18 წლის კორეელ ჩოგბურთელს, ლი დაკ ჰის არ აღიზიანებს გულშემატკივართა შეძახილები, ის არ ჰყვება პროვოკაციებს და აგრძელებს თამაშს მაშინაც კი, როცა მსაჯი ზედიზედ სამჯერ ყვირის: "აუტ!" საქმე ისაა, რომ დაკ ჰი დაბადებიდან ყრუა.
"ყოველი თამაშის წინ მსაჯს საქმის კურსში ვაყენებთ, თუმცა ბევრმა უკვე ისედაც იცის, - აცხადებს აზიელის ესპანელი მწვრთნელი ხოსე ლუის ლოპესი. - ხანდახან მსაჯები თავად ჩამოდიან კოშკურიდან, რომ ბურთის დატოვებული კვალი აჩვენონ ან ჟესტებით აუხსნან გადაწყვეტილება".
ლი ჟურნალისტისა და დიასახლისის ოჯახში დაიბადა, რომელიც სახლს
საავადმყოფოში გამოუცხადეს - 100-პროცენტიანი სიყრუე, არანაირი აპარატი არ უშველის.
"ლი მოუსვენარი ბავშვი იყო, - ჰყვება ჩოგბურთელის მამა. - როცა ის შვიდი წლის იყო, ჩემმა ძმამ, რომელიც ჩოგბურთს სამოყვარულო დონეზე თამაშობდა, შემომთავაზა ბიჭის ვარჯიშზე წაყვანა. ლის ისე მოეწონა, რომ ამის შემდეგ შინ იშვიათად ვხედავდი".
ის, რომ დაკ ჰი წესრიგში იყო, ცხადი გახდა მაშინ, როცა 12 წლის კორეელმა ამერიკის შეერთებულ შტატებში პრესტიჟულ საბავშვო ტურნირზე გაიმარჯვა, რომელსაც ამერიკელი ედი ჰერი ატარებს. დიდი ხნის წინათ აქ გაუმარჯვიათ როჯერ ფედერერს, მარია შარაპოვას და ანა ივანოვიჩს.
ლი ჰერის აკადემიაში სასწავლებლად დარჩა, 14 წლის ასაკიდან კი "ფიუჩერსების" ტურნირებზე გამოდის. პირველი ტიტული კორეელმა 2014 წელს, ჰონგ კონგში 16 წლისა და ერთი დღის ასაკში მოიგო, რითაც გახდა მეექვსე ყველაზე ახალგაზრდა ჩოგბურთელი გასკეს, ანჩიჩის, რუბლიოვის, ნადალისა და ჯოკოვიჩის შემდეგ, ვისაც "ფიუჩერსი" მოუგიათ.
ლი მწვრთნელებს ჟესტების ენით ელაპარაკება. გარდა ამისა, ისწავლა ტუჩების მოძრაობის აღქმა. "ბურთის ტრიალისა და კორტზე ასხლეტის მიხედვით, ბურთი მოედანზე და ჩოგანზე დაცემისას, სპეციფიკურ ხმებს გამოსცემს. ლის არ აქვს ამ ხმების იდენტიფიცირების საშუალება. აბა, ვინმემ სცადოს ჩოგბურთის ყურსასმენებით თამაში - მაშინვე დატოვებს კომფორტის ზონას, - ჰყვება მისი მწვრთნელი. - მაგრამ, ლიმ მრავალი წლის განმავლობაში გამოიმუშავა საკუთარი მეთოდი და ორიენტირებას ახდენს სხვა მოთამაშეებისთვის არადამახასიათებელი ინტინქტებით".
დაკ ჰის ანგარიშზეა რვა მოგებული ტიტული "ფიუჩერსის" სერიის ტურნირებზე, მონაწილეობა 2013 წლის იუნიორთა უიმბლდონზე და 2016 წლის ავსტრალიის ღიას კვალიფიკაციაში. "ეს ბიჭი არარეალურ რამეებს სჩადის, - მიაჩნია რაფაელ ნადალს, რომელმაც ლისთან რამდენიმე ერთობლივი ვარჯიში ჩაატარა. - ის აღმაფრენას მმატებს".
ლის არ უყვარს საკუთარი თავის მიმართ დიდი ყურადღება, განსაკუთრებით მაშინ, როცა ჟურნალისტები მწვრთნელის დახმარებით ეკითხებიან ნაკლზე. "დაივიწყეთ! არ მიმაჩნია საკუთარი თავი ინვალიდად. უფრო მეტიც, რაღაცნაირად გამიმართლა კიდეც, - ირონიულად ამბობს კორეელი. - სიყრუე იძლევა უპირატესობას მეტოქეებზე, ეს ერთგვარი სპეციფიკური საჩუქარია - არაფერი ყურადღებას არ მიფანტავს და მაქსიმალურად კონცენტრირებული ვარ. არსებობს მხოლოდ ბურთი და მე".
"გაოგნებული ვარ მისი შრომისმოყვარეობით, - ამბობს ახლო წარსულში ცნობილი ტაილანდელი ჩოგბურთელი დანაი უდომჩოკე. - ლის დღეების განმავლობაში შეუძლია შეუსვენებლად ივარჯიშოს, მატჩებში კი ისე იბრძვის, თითქოს ომში იყოს. ასეთი თვისებებით, ჩვეულებრივ, უკვე ჩამოყალიბებული მოთამაშეები გამოირჩევიან".
ფოტოზე: ნოვაკ ჯოკოვიჩთან ერთად
კორტზე კომუნიკაციისა და ორიენტაციის გასაუმჯობესებლად, ლი ცდილობს, რაც შეიძლება ხშირად ითამაშოს წყვილების მატჩები. "თავიდან ეს რაღაც კოშმარი იყო, - თქვა ლიმ. - ერთია, როცა საკუთარ თავზე ხარ პასუხისმგებელი, აქ კი საჭიროა წამებში აზროვნება, კორტზე მდგომარეობის ცვლაზე რეაგირება, ურთიერთქმედება პარტნიორებთან". დღეს დაკ ჰი, რომელიც 2015 წელს ჯოკოვიჩთან ვარჯიშობდა, დაკავებულია მუდმივი პარტნიორის ძიებით, რომელიც მის გაგებას შეძლებს ნახევარჟესტებით.
2016 წლის ივლისში ლი პირველად შევიდა ATP-ის რეიტინგის TOP200-ში (191-ე ადგილი) და გახდა კორეის მეორე ნომერი. დაკ ჰი კვალში უდგას თანამემამულესა და ბავშვობის მეგობარ ჰენ ჩენს, რომელსაც მხედველობასთან დაკავშირებულმა სერიოზულმა პრობლემებმა ხელი არ შეუშალა, 2015 წლის შედეგების მიხედვით, ATP-ის ყველაზე პროგრესირებადი მოთამაშის პრიზი მოეპოვებინა.
"ვერ ვიტან, როცა ვიღაცას ვეცოდები, - ამბობს ლი. - ყველაზე ნაკლებლად მინდა ის, რომ სიყრუე აღიქვან, როგორც რაიმე პრივილეგიის მიღების შესაძლებლობა. მე ეს არ მჭირდება. უბრალოდ, მინდა გავაკეთო ყველაფერი შესაძლებელი და გავიგო, რამდენად კარგი ვარ. ჯერჯერობით, პირველი გლობალური მიზანია - ვითამაშო ფედერერთან, რომლითაც აღფრთოვანებული ვიყავი ბავშვობაში".
ლი არ ჩქარობს მყისიერი წარმატებისთვის. ცხოვრებასა და ჩოგბურთში ის მიეჩვია წინ თანდათანობით მოძრაობას - ამიტომაც დღემდე თამაშობს "ფიუჩერსებს". ეს ტურნირები, სადაც ხშირად ჩოგბურთელები თამაშებს აწყობენ, აკაჟებს მას.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"