ახალგაზრდებს ბუქარესტი გამოცდის

AutoSharing Option
დღეს დილით რუმინეთში გაემგზავრა ჩვენი ქვეყნის ახალგაზრდა ძალოსანთა ნაკრები საქართველოს დამსახურებული მწვრთნელის მალხაზ ლომთაძისა და ალეკო ნოზაძის ხელმძღვანელობით. ბუქარესტის ფიცარნაგზე 20-წლამდელთა ევროპის პირველობაზე ძალებს გამოცდიან ქუთაისელები - გიორგი ლომთაძე (69 კგ) და ზურიკო თავაძე (77), საჩხერელი ლაშა ტალახაძე (მძიმე წონა), ხოლო 23-წლამდელთა კონტინენტის ჩემპიონატში მხოლოდ ზუგდიდელი დავით გოგია (105) გვეყოლება.

როგორც მწვრთნელებმა გვითხრეს, ჩვენი ბიჭები კარგად არიან მომზადებული და რუმინეთში საპრიზო ადგილებისთვის იბრძოლებენ. განსაკუთრებით ყოფილი ძალოსნის - კობა ტალახაძის ვაჟის - ლაშა ტალახაძის იმედი აქვთ. შარშან მან 17-წლამდელთა ევროპის პირველობაზე
სამი ოქროს მედალი (ატაცში, აკვრასა და ორჭიდში) მოიპოვა. იგი ახალგაზრდებშიც მსგავსი შედეგის გამეორებას შეეცდება. მით უმეტეს, რომ ორჭიდში მან ერთი თვის წინათ 395 კილოგრამი დაძლია და ერთი წლის წინანდელი მიღწევა 60 კილოგრამით(!) გააუმჯობესა: ატაცში-25, აკვრაში-35 კილოგრამით. ცხადია, ბუქარესტში მას იოლი გასეირნება არ ექნება, რადგან რუსი და სომეხი მეტოქეებიც სერიოზულად არიან მომზადებული და განწყობილი კვარცხლბეკის უმაღლეს საფეხურზე ასასვლელად.

20-წლიანებში გამოვა ჭაბუკებში 2009 წლის ევროპის ჩემპიონი გიორგი ლომთაძე, რომელმაც შარშან ახალგაზრდებში მცირე ბრინჯაოს მედალი დაიმსახურა აკვრაში.
ატაცში შარშან ასევე მესამე იყო დავით გოგია, რომელმაც ორჭიდში ბრინჯაო პირადი წონით დათმო. ამჯერად 23-წლამდელებში ეცდება დანაკარგის ანაზღაურებას.
ზურიკო თავაძე ორჯერ გამოდიოდა ჭაბუკთა კონტინენტის პირველობებზე. ამჯერად იგი ევროპელ ახალგაზრდებს გაეჯიბრება. ლომთაძე და თავაძე 13 სექტემბერს იასპარეზებენ, გოგია და ტალახაძე კი 17 სექტემბერს იბრძოლებენ მედლებისთვის.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული