მაიკლ ფელპსი - ბუნებისგან დაჯილდოებული

AutoSharing Option
მაიკლ ფელპსმა დაამხო ლეგენდარული საბჭოთა ტანმოვარჯიშის, ლარისა ლატინინას რეკორდი ოლიმპიადებზე მოპოვებული მედლების რაოდენობით.

ახლა ამერიკელი მოცურავის ანგარიშზე 19 მედალი მოდის, მათ შორის, 15 ოქროსი. მაიკლ ფელპსი რომელიმე გამოგონილი ქვეყნის სახელით დამოუკიდებლად რომ გამოსულიყო ოლიმპიადებზე, ზაფხულის თამაშების ისტორიაში ყველა დროის საერთო ჩათვლაში 42-ე ადგილზე იქნებოდა. მედლების ასეთი რაოდენობა ამერიკელმა ნიჭისა და იშვიათი ბუნებრივი მონაცემების წყალობით მოიპოვა.

ფელპსს ოლიმპიადებზე დებიუტი 2000 წელს სიდნეიში ჰქონდა, მაგრამ მაშინ მან ვერცერთი მედალი ვერ აიღო. ამის შემდეგ ის ზედიზედ ორი თამაშების გმირი გახდა. ლონდონის ოლიმპიადა ბოლო
იქნება ლეგენდის კარიერაში.

ახლა ის უკვე აღარ ჰგავს დაუმარცხებელ მონსტრს, მაგრამ სხვადასხვა სინჯის მედლებს მაინც იღებს, რითაც მწვრთნელებსა და მეცნიერებს კვლავაც უტოვებს განსჯის საბაბს.

თითქმის ათი წელია, მეცნიერები მთელი მსოფლიოდან ცდილობენ მაიკლის ფენომენის ამოხსნას. მისი ცურვის სტილი, ორგანიზმი და ფიზიოლოგია დაწვრილებით არის შესწავლილი და მკვლევართა მთავარი დასკვნა ასეთია - ამერიკელის აღნაგობა იდეალურად ერგება ცურვას.

ფელპსს ძალიან გრძელი ტორსი აქვს, მსგავსი სიმაღლისთვის არადამახასიათებელი მოკლე ფეხები და გაშლილი ხელების დაუჯერებელი სიგრძე. გარდა ამისა, ჩვეულებრივ ადამიანზე გრძელი ტერფები და ხელისგულები აქვს. ექსპერტებმა, რომლებიც კადრების მიხედვით სწავლობდნენ ჩემპიონის გაცურვებს, გაარკვიეს, რომ მისი სახსრები უჩვეულოდ მოძრავია და ამით ბალერინას სახსრებს ჰგავს.

ეს გარემოება ფელპსს უპირატესობას აძლევდა მეტოქეებზე კედლიდან ფეხის კვრის დროს. სპეციალისტები ყურადღებას აქცევდნენ მის უჩვეულო დიეტას.

ეს რომ ჩვეულებრივმა ადამიანმა გაიმეოროს, შესაძლოა, სარეკორდოდ მოკლე დროში გარდაიცვალოს საკვების ზედმეტი დოზისგან. ყველა ამ ფაქტორმა, მის ნიჭთან და უნიკალურ შრომისმოყვარეობასთან ერთად, წარმოშვა ყველა დროის ყველაზე ტიტულოვანი სპორტსმენი. მან იდეალურად გამოიყენა ის, რითაც ბუნებამ დააჯილდოვა.

როცა 48 წლის წინ თავისი კარიერა დაასრულა ლარისა ლატინინამ, ისე ჩანდა, რომ მისი რეკორდი მუდმივი იქნებოდა.

მიუხედავად მედიცინისა და გენური ინჟინერიის განვითარებისა, ახლა ასევე სამუდამო ჩანს ფელპსის მიღწევა; ყოველ შემთხვევაში, უახლოეს მომავალში მაიკლს შეუძლია მშვიდად იყოს.

მეცნიერება ძალიან ახლოს მივიდა იმასთან, რომ სპორტულ მოლეკულებად დაანაწევროს ადამიანის დნმ და გამოარკვიოს, რომელი გენი გახლავთ სპორტის ამა თუ იმ სახეობაში წარმატებული გამოსვლის გარანტია. უკვე დღეს მსგავსი ექსპერიმენტები ტარდება ავსტრალიასა და სხვა განვითარებულ ქვეყნებში.

საჩემპიონო გენის აღმოჩენა - არ არის იმის გარანტია, რომ მისი მფლობელი აუცილებლად ფელპსი გახდება, მაგრამ მომავალში დიდ დახმარებას გაუწევს სწორი მიმართულების არჩევაში.

ჯერ კიდევ 2004 წელს, ათენის თამაშების მსვლელობისას, როცა დაიწყო ფელპსის ოლიმპიური გმირობები, კალიფორნიის ბიოლოგიური ინსტიტუტის მეცნიერებმა წარმოადგინეს მარათონელი თაგვი.

მათ მღრღნელს აღმოუჩინეს გენი, რომელიც მუტაციას იწვევდა და ცხოველს უფრო ამტანად აქცევდა. და არ არის გამორიცხული, ასეთი ექსპერიმენტები ადამიანზეც ჩატარდეს. ყოველ შემთხვევაში, ფიზიკურად იდეალური სპორტსმენის შექმნის იდეა, მაგალითად, ფელპსის ან სპრინტერი უსაინ ბოლტის ტანისა, საკმაოდ მომხიბვლელად ჩანს. თუმცა საკამათოა ეთიკური თვალსაზრისით.

სხვათა შორის, "ბუნებრივი ჩემპიონები", მეტოქეებზე მათი ფიზიკური უპირატესობის მიუხედავად, ჩვეულებრივ ცხოვრებაში იდეალურები არ არიან. იგივე ფელპსს აუტიზმის იოლი ფორმა აქვს, ოთხი წლის წინ კი მარიხუანას მოწევაზე ჩავარდა.

სუპერმენის როლი მოქმედებს ნებისმიერი ადამიანის ფსიქიკაზე და გენეტიკოსებმა ჯერ არ იციან, როგორ ებრძოლონ ამ პრობლემას.

ყველა დროის ლიდერები
სპორტსმენი სახეობა ოლიმპიადები ო ვ ბ ს
1. მაიკლ ფელპსი (აშშ) ცურვა 4 (2000-12) 15 2 2 19
2. ლარისა ლატინინა (სსრკ) ტანვარჯიში 3 (1956-64) 9 5 4 18
3. ნიკოლაი ანდრიანოვი (სსრკ) ტანვარჯიში 3 (1972-80) 7 5 3 15
4. ბორის შახლინი (სსრკ) ტანვარჯიში 3 (1956-64) 7 4 2 13
5. ედოარდო მანჯაროტი (იტალია) ფარიკაობა 5 (1936, 1948-60) 6 5 2 13
6. ტაკაში ოგო (იაპონია) ტანვარჯიში 4 (1952-64) 5 4 4 13
7. პაავო ნურმი (ფინეთი) მძლეოსნობა 3 (1920-28) 9 3 0 12
8. ბიორნ დელი (ნორვეგია) თხილამურები 3 (1992-98) 8 4 0 12
8. ბირგიტ ფიშერი (გდრ/გერმანია) ბაიდარები 6 (1980, 1988-2004) 8 4 0 12
10. სავაი კატო (იაპონია) ტანვარჯიში 3 (1968-76) 8 3 1 12
10. ჯენი ტომპსონი (აშშ) ცურვა 4 (1992-2004) 8 3 1 12
12. დარა ტორესი (აშშ) ცურვა 5 (1984-92, 2000, 2008) 4 4 4 12
13. ალექსეი ნემოვი (რუსეთი) ტანვარჯიში 3 (1996-2004) 4 2 6 12
14. ნატალი კოლინი (აშშ) ცურვა 3 (2004-12) 3 4 5 12
15. მარკ სპიტცი (აშშ) ცურვა 2 (1968, 1972) 9 1 1 11
16. მეტ ბიონდი (აშშ) ცურვა 3 (1984 - 1992) 8 2 1 11
17. ვერა ჩასლავსკა (ჩეხოსლოვაკია) ტანვარჯიში 3 (1960-68) 7 4 0 11
18. ვიქტორ ჩუკარინი (სსრკ) ტანვარჯიში 2 (1952-56) 7 3 1 11
19. ოლე-ეინარ ბიორნდალენი (ნორვეგია) ბაიტლონი 5 (1994-2010) 6 4 1 11
20. კარლ ოსბერნი (აშშ) სროლა 3 (1912-24) 5 4 2 11

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
"მედლების ასეთი რაოდენობა ამერიკელმა ნიჭისა და იშვიათი ბუნებრივი მონაცემების წყალობით მოიპოვა"
--------
იქნებ შრომით?
უშანგი
13:19 03-08-2012
0

სიახლეები პოპულარული