ირაკლი ბოლქვაძე ევროპის ჩემპიონატის ფინალშია

AutoSharing Option
ბელგიურ ანტვერპენში 4 ივლისს დაიწყო ახალგაზრდა მოცურავეთა ევროპის ჩემპიონატი, რომელშიც საქართველოს სამი წარმომადგენელი მონაწილეობს: ლონდონის ოლიმპიადის ლიცენზიანტი ირაკლი ბოლქვაძე, თეიმურაზ კობახიძე და დავით სიხარულიძე.

4 ივლისს ბოლქვაძემ 200 მეტრზე ბრასით ცურვაში მოსინჯა ძალები. შესარჩევ ეტაპზე 2.16,75-ით 35 მონაწილეს შორის მე-4 ადგილი დაიკავა და ნახევარფინალში გავიდა. იქ კი 0,02 წამით გააუმჯობესა საკვალიფიკაციო შედეგი, რაც ფინალში მოსახვედრად საკმარისი აღმოჩნდა.

მედლებისთვის პაექრობა 5 ივლისს, თბილისის დროით დაახლოებით 21 საათზე დაიწყება. საგულისხმოა, რომ დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში მოცურავეთა შორის ევროპის პირველობის ფინალისტი არ გვყოლია.

აღსანიშნავია
ისიც, რომ ბოლქვაძე ლონდონის თამაშებში სწორედ ამ დისტანციაზე გამოვა. ოლიმპიური საგზური კი 2.16,35-ით მოიპოვა. დღევანდელ ფინალში, თუ თუნდაც ამ შედეგს გაიმეორებს, არ არის გამორიცხული, მედალსაც გამოკრას ხელი.

ბოლქვაძის გარდა, გუშინ 50 მეტრზე ბატერფლაით თეიმურაზ კობახიძე 51 მონაწილეს შორის 25,74 წამით 32-ე იყო. დავით სიხარულიძემ ამავე დისტანციაზე 26,36 წამით 45-ე ადგილი დაიკავა.

5 ივლისს 200 მეტრზე ბატერფლაით კობახიძე იასპარეზებს, ხოლო სიხარულიძე თანატოლებს 100 მეტრზე თავისუფალი ყაიდით გაეჯიბრება.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული