უცხოური დოღი ავსტრალიაში

AutoSharing Option
ავსტრალიის ქალაქ მელბურნში, "ფლემინგტონის" იპოდრომზე 151-წლიანი ისტორიის მქონე დოღი გაიმართა, რომლის სახელწოდებაა - "მელბურნ ქაფი". ეს გახლავთ ავსტრალიის ტერიტორიაზე ყველაზე პრესტიჟული დოღი და წელს აქ 6 175 000 ამერიკული დოლარი გათამაშდა.

დოღში 23 ცხენი იღებდა მონაწილეობას. სხვათა შორის, წელს მელბურნის თასზე რეკორდი დამყარდა - სტარტზე 13 უცხოური ცხენი გავიდა.
ფავორიტი შარშანდელი ჩემპიონი - "ამერიკენი" იყო. ბუკმეიკერებმა ხუთი ერთთან შეაფასეს მისი შანსები, თუმცა ისიც აღსანიშნავია, რომ ეს ფრანგული ცხენი შარშანდელთან შედარებით სამნახევარი კილოგრამით დამძიმებული იყო. საბოლოოდ "ამერიკენი" მეოთხე ადგილზე გავიდა.
დოღს
კარგა ხანი ლიდერობდა გერმანული ცხენი "ილიო", რომელზეც მელბურნის თასის ორგზის მფლობელი ჟოკეი ჯიმ კესიდი იჯდა. მაგრამ უკეთესი ფინიში ფრანგულ "დუნადენსა" და ინგლისურ "რედ კადოს" გამოუვიდათ. "დუნადენი" ფავორიტებს შორის განიხილებოდა - მისი კოეფიციენტი 8/1-თან იყო, "რედ კადოს" კი ასეთ სტატუსს არ ანიჭებდნენ და ბუკმეიკერები მის შანსებს 30/1-თან აფასებდნენ.

"დუნადენი" და "რედ კადო" ფინიშთან თითქმის ერთად მივიდნენ და ფოტოფინიშმა "დუნადენის" გამარჯვება დააფიქსირა, რამაც ძალიან გაახარა მისი ჟოკეი კრისტოფ ლემერი. მესამე იყო გერმანული ცხენი "ლუკას კრანახი", სულ კი პირველი შვიდი ადგილი უცხოურმა ცხენებმა დაისაკუთრეს.

"დუნადენისთვის" ეს იყო 28-ე სტარტი კარიერაში და მერვე გამარჯვება. ფრანგულმა ცხენმა ამ ტრიუმფისთვის 3 600 000  ამერიკული დოლარი მოიპოვა. ავსტრალიური დოღის წესებით ამ თანხის 85 % ცხენის მფლობელ შეიხ ფაჰად ალ-თანის ეკუთვნის, 10 %-ს  მიიღებს მწვრთნელი მიკელ დელზანგლი, ხოლო 5 % ეკუთვნის ჟოკეის კრისტოფ ლემერს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული