემდეგ, მილოშმა მაშინვე წააგო საკუთარი გეიმი "მშრალი" ანგარიშით. მარეიმ თითქოს დამაჯერებლობა იგრძნო, ზედიზედ რვა ქულა აიღო, ახლოს იყო მეორე ბეიკთან, მაგრამ ტაი-ბრეიკის თამაში თავიდან ვერ აიცილა. იქ ბრიტანელმა სამქულიანი უპირატესობა მიიღო, რაონიჩმა შეძლო ანგარიშის გათანაბრება, მაგრამ 5:5-ზე ზედიზედ ორი ქულა წააგო და სეტებში ანგარიში გათანაბრდა.
ორი საათის გასვლის შემდეგ, რაონიჩი ფიზიკურად უკეთ გამოიყურებოდა და მესამე სეტი უკეთაც დაიწყო. მას ბრეიკ-პოინტებიც ჰქონდა, მაგრამ მარეი მნიშვნელოვან ბურთებზე კარგად თამაშობდა. შემდეგ სიტუაცია შეიცვალა - 4:4-ზე და 5:5-ზე ენდიმ ზედიზედ ორი ბრეიკი აიღო და ორჯერ შეეძლო მატჩზე ჩაწოდება, მაგრამ ორივე შანსი გაანიავა. ასე რომ, ჩოგბურთელებს ზედიზედ მეორე ტაი-ბრეიკის თამაში მოუწიათ.
მე-13 გეიმი ამ ბრწყინვალე მატჩის მშვენება აღმოჩნდა. მარეი ფლობდა უპირატესობას, მაგრამ ზედიზედ სამი მატჩბოლი ვერ გამოიყენა, შემდეგ პირველი მატჩბოლი ჰქონდა რაონიჩს და ვერც მან გამოიყენა შანსი, რადგან ენდი კარგად გავიდა ბადესთან. ამას მოჰყვა ბრიტანელის მეოთხე მატჩბოლი და მარათონული მატჩის (3 საათი და 37 წუთი) და ტაი-ბრეიკის (11:9) დასასრული - 5:7, 7:6(5), 7:6(9).
* * *
მეორე ნახევარფინალი სრულიად განსხვავებული გამოვიდა. ნოვაკ ჯოკოვიჩმა რთული ორი შეხვედრა ჩაატარა ტურნირის სტარტზე, მაგრამ შემდეგ მოუმატა თამაშს. ჯგუფური ეტაპის მესამე ტურში, სერბმა მხოლოდ სამი გეიმი დაუთმო დავიდ გოფენს, ნახევარფინალში კი უფრო ცოტა - ორი გეიმი გაიმეტა კეი ნიშიკორისთვის.
იაპონელი ჯოკოვიჩისთვის ყოველთვის მოხერხებული მეტოქე იყო. მართალია, კეის ორჯერ ჰყავს დამარცხებული სერბი, მაგრამ ზედიზედ ცხრა შეხვედრა ნოვაკს ჰქონდა მოგებული. თუმცა, ასეთ განადგურებას არავინ ელოდა. ნიშიკორი ძალიან ბევრ შეცდომას უშვებდა, მეორე მოწოდებაზე ქულების მხოლოდ 20 პროცენტი მოიგო და ერთადერთი საკუთარი გეიმი აიღო. ნოვაკი უფრო აქტიური იყო, აკონტროლებდა თამაშს, ხშირად გადიოდა წინ და ბადესთან ერთი შეცდომაც არ დაუშვია - 6:1, 6:1.
ასე რომ, ფინალში ერთმანეთს უნდა შეხვედროდა დღეისთვის მსოფლიოს ორი საუკეთესო ჩოგბურთელი. თანაც, ამ მატჩში უნდა გათამაშებულიყო არა მხოლოდ ტიტული, არამედ, კლასიფიკაციაში პირველი ადგილი. პირველად, ATP-ის ისტორიაში, სეზონის დასკვნით მატჩში ირკველდა საუკეთესო ჩოგბურთელის ვინაობა.
* * *
ფინალის წინ, საკმაოდ რთული იყო პროგნოზის გაკეთება. სეზონის მეორე ნახევარი მარეიმ ფანტასტიკურად ჩაატარა და ფინალურ შეხვედრას 23-მატჩიანი (!) მოგებათა სერიით შეხვდა, ჯოკოვიჩს კი როლან გაროსის შემდეგ, არც ერთ ტურნირში არ მოუგია. მაგრამ ლონდონში სერბმა აშკარად მოუმატა, მარეის კი ორი სამსაათნახევრიანი მატჩის ჩატარება მოუწია და გამორიცხული არ იყო, რომ ფინალში ფიზიკურ დაღლილობას ემოქმედა.
მარეი პირველად თამაშობდა წლის შემაჯამებელი ტურნირის ფინალში, ჯოკოვიჩი კი ბოლო ოთხი გათამაშების ჩემპიონი იყო.
ჩოგბურთელები წელს მეხუთედ ხვდებოდნენ ერთმანეთს. ჯოკოვიჩმა ოთხიდან სამი მოიგო, მარეიმ კი ერთადერთხელ დაამარცხა სერბი - გაზაფხულზე, რომის "მასტერსის" ფინალში. მაშინ, კლასიფიკაციაში სხვაობა ნოვაკსა და ენდის შორის 9025 ქულა იყო და იმ დროს ვერავინ წარმოიდგენდა, რომ სეზონის ბოლოს, ბრიტანელი ლიდერობას ჩამოართმევდა სერბს. მაგრამ, მაისიდან მოყოლებული, მარეიმ 69 მატჩიდან 64 მოიგო და 13 ტურნირიდან 12-ის ფინალში ითამაშა.
არ გამართლა მოლოდინი იმის შესახებ, რომ მარეის ფიზიკურად გაუჭირდებოდა. ენდიმ უმაღლეს დონეზე ჩაატარა პირველი სეტი. თანაბარი დასაწყისის შემდეგ, პირველი ბრეიკ-პოინტები მეექვსე გეიმში გამოიმუშავა, თუმცა ჯოკოვიჩმა ორივე საფრთხე მოიგერია. სერბი მაინც ვერ გადაურჩა საკუთარი მოწოდების წაგებას - მერვე გეიმში მარეიმ შეძლო რიგით მესამე ბრეიკ-პოინტის გამოყენება, რის შემდეგაც, სეტზე ჩაწოდება მოახერხა. ამ პარტიაში ნოვაკს ერთი ბრეიკ-პოინტიც არ ჰქონია.
ენდი თითქოს გრძნობდა, რომ სამსეტიან მატჩში, შესაძლოა, ძალები აღარ ჰყოფნოდა, ამიტომაც, მაქსიმალურად ცდილობდა საქმის ორ სეტში მომთავრებას. მეორე პარტიის პირველივე გეიმში მისი მორიგი ბრეიკი შედგა, მეხუთე გეიმში კიდევ ერთხელ აიღო მეტოქის მოწოდება და ანგარიში გახდა - 4:1. ტიტული თითქმის განაღდებული იყო, თუმცა ჯოკოვიჩმა მომდევნო გეიმში, მატჩში თავისი ერთადერთი ბრეიკ-პოინტი გამოიყენა და ოდნავ დაძაბა სიტუაცია. მაგრამ მარეიმ მეორედ საკუთარი მოწოდების წაგება არ დაუშვა, მეათე გეიმში მატჩზე ჩაწოდებისას ორი მატჩბოლი ვერ გამოიყენა, მაგრამ მესამე ცდაზე დაამთავრა ყველაფერი. ბრიტანელმა კარიერაში პირველად მოიგო წლის შემაჯამებელი ტურნირი და პირველად ასრულებს სეზონს კლასიფიკაციის ლიდერის რანგში.
1/2 ფინალი
ენდი მარეი (ბრიტ, 1)-მილოშ რაონიჩი (კან, 4) 5:7, 7:6(5), 7:6(9).
ნოვაკ ჯოკოვიჩი (სერ, 2)-კეი ნიშიკორი (იაპ, 5) 6:1, 6:1.
ფინალი
ენდი მარეი (ბრიტ, 1)-ნოვაკ ჯოკოვიჩი (სერ, 2) 6:3,6:4.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"