პირველ-მეექვსე ადგილებზე ჩინეთი, რუსეთი, ირანი, კორეა, პოლონეთი და უკრაინა გავიდნენ, რომლებმაც 6-6 საგზური მოიპოვეს.
ქართველმა ათლეტებმა საფრანგეთის დედაქალაქში 65 ქულას მოუყარეს თავი, რომელსაც შარშან ანტალიაში მოგროვებული 58 ქულა დაემატა და 123 ქულით ჩვენმა გუნდმა საბოლოოდ მე-20 ადგილი დაიკავა, რითაც 3 ლიცენზია გაინაღდა.
პარიზული ბატალიების კომენტარი ვთხოვეთ საქართველოს ძალოსნობის ფედერაციის გენერალურ მდივან რამაზ გურგენიძეს, რომელიც ჩემპიონატს ესწრებოდა.
- თავიდანვე შევნიშნავ, რომ
უპირველესად 105 კილოში გია მაჭავარიანის (აჭარა) კარგი გამოსვლა მინდა აღვნიშნო. საერთაშორისო შეჯიბრებებში მან პირველად აიტაცა 187 კილო, რითაც მცირე ბრინჯაოს მედალი დაიმსახურა და ორჭიდის ჯამში მესამე ადგილის კონკურენტებს - უკრაინელ ტარახტისა და პოლონელ ბონკს საგრძნობლად გაუსწრო, ევროპის წლევანდელი ჩემპიონატის მეორე პრიზიორმა პოლონელი აკვრაშიც ჩამოიშორა, თუმცა თავად 222 კილოგრამით დაასრულა ასპარეზობა.
უკრაინელმა ათლეტმა 229 კილო, რომელიც მას გიას გასასწრებად სჭირდებოდა, მხოლოდ მესამე ცდაზე დაიმორჩილა და დიდი ბრინჯაოც ირგუნა. მაჭავარიანმა მე-4 ადგილი დაიკავა და საკუთარ გუნდს მე-3 ადგილისთვის გათვალისწინებული 23 ქულა მოუტანა. საქმე ის არის, რომ რუსი ხაჯიმურატ აკაევი, რომელიც კვარცხლბეკის უმაღლეს საფეხურზე ავიდა, ჩრდილოელ მეზობლებს ექვსკაციან ნაკრებში არ ჰყავდათ, ამიტომ რუსებს ჩასათვლელი ქულები (28) მეორეადგილოსანმა კლიკოვმა მოუტანა, ტარახტის 25 ქულა ერგო.
მაჭავარიანმა წლეულს ეროვნულ ჩემპიონატზე ზუგდიდში 224 კილოგრამი დაძლია. მისი პოტენციალი გვაიმედებს, რომ ლონდონში გიასგან მედალს უნდა ველოდოთ.
105 კილოშივე გამოდიოდა მსოფლიოს ჩემპიონატის ზუგდიდელი დებიუტანტი დავით გოგია, რომელმაც წლეულს 23-წლამდელთა ევროპის პირველობაზე მე-2 ადგილი დაიკავა. მსოფლიოს ჩემპიონატზე იგი მე-14 ადგილზე გავიდა და 12 ქულა მოგვიტანა, რაც ურიგო შედეგი როდია. ბოლო ცდაზე მან 208-კილოგრამიანი შტანგაც აკრა ყველა წესის დაცვით, მაგრამ მსაჯებმა, რატომღაც, არ ჩაუთვალეს. თუმცა ეს წონა საბოლოო შედეგზე გავლენას ვერ მოახდენდა.
მძიმე წონაშიც ორი ათლეტი ასპარეზობდა - ირაკლი თურმანიძე (აჭარა) და ლაშა ტალახაძე (საჩხერე). ირაკლიმ შარშან ანტალიაში 400 კილოგრამს მოუყარა თავი, პარიზში კი ორი კილოგრამით ნაკლები მოაგროვა და მე-12 ადგილით 14 ქულა შეგვძინა. ტალახაძეს 180 კილოგრამის ატაცებისას კუნთი დაეჭიმა, ამიტომ აკვრაში თავს მხნედ ვერ გრძნობდა. მე-2 ცდაზე 207-კილოგრამიანი შტანგა დაიმორჩილა, მესამე ცდის გამოყენებაზე მწვრთნელებმა შეიკავეს თავი - ვერ გარისკეს. არადა, ლაშას საქართველოს ჩემპიონატზე 217 კილოგრამი აქვს დაძლეული.
85 კილოგრამ წონით კატეგორიაში ძალებს ცდიდა ქუთაისელი რაულ ცირეკიძე, რომელიც პეკინის ოლიმპიადის მონაწილეა. მე-15 ადგილი და 11 ქულა - ასეთია ამჯერად ცირეკიძის მონაგარი.
პარიზულ ფიცარნაგზე კიდევ ერთი ქუთაისელი სპორტსმენი გამოვიდა - ახალგაზრდა ძალოსანთა წლევანდელი ევროპის პირველობის მეორე პრიზიორი გიორგი ლომთაძე (69 კგ). მან აკვრაში საწყისი წონა ვერ დაძლია და უადგილოდ დარჩა.
აქვე მინდა დავძინო, რომ პარიზის სალიცენზიო მსოფლიოს ჩეპმპიონატმა, რომელიც, ჩვენდა გასაკვირად, ძალიან ცუდად იყო ორგანიზებული, პლანეტის 81 ქვეყნის 327 ძალოსან ვაჟს მოუყარა თავი. ამგვარ კონკურენციაში მე-20 ადგილი და ოლიმპიადის სამი საგზური, ვფიქრობ, საპატიო შედეგია.
ჩვენს სპორტსმენებს დასასვენებლად დრო არ რჩებათ. 4-დან 26 დეკემბრამდე ეროვნული ნაკრები პოლონეთშია მიწვეული, სადაც 8 სპორტსმენი სამკვირიან საწვრთნელ შეკრებას გაივლის. 28 დეკემბერს ქუთაისში ისინი სამგზის ოლიმპიური ჩემპიონის კახი კახიაშვილის სახელობის ტურნირში იასპარეზებენ. 5-დან 25 იანვრამდე კი ისევ პოლონეთს მიაშურებენ. ლონდონში წამსვლელთა ვინაობა კი გაისად - ოლიმპიურ თამაშებამდე ორი თვით ადრე ეროვნულ ჩემპიონატზე გაირკვევა.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"