ოქროების განაწილება დაიწყო

AutoSharing Option
ჩინეთის ქალაქ შანხაიში დაიწყო საწყლოსნო სახეობების მსოფლიოს ჩემპიონატი. 16-31 ივლისს გათამაშდება მედლების 66 კომპლექტი: 40 - ცურვაში, 10 - წყალში ხტომაში, 7 - სინქრონულ ცურვაში, 7 - ღია წყალზე ცურვასა და 2 - წყალბურთში.

საგაისო ოლიმპიადის წინ პლანეტის ბოლო პირველობა სამ დისციპლინაში გამოავლენს ლონდონის თამაშების ლიცენზიის მფლობელებს. სინქრონულ ხტომებში ოლიმპიადაზე მოსახვედრად სამეულში შესვლა იქნება საჭირო, ინდივიდუალურ ხტომებში - პირველ თორმეტ სპორტსმენს შორის. "ღია წყალზე" მარათონელებს ათეულში შესვლა დასჭირდებათ, ხოლო მამაკაცებმა წყალბურთში აუცილებლად პოდიუმზე უნდა მოიპოვონ ადგილი.

* * *
რა
თქმა უნდა, მსოფლიოს ჩემპიონატის მთავარ სტარტები ცურვაში გაიმართება. ყველას ახსოვს 2009 წლის პირველობა, რომელიც არანორმალური რაოდენობის მსოფლიოს რეკორდებით აღინიშნა. მაშინ ეს არავის უკვირდა, რადგან საცურაო კოსტუმების განვითარებამ ძალიან დიდ პროგრესს მიაღწია. მაგრამ 2010 წლის დასაწყისიდან უახლოესი ტექნოლოგიები აკრძალეს და მოცურავეთა შედეგებიც მკვეთრად დაეცა. იმავე 2010 წლიდან მოყოლებული, ჯერ ცურვაში მსოფლიოს რეკორდი არ დამყარებულა.

თავიდან სპეციალისტები სთავაზობდნენ საერთაშორისო ფედერაციას - გაეუქმებინა ახალი რეკორდები და ყველაფერი "სუფთა ფურცლიდან" დაეწყო, რადგან "ტექნოლოგიური დოპინგით" დამყარებული რეკორდები "მუდმივი" იქნებოდა. მაგრამ ფედერაციაში სჯერათ, რომ რეკორდების განახლება დროის საკითხია, ხოლო ყველაზე მეტად ახალ რეკორდებს გულაღმა მოცურავეები მიუახლოვდნენ. ისტორიული მოვლენა, შესაძლოა, შანხაიში მოხდეს, სადაც სპორტსმენები ოპტიმალურ ფორმაში ჩავლენ.

* * *
ჩემპიონატის ერთ-ერთი მთავარი ინტრიგა იქნება ოლიმპიური თამაშების 14-გზის ჩემპიონი მაიკლ ფელპსი. ლეგენდარულ ამერიკელ მოცურავეს არც ისე წარმატებული პერიოდი უდგას, მაგრამ შანხაიში მაინც მოგებისთვის მიემგზავრება. ფელპსი სეზონის პირველ ნაწილში აშკარად ვერ ბრწყინავდა. მსოფლიოს ჩემპიონატზე მან თავის ერთ-ერთ საყვარელ დისტანციაზე - კომპლექსურ ცურვაში 400 მეტრზე თქვა უარი და ყურადღება გადაიტანა 200 მეტრე თავისუფალი სტილით, ბატერფლაითა და კომპლექსური ცურვით დისციპლინებზე. ის კიდევ სამ ესტაფეტაში აპირებს გამოსვლას, ასე რომ, ფელპსი ჩემპიონატზე მაქსიმუმ ექვს ოქროს უმიზნებს.

26 წლის მაიკლი შეეხო ახალი რეკორდების თემას. მას მიაჩნია, რომ შანხაის აუზში შეწყდება 18-თვიანი "მშრალი სარეკორდო პერიოდი".

"ყველა ელოდება მოცურავეებისგან მსოფლიოს ახალ რეკორდებს. ჩვენ უფრო სწრაფად ცურვას ვაპირებთ, ვიდრე ეს პეკინში ან მსოფლიოს წინა ჩემპიონატზე გავაკეთეთ. მეც მაქვს დაგეგმილი რამდენიმე ახალი შედეგი დაფიქსირება.

მსოფლიოს ჩემპიონატი გვიჩვენებს, ვინ და როგორ ემზადება ოლიმპიადისთვის და დაანახებს ამერიკის ნაკრებს, რა მიმართულებით უნდა გააგრძელოს მუშაობა ლონდონის თამაშებისთვის უკეთ მოსამზადებლად", - ამბობს ფელპსი.

* * *
წყალში ხტომაში დიდი ხანია ჩინელი სპორტსმენები დომინირებენ და ისინი აქ მაქსიმალური შედეგის ჩვენებას (10 ოქროს მოგება) აპირებენ. პირველი ნაბიჯი ამ მხრივ უკვე გადაიდგა. მსოფლიოს ჩემპიონატი 3-მეტრიანი ტრამპლინიდან სინქრონული ხტომებით გაიხსნა და ჩინეთმა დაგეგმილი ოქრო მოიპოვა.

ვუ მინსიასა და ჰე ცის დუეტის უპირატესობა უდიდესი იყო - ჩინურმა წყვილმა უახლოეს მდევარს 40 ქულაზე მეტი მოუგო. ეს იგივეა, რომ 100 მეტრზე სირბილში ერთმა სპრინტერმა მეორეს ათი მეტრი მოუგოს.

გუშინ კი ჩინელმა კაცებმაც გამოიჩინეს თავი - კვი ბოსა და ჰუო ლიანის დუეტმა 10-მეტრიანი კოშკურიდან ხტომაში არავის დაუთმეს პირველობა.

წყალში ხტომა
ქალები. სინქრონული. 3 მ.
1. ვუ მინსია/ჰე ცი (ჩინ) - 356,40 ქულა; 2. ემილი ჰეიმანსი/ჯენიფერ აბელი (კან) - 313,50; 3. ანაბელ სმიტი/შარლენ სტრატონი (ავსტრა) - 306,90...
კაცები. სინქრონული. 10 მ.
1. კვი ბო/ჰუო ლიანი (ჩინ) - 480,03; 2. პატრიკ ჰაუსდინგი/საშა კლიაინი (გერ) - 443,01; 3. ალექსანდრ გორშკოვოზოვი/ალექსანდრ ბონდარი (უკრ) - 435,36...

* * *
გუშინ, მსოფლიოს ჩემპიონატზე მესამე მედალი სინქრონულ ცურვაში გათამაშდა. თუ წყალში ხტომა ჩინელებისაა, აქ მთლიანად რუსები დომინირებენ.
სოლისტების გამოსვლაში პირველობა არავის დაუთმო ნატალია იშჩენკომ. ფინალში მან 98,300 ქულა მიიღო, მეორეზე გასულ ჩინელ ჰუან სიუჩენს 96,500 ქულა ჰქონდა, ბრინჯაოს მფლობელ ესპანელ ანდრეა ფუენტესს - 95,300 ქულა.

აღსანიშნავია, რომ იშჩენკომ მსოფლიოს ჩემპიონატებზე ოქროს მე-11 (!) მედალი მოიპოვა. ასეთი რამ სპორტის ამ სახეობის ისტორიაში არ მომხდარა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული