ქართველი ათლეტისთვის ეს არ იყო პირველი წარმატება - შარშან მან ჭაბუკთა ევროპის ჩემპიონატზეც სამი ოქრო დაიმსახურა, ოღონდ მაშინ, ერთი წლით უმცროსმა, უფრო მოკრძალებული შედეგით (158+187=345) შეძლო ეს. გოლიათი ძალოსანი საქართველოს დამსახურებული მწვრთნელის ავთანდილ გახოკიძის ხელმძღვანელობით შეჯიბრებიდან შეჯიბრებამდე აუმჯობესებს პირად მიღწევებს.
ყველაფერს კი საფუძველი მამამ
კობა ტალახაძემ ძალოსნობაში ვარჯიში ამირან დვალის ხელმძღვანელობით დაიწყო, მერე გოგი თოდაძესა და შოთა წერეთელთან იმაღლებდა ოსტატობას. 1983 წელს ჭაბუკებში საბჭოთა კავშირის ჩემპიონობა მოიპოვა მძიმე წონაში, 1987 წელს ახალგაზრდების საკავშირო პირველობაზე ორჭიდში 400 კილოთი (180+220) მე-2 ადგილი დაიკავა - ალექსანდრ ლევანდოვსკიმ 7 კილოთი აჯობა.
- ორი წლის შემდეგ დონეცკში საკავშირო ახალგაზრდულ თამაშებზეც მეორე ვიყავი, - იგონებს კობა ტალახაძე. - მაშინ 185 კილო კი ავიტაცე, მაგრამ აკვრაში 212-კილოიანი შტანგა ვერ დავიმორჩილე, არადა, ვარჯიშებზე ამ წონას იოლად ვერეოდი. იმავე წელს საკავშირო ახალგაზრდულ ნაკრებში მიმიწვიეს, მაგრამ 9 აპრილის შემდეგ ქართველებს ცერად გვიყურებდნენ და თურქეთში მსოფლიოს პირველობაზე არ წამიყვანეს. ის შეჯიბრება ლევანდოვსკიმ მოიგო, რომელსაც საწვრთნელი შეკრებებისას აშკარად ვჯაბნიდი.
საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ სავარჯიშო პირობები არ მქონდა და აქტიურ სპორტსაც ჩამოვშორდი.
- ლაშაზე რას იტყვით?
- პატარაობიდანვე ფიზიკურად ძლიერი იყო, ამიტომ ძალოსნობაში დავაწყებინე ვარჯიში - რაც მე ვერ შევძელი, ჩემს ვაჟს მინდოდა გაეკეთებინა დიდ სპორტში. საბედნიეროდ, ჯერჯერობით ყველაფერი კარგად მიდის, საოცარი ნახტომებით აუმჯობესებს საკუთარ შედეგებს. ჩემგან განსხვავებით, თავშეკავებულია, გამრჯე და რეჟიმის მოყვარული. შვილი რომ არის, იმიტომ არ ვამბობ - ისეთი მონაცემები აქვს, დიდ სპორტში უნდა ივარგოს...
ლაშა ტალახაძე ახლა დუშეთის ოლიმპიურ ბაზაზეა და საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელის - ვანო გრიქუროვის ხელმძღვანელობით ეროვნულ გუნდთან ერთად სალიცენზიო მსოფლიოს ჩემპიონატისთვის ემზადება. ამ შეჯიბრებას კი 4 ნოემბრიდან პარიზი უმასპინძლებს.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"