არის არაჩინელი ჩემპიონი!

AutoSharing Option
გუშინ, შანხაიში მიმდინარე საწყლოსნო სახეობების მსოფლიოს ჩემპიონატზე მედლების ოთხი კომპლექტი გათამაშდა - ორი წყალში ხტომაში, ერთი სინქრონულ ცურვაში და ერთიც "ღია წყალზე" ცურვაში.

წყალში ხტომაში ქალებმა ერთმეტრიან ტრამპლინზე გაარკვიეს უძლიერესი. აქ ფინალში ორი ჩინელი მხტომელი გამოდიოდა და შესაბამისად, გუშინდელ ტურნირს ორი ინტრიგა ჰქონდა - ორი მასპინძელიდან ვინ გავიდოდა პირველზე და დანარჩენი მონაწილეებიდან ვის ერგებოდა ბრინჯაო.

ჩინელების - ტინმაო შისა და ჰან ვანის დუელში შის რვაქულიანი უპირატესობა დაფიქსირდა და ჩემპიონის ტიტულიც მან მოიპოვა. მესამე ადგილზე კი, წესით, რუსი ანასტასია პოზდნიაკოვა უნდა
გასულიყო, მაგრამ ბოლო ნახტომი ჩააგდო - 100 შესაძლებლიდან მხოლოდ 18 (!) ქულა დააგროვა და 12 ფინალისტს შორის ბოლო ადგილი დაიკავა. ამით კარგად ისარგებლა იტალიელმა ტანია კანიოტომ, რომელიც მეორე ადგილს ძალიან ბევრით ჩამორჩა, სამაგიეროდ ბრინჯაოსთვის ბრძოლაში დარჩა მოგებული.

წყალში ხტომა
1 მ. ქალები
1. ტინმაო ში (ჩინ) - 318,86; 2. ჰან ვანი (ჩინ) - 310,20; 3. ტანია კანიოტო (იტა) - 286,46...

* * *
წყალში ხტომის მეორე დისციპლინა, რომელშიც გუშინ მედალი გათამაშდა, 3 მეტრიდან სიქრონული ხტომები იყო მამაკაცებისთვის. ფინალი ძალიან საინტერესოდ მიმდინარეობდა, რადგან აქ არ შეინიშნებოდა ჩინელების დომინირება. მართალია, საბოლოოდ გამარჯვება სწორედ მასპინძლების დუეტს (კაი კინი/იუტონ ლიუო) დარჩა, მაგრამ ფინალის დასაწყისში საპრიზო სამეულში სიტუაცია პრაქტიკულად ყოველი ნახტომის შემდეგ იცვლებოდა. პოდიუმზე ერთმანეთს ცვლიდნენ მექსიკელები, რუსები, ამერიკელები, გერმანელები...

ბოლოსკენ კი მაინც ჩინელთა უპირატესობა გამოიკვეთა და მათი დაწევა ვერავინ შეძლო. სამაგიეროდ, დიდი ბრძოლა გაიმართა მეორე და მესამე ადგილებისთვის. წესით, ვერცხლი მექსიკურ დუეტს (იაგელ კასტილიო/ხულიან სანჩესი) უნდა მოეპოვებინა, მაგრამ ბოლო ცდაზე რუსებმა - ილია ზახაროვმა და ევგენი კუზნეცოვმა იდეალური ნახტომი შეასრულეს და მსაჯებისგან მაქსიმალური შეფასება - 100 ქულა (! ) მიიღეს. ამან გადაწყვიტა კიდეც მეორე ადგილის ბედი. თუმცა მექსიკელები ბრინჯაოს მედლითაც კმაყოფილი ჩანდნენ, რადგან ამ ქვეყნის მხტომელებმა 10-წლიანი შესვენების შემდეგ მოიგეს მსოფლიოს ჩემპიონატის მედალი.

ასე რომ, წყალში ხტომაში უკვე მედლების ექვსი კომპლექტი გათამაშდა და ექვსივეში პირველობა ჩინელებმა მოიპოვეს.

წყალში ხტომა
3 მ. სინქრონული. კაცები
1. კაი კინი/იუტონ ლიუო (ჩინ) - 463,98; 2. ილია ზახაროვი/ევგენი კუზნეცოვი (რუს) - 451,89; 3. იაგელ კასტილიო/ხულიან სანჩესი (მექ) - 437,61...

* * *
"ღია წყალზე" ცურვის პროგრამა ქალებმა 10-კილომეტრიანი დისტანციით გახსნეს. პირველობისთვის ძალიან საინტერესო ბრძოლა გაიმართა. მართალია, ახალი ჩემპიონი, ბრიტანელი კერი-ენ პეინი მთელი დისტანციის განმავლობაში ლიდერობდა, მაგრამ მისმა უპირატესობამ უახლოეს მდევართან, იტალიელ მარტინა გრიმალდისთან მხოლოდ 1,8 წამი შეადგინა. ასევე ახლოს იყო გამარჯვებულთან ბრინჯაოს მედლის მფლობელი, ბერძენი მარიანა ლიმპერტა - 3,7 წამი ჩამორჩენა.

ეს მსოფლიოს ჩემპიონატზე ბრიტანეთის პირველი გამარჯვებაა. აქამდე ჩემპიონები მხოლოდ ჩინეთსა და რუსეთს ჰყავდათ.

გუშინვე გაგრძელდა რუსების დომინირება სინქრონულ ცურვაში - ამ ქვეყნის ნაკრებმა სპორტის ამ სახეობაში ზედიზედ მესამე ოქრო მოიგო. სოლოში და დუეტებში ნატალია იშჩენკოს ტრიუმფის შემდეგ, რუსებმა ამჯერად ჯგუფურ გამოსვლაში აჯობეს ყველას, თუმცა ამ დისციპლინაში იშჩენკო არ გამოდიოდა და ის ჩინეთში ორი ოქროთი შემოიფარგლა.

10 კმ. ქალები
1. კერი ენ პეინი (ბრიტ) – 2:01.58,1; 2. მარტინა გრიმალდი (იტა) - 1,8; 3. მარიანა ლიმპერტა (საბ) - 3,7...

სინქრონული ცურვა
ჯგუფური
1. რუსეთი - 98,300; 2. ჩინეთი - 96,800; 3. ესპანეთი - 96,000...

გუნდური ჩათვლა
ო ვ ბ ს
1. ჩინეთი 6 5 0 11
2. რუსეთი 3 1 0 4
3. ბრიტანეთი 1 0 0 1
4. გერმანია 0 1 2 3
5. ავსტრალია 0 1 1 2
5. კანადა 0 1 1 2
5. იტალია 0 1 1 2
8. ესპანეთი 0 0 3 3
9. საბერძნეთი 0 0 1 1
9. მექსიკა 0 0 1 1
9. უკრაინა 0 0 1 1

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული