და აი, გუშინ, მსოფლიოს ყოფილმა პირველმა ნომერმა "ფეისბუქით" მიმართა თავის თაყვანისმცემლებს.
"გადავწყვიტე დავასრულო კარიერა პროფესიულ ჩოგბურთში. ეს რთული გადაწყვეტილება იყო, მაგრამ არსებობს დადებითი მომენტებიც. ხუთი წლისამ დავიწყე ჩოგბურთში ვარჯიში. ჩემი მშობლები ყოველთვის გვერდით მედგნენ, მაშინაც კი, როცა რეიტინგში პირველი ნომერი გავხდი. ეს მოხდა 2008 წელს,
ისეთ სიმაღლეებს მივაღწიე, რაზედაც არასოდეს მიოცნებია. მოვიპოვე WTA-ის 15 ტიტული, მოგებული მაქვს "დიდი სლემის" ტურნირი, მითამაშია ფედერაციის თასის ხუთ ფინალში. მე ვიტყოდი, ცუდი არ არის უბრალო სერბი გოგონასთვის. მაგრამ სპორტის ნებისმიერ სახეობა მოითხოვს კარგ ფიზიკურ ფორმას. ბოლო დროს, რამდენიმე ტრავმა დამიგროვდა, მე კი 100 პროცენტით მინდა ვიყო მზად, რაც უკვე შეუძლებელია", - განაცხადა ივანოვიჩმა პირდაპირ ეთერში "ფეისბუქის" საკუთარ გვერდზე.
2016 წელი ძალიან წარუმატებელი აღმოჩნდა სერბი ჩოგბურთელისთვის. მას უამრავი პრობლემა ჰქონდა როგორც ჯანმრთელობასთან, ასევე თამაშთან დაკავშირებით. ამერიკის ღია პირველობაზე ანას წაგებათა სერიამ ხუთ მატჩს მიაღწია, რის შემდეგაც, ივანოვიჩმა მაჯის ტრავმისა და ფეხზე ოპერაციის აუცილებლობის გამო, ვადაზე ადრე დაასრულა 2016 წლის სეზონი.
რა თქმა უნდა, ამ ყველაფერმა იმოქმედა ჩოგბურთელის რეიტინგზე - სერბმა, რომელიც ბოლო 12 წლის განმავლობაში პირველად ვერ გავიდა "დიდი სლემის" ტურნირის მერვედფინალში, 63-ე პოზიციამდე დაეშვა კლასიფიკაციაში.
მეორეს მხრივ, ივანოვიჩისთვის 2016 წელი ერთ-ერთი ყველაზე დასამახსოვრებელი იყო ცხოვრებაში - ივლისში მან იქორწინა გერმანიის ნაკრებისა და "მანჩესტერ იუნაიტედის" ფეხბურთელზე ბასტიან შვაინშტაიგერზე.
სხვათა შორის, სერბი დეკემბერში დაბრუნდა კორტზე და მონაწილეობა მიიღო საჩოგბურთო პრემიერლიგის მატჩებში, მაგრამ რამდენიმე დღის წინ გავრცელდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ივანოვიჩი გამოტოვებდა იანვრის ტურნირებს - ოკლენდს და ავსტრალიის ღია პირველობას.
ანა ივანოვიჩი
დაიბადა: 1987 წლის 6 ნოემბერს
დაბადების ადგილი: ბელგრადი (სერბეთი)
სიმაღლე: 184 სმ
კარიერის დასაწყისი: 2003 წელი
კარიერის დასასრული: 2016 წელი
ჰონორარები კარიერაში: $15 510 787
უმაღლესი პოზიცია რეიტინგში: 1 (2008 წლის 9 ივნისი)
480 მოგება და 225 წაგება ერთეულებში. 15 ტიტული
1 ტიტული "დიდ სლემზე":
ავსტრალია - ფინალი (2008).
როლან გაროსი - მოგება (2008).
უიმბლდონი - 1/2 ფინალი (2007).
აშშ-ის ღია - 1/4 ფინალი (2012).
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"