ქართველი ძალოსნები - შედეგები სარეკორდო, იმედები საოლიმპიადე

AutoSharing Option
წელს 6-16 აპრილს თურქეთი ძალოსანთა ევროპის ჩემპიონატს უმასპინძლებს. ამ შეჯიბრებაზე საქართველოს ნაკრების მწვრთნელი ვანო გრიქუროვი ჩვენებურთაგან მხოლოდ სამი სპორტსმენის გაყვანას აპირებს. ესენი არიან - რაულ ცირეკიძე (85 კგ), ალუდა მანაგაძე (105) და მძიმეწონოსანი ირაკლი თურმანიძე.

ისინი ნაკრების სხვა წევრებთან ერთად დუშეთის ოლიმპიური მზადების ცენტრში ვარჯიშობენ. ზოგიერთი ათლეტი სპეციალური გეგმით ლონდონის ოლიმპიური თამაშებისთვის ემზადება.

დუშეთის ბაზა 9 მარტს საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს და ძალოსნობის ფედერაციის მესვეურებმა მოინახულეს, საჩვენებელ ვარჯიშს დაესწრნენ.

"დღევანდელ საკონტროლო პაექრობებს ჩვენთვის დიდი მნიშვნელობა ჰქონდა - ფაქტობრივად,
განვლილი მუშაობა უნდა შეგვეჯამებინა და რეალურად გვენახა, რა შეგვიძლია.

შედეგებით კმაყოფილი ვარ, რადგან პერსპექტივა აშკარად ჩანს. რამდენიმე სპორტსმენმა ისეთი შედეგები აჩვენა, რამაც სამომავლოდ იმედი ჩაგვისახა.

ლონდონის ოლიმპიადაზე სამი ძალოსნით გამოვალთ. დღეისთვის მათი მომზადების დონე დამაკმაყოფილებელია. თამაშებამდე ჯერ კიდევ დიდი დროა და კორექტირების საშუალება გვექნება", - თქვა ვანო გრიქუროვმა.

"ნაკრების მთავარი მწვრთნელის გადაწყვეტილებით, წლეულს ევროპის ჩემპიონატზე არ ვიასპარეზებ, რაც მართებულად მიმაჩნია, რადგან ტრავმის ალბათობა გამოირიცხება. გეგმის მიხედვით განვაგრძობ ვარჯიშს. დღეს პირად რეკორდს გადავამეტე. ოლიმპიადამდე დარჩენილ 5 თვეში, ვფიქრობ, შედეგებს გავზრდი", - კმაყოფილია გია მაჭავარიანიც.

ირაკლი სამყურაშვილი, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს დეპარტამენტის უფროსი: "ძალოსანთა ნაკრები მონდომებით ემზადება როგორც ოლიმპიური თამაშებისთვის, ისე ევროპის ჩემპიონატისთვის. დღევანდელმა ვარჯიშმა დაგვარწმუნა, რომ ჩვენს ბიჭებს დიდი პოტენციალი აქვთ - დასტურად მათ მიერ ნაჩვენები პირად და საქართველოს რეკორდებზე მაღალი შედეგები გამოდგება. ეს კი გვაფიქრებინებს, რომ ჩვენი ძალოსნები ლონდონის ოლიმპიადაზე მაღალი შედეგებისთვის ბრძოლას შეძლებენ".

რამაზ გურგენიძე, ძალოსნობის ეროვნული ფედერაციის გენერალური მდივანი: "მართალი გითხრათ, გაოცებული ვარ ჩვენი ბიჭების წინსვლით. დღეს მათ პირადი მიღწევები ერთბაშად რამდენიმე კილოგრამით გააუმჯობესეს. მაგალითად, გია მაჭავარიანმა 190 კილოგრამი აიტაცა და 228 კილოგრამი აკრა და ორჭიდში (418 კგ) უწინდელ საკუთარ რეკორდს 9 კილოთი გადაამეტა.

ირაკლი თურმანიძემ, რომელიც წლეულს ევროპის ჩემპიონატზე გამოვა, 195 კილო აიტაცა და 228 კილო აკრა, რაც ორჭიდში მის უწინდელ მიღწევაზე 10 კილოთი მეტია.

დავით გოგიამ დღეს პირველად აიტაცა 180 კილო. თუმცა აკვრაში შედარებით მოკრძალებული იყო - 207 კილოგრამი, არადა, ორი კვირის წინათ კი 5 კილოთი მძიმე შტანგა ასწია. პერსპექტიული ახალგაზრდა სპორტსმენია და მისგან წარმატებებს ველით.

უნიკალური მაჩვენებლებით გვაოცებს სახელოვანი ქართველი ძალოსნის - კობა ტალახაძის ვაჟი ლაშა ტალახაძე. რამდენიმე დღის წინათ საკონტროლო ვარჯიშზე მან 190 კილო აიტაცა და 220 კილო აკრა, დღეს კი ატაცში 192 კილო დაძლია.

რაულ ცირეკიძემ ატაცში 6 კილოთი უკეთესი შედეგი აჩვენა - 167 კილო, აკვრაში 203-კილოგრამიანი შტანგა დაიმორჩილა. უფრო დიდ წონაზე მწვრთნელმა არ მიუშვა, რადგან იგი ევროპის ჩემპიონატზე უნდა გამოვიდეს და რისკს მოერიდა.

ასევე კარგი შედეგები ჰქონდათ ეროვნული ნაკრების წევრ ალუდა მანაგაძეს, ახალგაზრდებს - ზურაბ თავაძეს, ბაჩანა ქუხილავას, იკა ცანავას, თემურ პერტაიას, დავით ხარატაშვილს. მათგან ღირსეულ ცვლას ველით".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული