საფრანგეთმა ავიაკატასტროფაში სამი ჩემპიონი დაკარგა

AutoSharing Option
გუშინ, არგენტინაში სატელევიზიო რეალითი-შოუს გადაღებისას ორი ვერტმფრენის შეჯახებამ ათი ადამიანის დაღუპვა გამოიწვია.

დაღუპულთა შორის ორი არგენტინელი და რვა ფრანგია. ამათგან ორი ცნობილი სპორტსმენი იყო - ცურვაში ოლიმპიური ჩემპიონი კამილ მუფა და მოკრივე ალექსის ვასტენი. ტრაგედია არგენტინის ჩრდილოეთით, პროვინცია ლა-რიოხაში მოხდა.

სატელევიზიო შოუ Dropped-ი, რომელსაც არგენტინაში ფრანგული ტელეკომპანია TF1 იღებდა, იმ პროგრამის ანალოგიურია, რომელიც ადრე შვედეთის ტელევიზიამ ჩაუშვა ეთერში.

პროექტის იდეა იმაში მდგომარეობს, რომ მონაწილეთა ორი ჯგუფი ვერტმფრენებით გადაჰყავთ ცივილიზაციისგან მოშორებულ ადგილებში, საიდანაც ისინი სამშვიდობოზე გამოსვლას ლამობენ. მონაწილეებს არ გააჩნიათ GPS,
რუკა, კომპასი და კავშირის საშუალება გარე სამყაროსთან.

პროექტის მონაწილეებს ყოფილი სპორტსმენებიდან ირჩევენ, რომლებსაც საფრანგეთსა და მსოფლიოში გავარდნილი აქვთ სახელი. ასე მაგალითად, წლევანდელ შოუში უნდა გამოსულიყვნენ ყოფილი ველომრბოლელი ჟანი ლონგო, სნოუბორდისტი ანა-ფლორ მარსერი, მოცურავე ალენ ბერნარი, ფეხბურთელი სილვენ ვილტორი და მოციგურავე ფილიპ კანდელორო.

ვერტმფრენებში, რომლებიც არგენტინის ცაში დაეჯახნენ ერთმანეთს, ორი ადგილობრივი პილოტი, ტელეჯგუფის ხუთი წევრი და შოუს სამი მონაწილე იმყოფებოდა.

დაღუპულთა შორის ყველაზე ცნობილია ფრანგი მოცურავე კამილ მუფა, რომელმაც გასული წლის ივლისში დაასრულა კარიერა. ის პირველად ოლიმპიურ თამაშებზე 2008 წელს გამოვიდა, მაგრამ ვერც ერთ დისციპლინაში ვერ შეძლო ფინალამდე მისვლა. სამაგიეროდ, 2012 წელს მუფამ ლონდონის ოლიმპიადაზე მედლების სრული კომპლექტი შეაგროვა: მოიგო ოქრო 400 მეტრზე თავისუფალი სტილით ცურვაში, ვერცხლი 200 მეტრზე და ბრინჯაო ესტაფეტაში.

2013 წლის პირველ იანვარს მუფა საპატიო ლეგიონის ორდენის კავალერი გახდა. სიკვდილის მომენტში ის 25 წლის იყო.

მოკრივე ალექსის ვასტენმა თავისი 28-ე დაბადების დღე ტრაგედიამდე ერთი დღით ადრე აღნიშნა. მის ანგარიშზე იყო 2008 წლის ოლიპიადაზე მჩატე წონაში მოპოვებული ბრინჯაოს მედალი.

ამ ავარიის შედეგად დაღუპული კიდევ ერთი სპორტსმენია 57 წლის ფლორანს არტო, რომელიც აფროსნობით იყო დაკავებული და 1990 წელს მარტომ გადაცურა ატლანტიკის ოკეანე 9 დღეში, 21 საათსა და 42 წუთში, რაც მსოფლიოს ახალი რეკორდი გახლდათ.

ამ ტრაგედიას მთელი მსოფლიო გამოეხმაურა. "ჩვენი თანამემამულეების მოულოდნელმა სიკვდილმა შოკი და უდიდესი მწუხარება გამოიწვია", - განაცხადა საფრანგეთის პრეზიდენტმა ფრანსუა ოლანდმა.

"გმირები არასოდეს კვდებიან, ჩვენ კი უკვდავყოფთ მათ სახელებს", - დაწერა საკუთარ "ტვიტერზე" ცნობილმა ფრანგმა ბიატლონისტმა მარტენ ფურკადმა.

ტრაგედიასთან დაკავშირებით, შვეიცარიის ქალაქ ლოზანაში, საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის შტაბ-ბინის წინ სამი დღით დაუშვებენ ოლიმპიურ დროშას.

"შოკირებულნი ვართ ამ სამწუხარო ამბით. ჩვენი ფიქრები ამ დიადი ათლეტების ოჯახებთან და მეგობრებთან არის. მსოფლიო სპორტმა და ოლიმპიურმა ოჯახმა თავისი სამი მნიშვნელოვანი წევრი დაკარგა", - წერია ოლიმპიური კომიტეტის ოფიციალურ გვერდზე.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ტეგები:
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული