პირველი მედალი ცურვაში დამოუკიდებელი საქართველოსთვის

AutoSharing Option
5 ივლისს სასიხარულო ცნობა მივიღეთ ანტვერპენიდან: დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში პირველად, 17 წლის ირაკლი ბოლქვაძემ ცურვაში ჩვენს ქვეყანას ბრინჯაოს მედალი მოუტანა.

უკვე გაუწყეთ, რომ ბელგიაში ახალგაზრდა მოცურავეთა ევროპის ჩემპიონატში საქართველოს სამი წარმომადგენელი ჩაება: ლონდონის ოლიმპიადის ლიცენზიანტი ირაკლი ბოლქვაძე, თეიმურაზ კობახიძე და დავით სიხარულიძე. იმის შესახებაც ვწერდით, რომ ბოლქვაძემ 200 მეტრზე ბრასით წარმატებით განვლო საკვალიფიკაციო ეტაპი - 2.16,75-ით მე-4 ადგილი დაიკავა.

ნახევარფინალში ეს შედეგი 0,02 წამით გააუმჯობესა
და ფინალში გავიდა, სადაც კვარცხლბეკზე ასასვლელად ყველაფერი იღონა.

150 მეტრის შემდეგ იგი დისტანციაზე მეოთხე იყო და რუს ალექსანდრ ოსიპენკოსთან 0,46 წამს აგებდა. ბოლო 50-მეტრიან მონაკვეთში ირაკლიმ, ფაქტობრივად, შეუძლებელი შეძლო - აშკარად აჯობა ჩრდილოელ მეზობელს და საქართველოს ახალი რეკორდით (2.15,46) ფინიშთან მესამე იყო. ჩვენებურს რუსმა მარატ ამალტდინოვმა (2.13,15) და ბრიტანელმა მურდოშ როსიმ (2.14,53) გაუსწრეს.

ირაკლი ბოლქვაძე 1994 წლის 12 დეკემბერს დაიბადა. წლეულს დაამთავრა თბილისის 47-ე საჯარო სკოლა. ცურვაში ვარჯიში 6 წლისამ დაიწყო.

ერთხანს გიორგი აბზიანიძესთან მეცადინეობდა. რამდენიმე წელიწადია, ირინა მინჟულინასთან იმაღლებს ოსტატობას.

უფროსებში პირველად ოთხი წლის წინათ გახდა საქართველოს ჩემპიონი. მას შემდეგ რამდენჯერმე მოიპოვა ეს ტიტული სხვადასხვა დისციპლინაში. 100 და 200 მეტრზე ბრასსა და 200 და 400 მეტრზე კომპლექსურ ცურვაში საქართველოს მრავალგზის რეკორდსმენია.

წარმატებებით განსაკუთრებით წლევანდელი სეზონი გამოირჩა: შეჯიბრებიდან შეჯიბრებამდე აუმჯობესებდა შედეგებს და ოლიმპიურ საგზურს უახლოვდებოდა.

ორიოდე თვის წინათ დებრეცენში 200 მეტრი ბრასით 2.16,35-ში გაცურა და დამოუკიდებელი საქართველოს მოცურავეთაგან პირველმა შეასრულა ოლიმპიური თამაშების სალიცენზიო ნორმატივი, რაც ჭაბუკი სპორტსმენის დიდი გამარჯვება იყო.

უნგრეთიდან დაბრუნების შემდეგ ბოლქვაძე გაორკეცებული ენერგიით შეუდგა ევროპის პირველობისთვის მზადებას. ნათელი იყო, რომ ახალგაზრდა მოცურავე მიღწეულს არ დასჯერდებოდა, რაც ანტვერპენში დაამტკიცა კიდეც.

ამას წინათ ირაკლიმ მოთელვის მიზნით თბილისში მაქსიმალის თასზეც იასპარეზა და რამდენიმე დისტანცია მოიგო. მაშინ შევიტყვე, ცურვის გარდა, ძალიან მოსწონს რაგბი - საქართველოს ნაკრებს ქომაგობს, გატაცებულია ფეხბურთით, სიამოვნებით უყურებს ქალთა ჩოგბურთს.

კერპი
ლეგენდარული ამერიკელი მოცურავეები - მაიკლ ფელპსი და რიან ლოხტი. სიმპათიები უფრო ლოხტისკენ იხრება.

ჰობი

მუსიკა და კომპიუტერი.

მომავალი პროფესია
ახალგაზრდების ევროპის პირველობისა და ოლიმპიური თამაშებისთვის მზადებასთან დაკავშირებით მომავალი პროფესიის არჩევა და ეროვნული გამოცდების ჩაბარება საგაისოდ გადადო.

მიზანი
ლონდონის ოლიმპიურ თამაშებში წარმატებული გამოსვლა...

ირაკლი ბოლქვაძე ანტვერპენში 8 ივლისს 400 მეტრზე კომპლექსურ ცურვაში მოსინჯავს ძალებს. ბრინჯაოსმედალოსანს გუშინ მხარი ვერ აუბეს თანაგუნდელებმა: თემურ კობახიძე 200 მეტრზე ბატერფლაით (2.06,86) 21-ე იყო, ხოლო დავით სიხარულიძემ 100 მეტრი თავისუფალი ყაიდით 52,30 წამში გაცურა და 60 მონაწილეს შორის 46-ე ადგილი დაიკავა.

7 ივლისს სიხარულიძე 200 მეტრზე თავისუფალი ყაიდით იცურავებს, კობახიძე კი ევროპელ თანატოლებს 100 მეტრზე ბატერფლაით გაეჯიბრება.

"ცისფერი ბილიკით" ბრინჯაომდე (იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
ძალიან მაგარი კაცი ხარ! აბა, შენ იცი _ ასე გააგრძელე ჟინით და მონდომებით ვარჯიში და დიდი წარმატებები გელის!
გილოცავ ძალიან ბევრი ადამიანის სახელით!
dudu
13:52 06-07-2012
0

სიახლეები პოპულარული