"ადამიანი-ამფიბია" დაბრუნდა

AutoSharing Option

ოფიციალურად დადასტურდა ჭორი, რომლის გარშემოც ამ ბოლო დროს ბევრი მითქა-მოთქმა იყო - ხუთგზის ოლიმპიურმა ჩემპიონმა იან ტორპმა პრესკონფერენციაზე გამოაცხადა დიდ სპორტში დაბრუნების შესახებ. ლეგენდარული სპორტსმენი, რომელსაც "ადამიანი-ამფიბია" შეარქვეს, ლონდონის ოლიმპიადის საგზურისთვის იბრძოლებს.

წესების თანახმად, ტორპი ავსტრალიის ცურვის ფედერაციამ ანტისადოპინგო აღრიცხვაზე აიყვანა და ახლა მას ნებისმიერ შეჯიბრში შეუძლია მონაწილეობის მიღება. მოცურავე მიიჩნევს, რომ ძველ დონეზე დაბრუნება და დიდი ტურნირების მოგება არ გაუჭირდება.


"სიმართლე ითქვას, სპორტში დაბრუნება ჯერ კიდევ სექტემბერში გადავწყვიტე, მაგრამ ახლო მეგობრებმაც არ იცოდნენ ამის შესახებ. რვა სხვადასხვა აუზში ვვარჯიშობდი,

მუდმივად ვიცვლიდი ადგილს, რომ ყველაფერი საიდუმლოდ დარჩენილიყო. ჩემში დაბრუნების სურვილმა საბოლოოდ მაშინ გაიღვიძა, როცა ლონდონში გავფრინდი და ის ადგილი მოვინახულე, სადაც ცურვის ოლიმპიური ტურნირი უნდა გაიმართოს", - აღიარებს ტორპი.

ის არ მალავს, რომ ასეთი რთული გადაწყვეტილების მიღებისთვის ფსიქოლოგ დეირდრე ანდერსონის დახმარებას მიმართა. ეს ის პიროვნებაა, ვინც იანს 2006 წელს კარიერის დასრულება ურჩია. ირკვევა, რომ დიდი ხნის განმავლობაში 28 წლის ტორპს SMS-შეტყობინებების საშუალებით კონსულტაციები ჰქონდა ავსტრალიის ნაკრების მწვრთნელ ლი ნაჯენტთან, რომელიც პირადად დაესწრო ჩემპიონის ერთ-ერთ ვარჯიშს.

ტორპი ერთ დროს დაუმარცხებელი იყო თავისუფალი სტილით 200 და 400 მეტრ დისტანციებზე, მაგრამ ახლა სპრინტერულ დისტანციებზე გადასვლა გადაწყვიტა. მან განაცხადა, რომ 400 მეტრზე სათანადოდ მოსამზადებლად დრო არ ეყოფა. "მაგრამ ყველანი გაკვირვებული დარჩებით, როცა მოკლე დისტანციებზე ჩემს გამოსვლას იხილავთ", - გვპირდება ავსტრალიელი. მან არ უპასუხა შეკითხვას - რა დროს აფიქსირებს ბოლო ვარჯიშებზე, თუმცა აღნიშნა, რომ საკუთარი სპორტული ფორმით თავადაც გაკვირვებული დარჩა.

"ცურვის გარეშე ოთხი წელი ნამდვილად მოსაწყენი იყო. საქმე ფულსა და სპონსორულ კონტრაქტებში არ არის. უბრალოდ მივხვდი, რომ ისევ შემიძლია უმაღლეს დონეზე გამოსვლა. მინდა დავეხმარო ავსტრალიის ნაკრებს 4x100 და 4x200 მეტრზე ესტაფეტებში. ამ გადაწყვეტილებით ჩემი უნაკლო კარიერა კითხვის ნიშნის ქვეშ დავაყენე, მაგრამ ვიცი, რასაც ვაკეთებ", - ამბობს ტორპი.

თუ "ადამიანი-ამფიბია" მოახერხებს ძველი ფორმის აღდგენას, მამაკაცთა ესტაფეტებში კონკურენცია ერთი ორად გაიზრდება. როგორც ჩანს, ტორპი მართლაც კარგ ფორმაშია, წინააღმდეგ შემთხვევაში, ასეთ თამამ განცხადებებს არ გააკეთებდა.


* * *
ტორპი დამსახურებულად მიიჩნევა ყველა დროის ერთ-ერთი უდიადეს მოცურავედ. ის პრაქტიკულად დაუმარცხებელი იყო 1998-2004 წლებში.

2000 წელს, სიდნეის საშინაო ოლიმპიადაზე იანი 17 წლის იყო, მაგრამ უკვე მოპოვებული ჰქონდა მსოფლიოს ჩემპიონატის ორი ოქროს მედალი.

სწორედ ტორპმა მოუტანა ავსტრალიის ნაკრებს სიდნეიში პირველი ოქრო, როცა 400 მეტრზე თავისუფალ სტილში გაანადგურა მეტოქეები. შემდეგ მეოთხე ნომრად გაცურა 4x100 მეტრზე კროლის ესტაფეტაში, შეინარჩუნა ამერიკელ გერი ჰოლზე მცირე უპირატესობა და ბოლო მეტრებზე გამოსტაცა მას გამარჯვება. მაშინ ამერიკელებმა ისტორიაში პირველად წააგეს ეს კლასიკური ესტაფეტა.

ერთ-ერთი ყველაზე დრამატული იყო გაცურვა 200 მეტრზე თავისუფალ სტილში. მაშინ ტორპისა და ჰოლანდიელი პეტერ ვან დენ ჰუგენბანდის დუელის გამო აუზში წყალი "დუღდა". პიტერი სტარტიდანვე გაიქცა. ტორპმა დაწევა სცადა და ბოლო 50 მეტრზე მოახერხა ამის გაკეთება, მაგრამ საფინიშო სპურტისთვის ძალა აღარ ეყო და ავსტრალიელი ვერცხლს დასჯერდა.

სამაგიეროდ, ტორპმა რევანში აიღო 4x200 მეტრზე ესტაფეტაში. ის პირველი მიცურავდა და უახლოეს მდევარს ათი მეტრი მოუგო, მისმა პარტნიორებმა კი შეინარჩუნეს ეს უპირატესობა. საბოლოოდ, ამერიკა ხუთი წამით ჩამორჩა ავსტრალიურ კვარტეტს. ოლიმპიადის ბოლოს ტორპმა კიდევ ერთი ვერცხლი მიიღო - 4x100 მეტრზე კომპლექსურ ესტაფეტაში მონაწილეობისთვის.

ოთხი წლის შემდეგ ათენში მოცურავეებმა ისეთი შოუ დადგეს, რომელიც შეიძლება აღარასოდეს განმეორდეს. როგორც ცნობილია, კომპანია Speedo-მ მაიკლ ფელპსს მილიონი დოლარი აღუთქვა რვა ოქროს მოპოვებისთვისა და მარკ სპიცის "მუდმივი" რეკორდის დამხობის სანაცვლოდ. ტორპმა მაშინვე განაცხადა, რომ ასეთ თამაშებში მონაწილეობა არ სურდა და ამის გამო არ გამოვიდა 200 მეტრზე კომპლექსურ ცურვაში.

თუმცა ოლიმპიადის წინ ტორპს სხვა საზრუნავიც ჰქონდა. მან კინაღამ დაკარგა თავის საყვარელ 400 მეტრზე გამოსვლის შანსი - ეროვნულ შესარჩევ ტურნირში სტარტის წინ ფეხი დაუცდა და წყალში ჩავარდა, რის გამოც ფალსტარტი დაუფიქსირეს. ავსტრალიაში მიხვდნენ, რომ ამ დისტანციაზე ოლიმპიურ ოქროს კარგავდნენ. გულშემატკივრები გააქტიურდნენ, საქმეში ავსტრალიის პრემიერმინისტრიც ჩაერია და საბოლოოდ, იმ გაცურვის მომგებ კრეიგ სტივენსს აიძულეს უარი ეთქვა ოლიმპიადაზე ტორპის სასარგებლოდ.

მაინც და მაინც ლამაზი ისტორია არ გამოვიდა, მაგრამ ფაქტია, რომ ათენში 400 მეტრზე გაცურვა მთელი ოლიმპიადის ერთ-ერთი მშვენება გახდა. ტორპი ოქროსთვის თავის თანამემამულე გრანტ ჰეკეტს ებრძოდა. ლიდერი ყოველ წამს იცვლებოდა და საბოლოოდ, იანმა თანაგუნდელს 0,24 წამი მოუგო.

მოცურავეთა ტურნირის მთავარი მოვლენა გახდა 200 მეტრი კროლი. მაშინ მას "ასწლეულის გაცურვა" უწოდეს. ერთმანეთის გვერდიგვერდ იდგნენ ტორპი, ვან დენ ჰუგენბანდი და ფელპსი. ამერიკელი მესამე ადგილზე გავიდა და რვა ოქროს მოგება შემდეგი ოლიმპიადისთვის გადადო. პირველი ადგილი ისევ ტორპმა და ვან დენ ჰუგენბანდმა გაითამაშეს. ისევე როგორც ოთხი წლის წინ, ჰოლანდიელი თავიდანვე წინ გაიჭრა, მაგრამ ამჯერად ტორპმა გაძლო და ფინიშზე დროული სპურტით გაიმარჯვა. ის ხუთგზის ოლიმპიური ჩემპიონი გახდა.


4x200 მეტრზე ესტაფეტაში ტორპი ისევ მეოთხე ნომრად დააყენეს. ის აუზში ამერიკელ კლიტ კელერზე წამნახევრით გვიან ჩახტა, თითქმის დაეწია მას და მხოლოდ 13 მეასედი წამი წააგო. 4x100 მეტრზე ესტაფეტა ავსტრალიამ ჩააგდო და მხოლოდ მეექვსე მივიდა ფინიშთან.


თავისი ბოლო ოლიმპიური მედალი ტორპმა 100 მეტრზე კროლში მოიპოვა. ის ბოლო მომენტში მოხვდა ფინალში, იქ თავიდან მეექვსე მიცურავდა. ბოლო გაქცევამ იანს ბრინჯაო მოუტანა და ამით პირველი ოლიმპიელი გახდა, ვინც ერთ ოლიმპიადაზე 100, 200 და 400 მეტრზე თავისუფალი სტილით ცურვაში მედლები მოიგო.

 

 

 

 

 

.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული