ქართველმა ძალოსანმა ორჭიდში 409 კილოგრამით მე-4 ადგილი დაიკავა - მესამე ადგილზე გასულ უკრაინელ ალექსეი ტოროხტის მხოლოდ ერთი კილოგრამით ჩამორჩა.
ამავე
პარიზის ფიცარნაგზე ჩვენებურთაგან პირველი გავიდა 20-წლამდელებში ევროპის წლევანდელი ჩემპიონატის მეორეადგილოსანი გიორგი ლომთაძე (69 კგ). მან 137 კილოგრამი აიტაცა, მაგრამ აკვრაში საწყისი წონა ვერ დაძლია და უადგილოდ დარჩა. 85 კილოში ძალებს ცდიდა პეკინის ოლიმპიადის მონაწილე რაულ ცირეკიძე. 352 კილოგრამით (157+195) მან მე-16 ადგილი დაიკავა. 382 კილოთი (173+209) მსოფლიოს ჩემპიონობა ირანელმა ქიანუშ როსტომმა მოიპოვა.
მძიმე წონაში ქართველთაგან ორი ათლეტი გამოდიოდა. 18 წლის ლაშა ტალახაძემ წლეულს 20-წლამდელთა ევროპის პირველობაზე სამი ოქროს მედალი დაიმსახურა. პარიზის მსოფლიოს ჩემპიონატი მისთვის დებიუტი არ ყოფილა (შარშან ანტალიაშიც იასპარეზა, მაგრამ შეჯიბრება ბოლომდე არ დაუმთავრებია).
ამის მიუხედავად, ახალგაზრდა სპორტსმენმა გამოცდილ ათლეტებს სათანადო მეტოქეობა ვერ გაუწია - ორჭიდში მხოლოდ 387 კილოგრამს (180+207) მოუყარა თავი. უკეთეს შედეგს ველოდით ირაკლი თურმანიძისგან. მართალია, მან ატაცში კარგად დაიწყო (180 კგ ასწია), მაგრამ მერე ორი ცდა გაუცუდდა. აკვრაში 218-კილოგრამიანი შტანგა დაიმორჩილა და 398 კილოთი B ჯგუფში მეორე იყო, საბოლოოდ კი მე-12 ადგილი ერგო.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"