პატივიცა და პასუხისმგებლობაც

AutoSharing Option
უხსოვარი დროიდანვე ცურვას ადამიანისთვის უდიდესი პრაქტიკული მნიშვნელობა ჰქონდა, განსაკუთრებით თევზაობისას, ნადირობისა და მტერთან ბრძოლისას. სამეფო ოჯახებში ცურვის გაკვეთილების სცენები ჯერ კიდევ ჩვენს წელთაღრიცხვამდე IV ათასწლეულით თარიღდება. ძველი საბერძნეთის ცნობილი პოლიტიკური მოღვაწე სოლონი უბირ ადამიანს ასე ახასიათებდა: "არც ცურვა იცის, არც კითხვა". ცურვა ადამიანისთვის მინიჭებული მეორე სიცოცხლეა, ამიტომაც აქცევდნენ საუკუნეების განმავლობაში მის შესწავლას განსაკუთრებულ ყურადღებას.

ცურვა სპორტის სახეობად XV-XVI საუკუნეების მიჯნაზე ჩამოყალიბდა. პირველი შეჯიბრება 1515 წელს გაიმართა ვენეციაში. ოლიმპიური თამაშების პროგრამაში კაცებისთვის 1896, ქალებისთვის კი 1912 წლიდან შეიტანეს. ევროპის ჩემპიონატები -
1926, მსოფლიოს ჩემპიონატები კი 1973 წლიდან ეწყობა.

საქართველოში სპორტული ცურვა შედარებით გვიან გავრცელდა: 1936 წელს თბილისში, მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე, სადაც რესტორანი "არაგვი" იყო, აშენდა საბჭოთა კავშირში პირველი 8-ბილიკიანი და 50-მეტრიანი საცურაო აუზი. ქართველმა სპორტსმენებმა საუკეთესო შედეგებს მე-20 საუკუნის შუა წლებში მიაღწიეს. წარმატებებს საფუძველი ჩაუყარა პეტრე მშვენიერაძემ, რომელიც 1948 წელს საბჭოთა კავშირის ჩემპიონატის პრიზიორი გახდა - ბრასით ცურვაში 11 საკავშირო რეკორდი დაამყარა, მერე წყალბურთში გადაინაცვლა და მსოფლიოში გაითქვა სახელი.

ქალთაგან სსრკ ჩემპიონატის პირველი მედალი (ვერცხლი) ლია ფაჩულიამ დაისაკუთრა. 1956 წლის მელბურნის ოლიმპიურ თამაშებზე ბრინჯაოს მედალი ხვდა თბილისელ მსოფლიოს რეკორდსმენ (4X200 მ) ბორის ნიკიტინს. მანვე ამავე დისტანციაზე ევროპის ჩემპიონატიც მოიგო. 1970 წელს ბარსელონის ევროპის ჩემპიონატზე გულაღმა ცურვაში ფინიშთან პირველი მიიჭრა სსრკ შვიდგზის ჩემპიონი თინათინ ლეკვეიშვილი. იგი კომბინირებულ ესტაფეტაში მეორე იყო, 200 მ. გულაღმა ცურვაში - მესამე. 1975 წლის მსოფლიოს ჩემპიონატზე ირინა გერასიმოვას (4X100, თავისუფალი ყაიდა) ბრინჯაო ერგო.

გასული საუკუნის 90-იანი წლებიდან საქართველოში ცურვის ტრადიციები დავიწყებას მიეცა, ბაზები გაპარტახდა, გასხვისდა, პროფილი შეიცვალა. 165 აუზიდან მხოლოდ "ლაგუნა ვერემ" შეინარჩუნა სიცოცხლისუნარიანობა - ცურვის, წყალბურთისა და წყალხტომის სექციებს აქ მუშაობა არ შეუწყვეტია. აბა, ერთი კომპლექსი მთელ საქართველოს რას გასწვდებოდა?!

საბედნიეროდ, ბოლო წლებში საცურაო აუზები ისევ მომრავლდა. ბევრგან ბავშვთა და მოზარდთან ჯგუფები ფუნქციონირებს. ყმაწვილები სხვადასხვა ყაიდით ცურვის საიდუმლოს ეუფლებიან.

- განსაკუთრებით "ლაგუნა ვერე" მინდა გამოვყო, სადაც უწინდებურად სერიოზული მუშაობა მიმდინარეობს კონკურენტუნარიანი სპორტსმენების მოსამზადებლად, - მითხრა საქართველოს საწყლოსნო სახეობათა ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტმა, სეოკ-ის გენერალურმა მდივანმა ალექსანდრე ბითაძემ. - ასევე, მინდა აღვნიშნო "ოლიმპიკის" 50-მეტრიანი, "ტონუსის", "ქარიშხალას", გორის, საჩხერის, ქუთაისის, ჩაქვის 25-მეტრიანი აუზები; ბათუმში სულ მალე ჩადგება მწყობრში 50-მეტრიანი აუზი, რომელიც კერძოა, ამიტომ მის მესვეურებს გვინდა ვთხოვოთ, რომ მოცურავეებსა და წყალბურთელებსაც შეუქმნან იქ სავარჯიშო პირობები.

საცურაო ბაზების მომრავლების მიუხედავად, შარშან საერთაშორისო სარბიელზე სახარბიელო შედეგები მაინცდამაინც არ გვქონია, რაც 15-წლიანი ვაკუუმის ბრალია. მართალია, ირაკლი რევიშვილმა და გიორგი მთვრალაშვილმა ლიტვის ღია ჩემპიონატზე რამდენიმე მედალი მოიპოვეს, მათ შორის - ოქროსი, მთვრალაშვილმა სინგაპურის მსოფლიო ახალგაზრდობის ოლიმპიურ თამაშებშიც იასპარეზა, მაგრამ ეს ბევრს არაფერს ნიშნავს. დეკემბერში ორივე სპორტსმენმა დუბაიში მსოფლიოს ჩემპიონატზე მოსინჯა ძალები, მაგრამ ვერც ერთ დისტანციაზე სარეიტინგო ოცდაათეულშიც ვერ მოხვდნენ. ეს ფაქტი დამაფიქრებელია. მოცურავეები, რომლებიც ეროვნულ ჩემპიონატებზე იოლად იმარჯვებენ, საერთაშორისო სარბიელზე ვერაფერს აღწევენ. სხვებზე რაღა უნდა ვთქვათ. მუშაობის რადიკალურად შეცვლა მოგვიწევს. უპირველესად, მწვრთნელთა კვალიფიკაცია უნდა ამაღლდეს. ამ მიზნით შარშან ოლიმპიური სოლიდარობის პროგრამით მოვიწვიეთ ცურვის ერთ-ერთი საუკეთესო სპეციალისტი ვლადიმირ ისურინი, რომელმაც ქართველ კოლეგებს თეორიული და პრაქტიკული მეცადინეობები ჩაუტარა.

ვფიქრობთ, 2011-2012 წლებში კიდევ ერთი უცხოელი სპეციალისტი ჩამოვიყვანოთ, უფრო ხანგრძლივი ვადით, რომელიც კონსულტაციებს გაუწევს ჩვენს მწვრთნელებს და კონკრეტულადაც დაეხმარება მათ 2015 წლის ევროპის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალისთვის კონკურენტუნარიანი სპორტსმენების მომზადებაში. ამ ფესტივალს ხომ თბილისი უმასპინძლებს. ამიტომ შეჯიბრებაში მხოლოდ მონაწილეობით არ უნდა დავკმაყოფილდეთ.

- საამისოდ სპორტსმენთა შერჩევა აქედანვე უნდა დავიწყოთ. არადა, შესაძლოა, ამ ასაკის ბავშვებმა ჯერ ცურვაც არ იცოდნენ.
- 2015 წლის ფესტივალზე 1999-2000 წლებში დაბადებული ბიჭები და 2001-2002 წლებში დაბადებული გოგონები იასპარეზებენ. ამ ასაკის უამრავი მოზარდი ვარჯიშობს დღეს ცურვაში და, როგორც მწვრთნელებმა მითხრეს, ბევრიც საკმაოდ ნიჭიერია. ოღონდ მათთან მიზანმიმართული მუშაობაა საჭირო, სათანადო დაფინანსებაც. სელექციის მიზნით მოზარდებისთვის სულ მალე საინტერესო ღონისძიებას მოვაწყობთ ყველა რეგიონში, მერე რჩეულთათვის საქართველოს პირველობასაც გავმართავთ. საუკეთესოებს პერსონალურ მწვრთნელებსა და უცხოელ კონსულტანტსაც მივუჩენთ.

- ოლიმპიური ფესტივალისთვის, მოგეხსენებათ, მარტო სპორტსმენთა მომზადება არ იკმარებს. შეჯიბრებების მაღალ დონეზე გასამართავად სათანადო ბაზა და მომსახურე პერსონალია საჭირო.
- გეთანხმებით. "ოლიმპიკის" საცურაო აუზი სრულიად აკმაყოფილებს 2015 წლის ასპარეზობის მოთხოვნებს. ძირითადი 50-მეტრიანის გარდა, მას სათადარიგო მცირე ზომის აუზიც აქვს, რომელიც მოთელვისთვის საკმარისია. ევროპის ცურვის ფედერაციიდან ჩამოსულმა სტუმრებმა დადებითად შეაფასეს "ოლიმპიკის" საწყლოსნო კომპლექსი, ერთი რეკომენდაცია მოგვცეს მხოლოდ - ტრიბუნებზე დასაჯდომი ადგილების რაოდენობა ათასამდე გაზარდეთო. ეს იოლი მოსაგვარებელია ასაწყობი კონსტრუქციების მეშვეობით. რაც შეეხება მომსახურე პერსონალს, აქ უფრო რთულადაა საქმე. თუმცა თადარიგს აქედანვე ვიჭერთ - გეგმა უკვე გაწერილი გვაქვს და თავს არ შევირცხვენთ. გამოცდილების მისაღებად ფესტივალამდე ერთ-ორ საერთაშორისო ტურნირს გავმართავთ.

- 2015 წლის ოლიმპიური ფესტივალის მასპინძლობის უფლების მოპოვებამ ძალიან გაგვახარა. თუმცა ეს დიდ პასუხისმებლობასაც გვაკისრებს, - გვითხრა საქართველოს მოცურავეთა ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა გიორგი აბზიანიძემ. - უკვე ვესაუბრე კოლეგებს და სხვადასხვა რეგიონში განსაკუთრებულ ყურადღებას მივაქცევთ იმ მოზარდებს, რომლებიც 1997 წელს და უფრო გვიან არიან დაბადებულნი. პირადად მეც მყავს ამ ასაკის ნიჭიერი მოცურავეები. სელექციისა და ბავშვთა დაინტერესების მიზნით საჭიროდ მიმაჩნია მივიწყებული შეჯიბრების - "მხიარული დელფინის" აღდგენა, ამ ტურნირებზე აზერბაიჯანელი და სომეხი მოცურავეების მოწვევა. მით უმეტეს, რომ ორივე ქვეყნის წარმომადგენლებთან ძალიან კარგი ურთიერთობა გვაქვს.

- წლეულს რას გეგმავთ?
- ტრადიციულად, თბილისისა და საქართველოს ჩემპიონატებს ჩავატარებთ. სათანადო დაფინანსების შემთხვევაში, 6-8 მაისს საბერძნეთში "აკროპოლისის თასზე" გავემგზავრებით, რომელიც შანხაის სალიცენზიო მსოფლიოს ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ტურნირია. 4-6 ივნისს ნოვი სადი (სერბეთი) საერთაშორისო ტურნირს უმასპინძლებს, რომელშიც 1994-2002 წლებში დაბადებული გოგო-ბიჭები იასპარეზებენ. აქ გვინდა გამოვცადოთ ირაკლი ბოლქვაძე, დავით სიხარულიძე და ირაკლი შენგელია, რომლებიც 6-10 ივლისს სერბეთშივე ახალგაზრდების ევროპის პირველობაზე გამოვლენ, ასევე, ის ჭაბუკები (1995-1996 წლებში დაბადებულნი), 25-29 ივლისს ტრაბზონში ევროპის ახალგაზრდობის 2011 წლის ოლიმპიურ ფესტივალზე რომ მოსინჯავენ ძალებს (თემურ კობაიძე, ირაკლი ლომიძე, ნიკა კოკელაძე) და ისინიც, 2015 წლის თბილისური ბატალიებისთვის რომ მოემზადებიან. ყველაზე მნიშვნელოვანი კი 16-31 ივლისს შანხაიში გასამართავი სალიცეზიო მსოფლიოს ჩემპიონატია. ვეცდებით, შარშანდელთან შედარებით, წლეულს შედეგები გავაუმჯობესოთ.


ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"


მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული