ამერიკას "დრიმ თიმი" ჰყოლია

AutoSharing Option
ლონდონის ოლიმპიადაზე დასრულდა ცურვის ტურნირი. ბოლო დღეს მედლები გათამაშდა ყველაზე მოკლე და ყველაზე გრძელ დისტანციებზე, აგრეთვე, ორ კომბინირებულ ესტაფეტაში.

50 მეტრზე ქალებს შორის მთავარი ინტრიგა შემდეგში მდგომარეობდა - შეძლებდა თუ არა ჰოლანდიელი რანომი კრომოვიჯოჯო ამ ოლიმპიადაზე დუბლის შესრულებას.

მის მთავარ მეტოქედ ბელარუსი ალექსანდრა გერასიმენია მიიჩნეოდა. მათი პირველი დუელი 100 მეტრზე ჰოლანდიელმა ბრწყინვალე საფინიშო სპურტის წყალობით მოიგო. მაშინ გერასიმენიამ პირველი 50 მეტრი შესანიშნავად გაცურა და საინტერესო იყო, როგორ ტაქტიკას აირჩევდა სპრინტში.

თუმცა ბელარუსი ვერ აღმოჩნდა ჰოლანდიელისთვის კონკურენტი. მან წააგო სტარტი და
დიდი ფორა მისცა ასეთ მოკლე დისტანციაზე.

შესაბამისად, გერასიმენიასთვის მთავარი ამოცანა ვერცხლისთვის ბრძოლა გახდა. აქაც მას ჰოლანდიელი მოწინააღმდეგე ჰყავდა მარლენ ფელდჰუისის სახით და ეს დუელი ბელარუსმა მოიგო.

რაც შეეხება კრომოვიჯოჯოს, მან მეორე ოლიმპიური ოქრო ახალი ოლიმპიური რეკორდით მოიგო.

ამ თამაშებზე მედლის გარეშე დარჩა პეკინის ორგზის ოლიმპიური ჩემპიონი ბრიტა შტეფენი და ბრიტანელების ბოლო იმედი ფრანჩესკა ჰელსოლი, რომელსაც წელს 24,13 წამი ჰქონდა ნაჩვენები, მაგრამ ოლიმპიურ ფინალში მხოლოდ 24,47 წამი დააფიქსირა.

* * *
1500 მეტრზე თავის მორიგ მედალზე აცხადებდა პრეტენზიას მსოფლიოს 2011 წლის ჩემპიონი იან სუნი. ამ ფინალამდე მას მედლების სრული კომპლექტი ჰქონდა მოპოვებული: ოქრო 400 მეტრზე კროლში, ვერცხლი 200 მეტრზე და ბრინჯაო 4x200 მეტრზე ესტაფეტაში. სტარტზე კინაღამ დაუჯერებელი რამ მოხდა.

სუნი ყველაზე ადრე გადახტა წყალში და ყველას ეგონა, რომ ჩინელს ფალსტარტის გამო დისკვალიფიკაციას მისცემდნენ, მაგრამ, როგორც აღმოჩნდა, შეცდა სტარტის მიმცემი მსაჯი. ამ სიტუაციამ კიდევ უფრო გააბრაზა ჩინელი მოცურავე და მან ფენომენალური ტემპი აჩვენა, რის გამოც არანაირ კონკურენციაზე ლაპარაკი არ ყოფილა.

იან სუნმა ბრწყინვალე დროით დაასრულა გამოსვლა - 14.31,02, რითაც მსოფლიოს წინა რეკორდს მთელი სამი წამი ჩამოაკლო!

* * *
ცურვის ყველა ფინალის მშვენებაა კომბინირებული ესტაფეტები, რომლითაც იხურება ყველა დიდი ტურნირი. წინასწარ შეიძლებოდა ქალებს შორის ოქროს მედლის მიცემა ამერიკის ნაკრებისთვის, რომელშიც ნამდვილი დრიმ-თიმი შეიკრიბა.

მელისა ფრანკლინმა, რებეკა სონიმ, დანა ვოლმერმა და ელისონ შმიტმა ამ ოლიმპიადაზე ოქროს რვა მედალი მოიპოვეს და მსოფლიოს სამი რეკორდი დაამყარეს!

მხოლოდ ფალსტარტი ან ესტაფეტის გადაცემის დროს შეცდომა თუ შეუშლიდა ხელს ამ ოთხეულს გამარჯვებაში, მაგრამ ყველაფერი სწორედ მოსალოდნელი ტრიუმფით დასრულდა, თანაც მსოფლიოს რეკორდით.

* * *
მამაკაცებს შორის ყველაფერი ისე ცხადი არ იყო, როგორც ქალებს შორის, მაგრამ სწორედ მათ აღმოაჩნდათ ყველაზე დაბალანსებული შემადგენლობა (მეტიუ გრევერსი, ბრენდან ჰანსენი, მაიკლ ფელპსი, ნათან ედრიენი), რომელმაც უახლოეს კონკურენტს თითქმის ორი წამი მოუგო. სამი ეტაპის განმავლობაში იაპონია თანაბრად ებრძოდა ამერიკას.

განსაკუთრებით გამოიჩინა თავი ლეგენდარულმა ბრასისტმა კოსუკე კატაჯიმამ, რომელმაც თავისი 100 მეტრი პირწმინდად მოუგო ჰანსენს. ბატერფლაიში ტაკეში მაცუდა ბევრით არ ჩამორჩა ფელპსს, მაგრამ თავისუფალ სტილში კარგი ოსტატის არყოლის გამო, აზიელებს ვერცხლით დაკმაყოფილება მოუწიათ.

ლონდონში ამერიკელთა გამოსვლა სრული ტრიუმფით დასრულდა - მათ სხვებზე მეტი აქვთ ნებისმიერი სინჯის მედალი. არ შეიძლება, არ აღვნიშნოთ რუსი მოცურავეების მორიგი კრახი.

ორი ვერცხლი და ორი ბრინჯაო პეკინში ნაჩვენებ შედეგზე უკეთესია, მაგრამ ისიც აღსანიშნავია, რომ რუსები ზედიზედ მეოთხე ოლიმპიადაზე ვერ ახერხებენ ოქროს მედლის მოპოვებას. ბოლოს ეს გააკეთა ლეგენდარულმა ალექსანდრ პოპოვმა ატლანტას 1996 წლის თამაშებზე.

ცურვის ჩათვლა
ო ვ ბ ს
1. აშშ 16 8 6 30
2. ჩინეთი 5 2 3 10
3. საფრანგეთი 4 2 1 7
4. ჰოლანდია 2 1 1 4
5. ს. აფრიკა 2 1 0 3
6. ავსტრალია 1 6 3 10
7. უნგრეთი 1 0 1 2
8. ლიტვა 1 0 0 1
9. იაპონია 0 3 8 11
10. რუსეთი 0 2 2 4

ლიდერები
ო ვ ბ ს
მაიკლ ფელპსი (აშშ) 4 2 0 6
მისი ფრანკლინი (აშშ) 4 0 1 5
ელისონ შმიტი (აშშ) 3 1 1 5
დანა ვოლმერი (აშშ) 3 0 0 3
რაიან ლოხტე (აშშ) 2 2 1 5
იან სუნი (ჩინ) 2 1 1 4
ნათან ედრიენი (აშშ) 2 1 0 3
იანიკ ანიელი (საფ) 2 1 0 3
მეტიუ გრევერსი (აშშ) 2 1 0 3
რ. კრომოვიჯოჯო (ჰოლ) 2 1 0 3
რებეკა სონი (აშშ) 2 1 0 3
ალისია კოუტსი (ავსტრა) 1 3 1 5

კაცები
1500 მ თავისუფალი
1. იან სუნი (ჩინ) 14:31.02 (მ.რ.)
2. რაიან კოკრენი (კან) +8.61
3. უსამა მელული (ტუნ) +9.29
4. ტაეხვან პარკი (კორ) +19.59
5. გრეგორიო პალტრინიერი (იტა) +20.90
6. კონორ ჯაგერი (აშშ) +21.97
7. მატეუშ სავრომოვიჩი (პოლ) +23.30
8. დანიელ ფოგი (ბრიტ) +29.74

4x100 მ კომპლექსური
1. აშშ 3:29.35
(მეტიუ გრევერსი, ბრენდან ჰანსენი, მაიკლ ფელპსი, ნათან ედრიენი)
2. იაპონია +1.91
(რიოსუკე ირიე, კოსუკე კატაჯიმა, მაკეში მაცუდა, ტაკურო ფუჯი)
3. ავსტრალია +2.23
(ჰეიდენ შტოკელი, კრისტიან სპრენგერი, მეტ ტარგერი, ჯეიმს მაგნუსენი)
4. ბრიტანეთი +2.97
5. უნგრეთი +3.67
6. გერმანია +3.71
7. ჰოლანდია +4.11
8. კანადა +4.85

ქალები
50 მ თავისუფალი
1. რანომი კრომოვიჯოჯო (ჰოლ) 24.05 (ო.რ.)
2. ალექსანდრა გერასიმენია (ბლრ) 24.28
3. მარლინ ველდჰუისი (ჰოლ) 24.39
4. ბრიტა შტეფენი (გერ) 24.46
5. ფრანჩესკა ჰელსოლი (ბრიტ) 24.47
6. ტერეზ ალშამარი (შვედ) 24.61
7. ჯესიკა ჰარდი (აშშ) 24.62
8. ა. ვანდერპული-უოლასი (ბაჰ) 24.69

4x100 მ კომპლექსური
1. აშშ 3:52.05 (მ.რ.)
(მისი ფრანკლინი, რებეკა სონი, დანა ვოლმერი, ელისონ შმიტი)
2. ავსტრალია +1.97
(ემილი სიბომი, ლიზელ ჯონსი, ალისია კოუტსი, მელანი შლანგერი)
3. იაპონია +3.68
(აია ტერაკავა, სატომი სუზუკი, იუკა კატო, ჰარუკა უედა)
4. რუსეთი +3.98
5. ჩინეთი +4.36
6. ჰოლანდია +5.23
7. დანია +5.71
8. ბრიტანეთი +7.41

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული