ლონდონი 2012: ესეც შენი ლოხტე

AutoSharing Option
ცურვის ტურნირის მეორე დღეს მთავარი ფინალი, რა თქმა უნდა, კაცებს შორის 4x100 მეტრზე თავისუფალი სტილით ესტაფეტა იყო. იშვიათია, როცა ამ დისციპლინაში ამერიკა ვინმეს ოქროს მედალს უთმობს, მაგრამ გამონაკლისებიც გვინახავს. მაგალითად - ათენის 2004 წლის ოლიმპიადა, როცა სენსაციური გამარჯვება მოიპოვა სამხრეთ აფრიკის ნაკრებმა.

ამერიკელთა რიგებში ორი ვარსკვლავი ცურავდა - მაიკლ ფელპსი და რაიან ლოხტე და ცოტა ვინმეს თუ ეპარებოდა ეჭვი, რომ ლოხტე ამ ოლიმპიადაზე თავის მეორე ოქროს აიღებდა, ფელპსი კი კარიერაში მეთხუთმეტედ (!) მოიგებდა ოქროს მედალს. თუმცა კონკურენტებიც ძლიერები იყვნენ -
ავსტრალია, ყოველთვის სახიფათო საფრანგეთი და რუსეთი.

წინა დღეს ფელპსის სუსტმა გამოსვლამ ეჭვი გააჩინა ლეგენდარული ამერიკელის მზადყოფნის შესახებ. ამიტომაც აშშ-ის ნაკრების მთავარ იმედად ლოხტე სახელდებოდა, მიუხედავად იმისა, რომ 100 მეტრი კროლი არ არის რაიანისთვის საყვარელი სახეობა.

ყველაფერი კი პირიქით მოხდა. ფელპსს ესტაფეტის მეორე ნაწილი ერგო და მან ბრწყინვალედ გაცურა, რითაც თავის გუნდს დაახლოებით ნახევარწამიანი უპირატესობა მოუტანა.

ბოლო იყო ლოხტე, რომელიც ლიდერის რანგში ჩახტა წყალში. მისი უახლოესი მდევარი კი ფრანგი იანიკ ანიელი იყო. პირველი 50 მეტრის გავლის შემდეგ ამერიკელის უპირატესობისგან თითქმის აღარაფერი დარჩა. ბოლო მეტრებზე კი ანიელს უკეთესი აჩქარება გამოუვიდა და საფრანგეთმა ისტორიულ შედეგს მიაღწია - ის პირველი ევროპული გუნდია ოლიმპიადების ისტორიაში, რომელმაც 4x100 მეტრზე ესტაფეტა მოიგო.

მანამდე აშშ-ს ჰქონდა რვა მოგება და თითო ავსტრალიასა და სამხრეთ აფრიკას.

* * *

ქალებს შორის 100 მეტრზე ბატერფლაიში დანა ვოლმერმა ჯერ კიდევ საკვალიფიკაციო გაცურვისას დაამყარა ოლიმპიური რეკორდი, ნახევარფინალში მსოფლიოს რეკორდის გრაფიკით ცურავდა და ბოლოსკენ შეანელა ტემპი. ყველაფერი იქითკენ მიდიოდა, რომ ფინალში ის მსოფლიოს რეკორდით გაიმარჯვებდა.

მიუხედავად ამისა, დანამ ცუდად დაიწყო და პირველი 50 მეტრის შემდეგ აგებდა დანიელ ოტესენთან და თანამემამულე დონაჰიუსთან. მაგრამ დისტანციის მეორე ნახევარი ვოლმერმა ფენომენალურად გაცურა და ფინიშამდე დაახლოებით 20 მეტრით ადრე, უკვე ერთი კორპუსით იყო წინ.

გასარკვევი მხოლოდ ის იყო, შეძლებდა თუ არა ის სარა სიოსტრიომის რეკორდის გაუმჯობესებას. სხვათა შორის, თავად შვედმა ამ ფინალში მეოთხე ადგილი დაიკავა. ვოლმერმა ბოლო მეტრებზე აქაც დააგდო ტემპი, მაგრამ მაინც რვა მეასედი წამი ჩამოაკლო რეკორდს - 55,98!

* * *

კაცებს შორის 100 მეტრზე ბრასით ცურვაში ფავორიტი სამხრეთაფრიკელი კამერონ ვან დერ ბურგი იყო, რომელმაც ნახევარფინალში ოლიმპიური რეკორდი დაამყარა. მიუხედავად ამისა, საყოველთაო ყურადღება ლეგენდარული იაპონელის, ოთხგზის ოლიმპიური ჩემპიონის, კასუკე კატაჯიმასკენ იყო მიმართული.

აზიელს შანსი ჰქონდა, გამხდარიყო პირველი მოცურავე ისტორიაში, ვინც ზედიზედ სამ ოლიმპიადაზე მოიგებდა ერთი და იგივე დისტანციას.

იაპონელმა ჩააგდო სტარტი იმ დროს, როცა ვან დერ ბურგი თავიდანვე წინ გავიდა. დისტანციის მეორე ნახევარში კატაჯიმამ მოუმატა და მეორე ადგილზეც გადავიდა, მაგრამ ბოლომდე ძალები არ ეყო და მეხუთე პოზიციამდე ჩამოქვეითდა.

ვან დერ ბურგი კი ბოლო მეტრებზე კიდევ უფრო აჩქარდა და ორი მეასედით გააუმჯობესა მსოფლიოს რეკორდი. მეორეზე გავიდა ავსტრალიელი შპრენგერი; ხოლო ამერიკელმა ჰანსენმა, რომელიც დიდ სპორტში კარიერის დასრულების შემდეგ დაბრუნდა, ბრინჯაოს მოპოვებით ყველა გააკვირვა.

მოგვიანებით ვან დერ ბურგმა თავისი გამარჯვება ნორვეგიელ მოცურავეს, დალე ოენს მიუძღვნა, რომელიც წელს გულის შეტევით გარდაიცვალა.

* * *
400 მეტრზე თავისუფალი სტილით ცურვაში ყველა უძლიერესი ქალი მოცურავე მოხვდა ფინალურ გაცურვაში - პელეგრინი, შმიტი, მუფატი... მსოფლიოს მოქმედმა ჩემპიონმა, იტალიელმა პელეგრინიმ, მოულოდნელად ვერ შეძლო მედლებისთვის ბრძოლა.

ძირითადად, ოქროსთვის ერთმანეთს ეპაექრებოდნენ შმიტი და მუფატი. ფრანგი თავიდანვე გავიდა წინ, ამერიკელი კი მუდმივად ძალიან ახლოს იყო, მაგრამ მაინც ვერ დაეწია კამილს. ბრიტანელების იმედმა - რებეკა ედლინგტონმა ბრინჯაო მოიგო, თუმცა მისი მთავარი დისტანცია 800 მეტრი გახლავთ.

* * *
გუშინ 200 მეტრზე თავისუფალი სტილით ცურვაში ლოხტესა და ანიელის მეორე დუელი შედგა და ის კვლავ ფრანგის გამარჯვებით დასრულდა.

მან მეორე ოქრო მოიპოვა ამ ოლიმპიადაზე, ლოხტე კი საერთოდ ვერ მოხვდა პირველ სამეულში. გუშინდელი დღის შესახებ უფრო დაწვრილებით ხვალინდელ ნომერში მოგიყვებით.

ცურვა
კაცები
თავისუფალი. 200 მ
1. იანიკ ანიელი (საფ) 1:43.14
2. ტაეხვან პარკი (ს. კორ) +1.79
2. იან სუნი (ჩინ) +1.79
4. რაიან ლოხტე (აშშ) +1.90
5. პაულ ბიდერმანი (გერ) +2.39
6. რობი რენვიკი (ბრიტ ) +3.39
7. ტ. ფრეზერ-ჰოლმსი (ავსტრა) +3.79
8. დანილა იზოტოვი (რუს) +4.61

გულაღმა. 100 მ
1. მეტიუ გრევერსი (აშშ) - 52.16 (ო.რ.)
2. ნიკ ტომანი (აშშ) +0.76
3. რიოსუკე ირიე (იაპ) +0.81
4. კამილ ლაკური (საფ) +0.92
5. ლაიამ ტენკოკი (ბრიტ) +1.19
6. ჰელგე მეუვი (გერ) +1.32
7. ჰაიდენ შტოკელი (ავსტრა) +1.39
8. ფეიე ჩენი (ჩინ) +1.61

ქალები
გულაღმა. 100 მ
1. მისი ფრანკლინი (აშშ) 58.33
2. ემილი სიბონი (ავსტრა) +0.35
3. აია ტერაკავა (იაპ) +0.50
4. ანასტასია ზუევა (რუს) +0.67
5. ჯემა სპოფორტი (ბრიტ) +0.87
6. ჟინ ჟაო (ჩინ) +0.90
7. ბელინდა ჰოკინგი (ავსტრა) +0.96
8. იუანჰუი ფუ (ჩინ) +2.17

ბრასი. 100 მ
1. რუტა მეილუტიტე (ლიტ) 1:05.47
2. რებეკა სონი (აშშ) +0.08
3. სატომი სუზუკი (იაპ) +0.99
4. ალია ატკინსონი (იამ) +1.46
5. ლიზელ ჯონსი (ავსტრა) +1.48
6. ბრეეია ლარსონი (აშშ) +1.49
7. იულია ეფიმოვა (რუს) +1.51
8. რიკე პედერსენი (დან) +2.08

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული