უკეთ, მაგრამ მაინც არასახარბიელოდ

AutoSharing Option
დუბაიში მოცურავეთა მსოფლიოს ჩემპიონატზე, როგორც გაუწყეთ, ორი ქართველი სპორტსმენი ცდის ძალებს. გუშინ მათ შეჯიბრების პირველ დღესთან შედარებით უკეთ იასპარეზეს, მაგრამ შედეგები მაინც არასახარბიელოა. ირაკლი რევიშვილმა 400 მეტრზე თავისუფალი ყაიდით 37-ე ადგილი (3.56,50) დაიკავა. პირველ-მესამე ადგილებზე პაულ ბიდერმანი (გერმანია, 3.37,06), ნიკიტა ლოვინცევი (რუსეთი, 3.37,84) და ჰუსამა მელოული (ტუნისი, 3.38,17) გავიდნენ.

200 მეტრზე კომპლექსურ ცურვაში 41-ე იყო გიორგი მთვრალაშვილი (2.07,13). აქ ამერიკელმა რაიან ლოხტემ გაიმარჯვა, თანაც მსოფლიოს რეკორდით - 1.50,08. მეორე-მესამე ადგილები მარკუს როგანმა (ავსტრია, 1.52,90) და სკოტ კლარმა (აშშ, 1.53,56) გაინაწილეს.


ბრინჯაო სინქრონში
გუშინ კიევში დაიწყო წყალმხტომელთა A კატეგორიის საერთაშორისო ტურნირი, რომელშიც ჩვენებურებიც მონაწილეობენ. ჭოლა ჭანტურიამ და შოთა კორახაშვილმა სამმეტრიანი ტრამპლინიდან სინქრონულ ხტომებში მესამე ადგილი დაიკავეს. დღეს ისინი ინდივიდუალურ ხტომებში იასპარეზებენ.


მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული